დღის ახალი ამბები

"დოროყაშვილის საკუთრებაში 3 მილიონის ქონება გადავიდა" - ნახეთ რა ქონებას ფლობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

"დოროყაშვილის საკუთრებაში 3 მილიონის ქონება გადავიდა" - ნახეთ რა ქონებას ფლობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, უკვე წელიწად–ნახევარია, რაც ალიმენტს აღარ იხდის. ახლა კი ერთადერთ შვილს, სახლსაც ართმევს.

ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ კი ეს ბრალდებები უარყო. მან ტელე "იმედის" ეთერში ამ საკითხებზე ისაუბრა და საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაც წარადგინა, რითაც საზოგადოებას განუმარტა, რომ ჩოგბურთელი თავისი შვილის და ყოფილი მეუღლის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს არ ამბობს.
"ჯერ არცერთ სასამართლოს არ უმსჯელია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა, თუმცა ის ამ სიტყვებით უკვე არაერთხელ მოიხსენიეს, რაც ძალიან სამწუხაროა. ტურნირის ოფიციალურ გვერდზე, ამასთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე ქართველები წერდნენ, რომ ის მოძალადე იყო და შეშფოთებას გამოთქვამდნენ თუ როგორ დაუშვეს ის ამ გათამაშებაში. აღნიშნული ჩვენ გადავამოწმეთ და ვიცით თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდებიან ეს ადამიანები.
მინდა გამოვეხმაურო ამ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს, რომ თურმე ნიკოლოზი საკუთარ შვილს ბინას ართმევს, არ იხდის ალიმენტს და ა.შ. მათ პირადი სივრცე გამოიტანეს და მამა–შვილის ურთიერთობა საჯარო გახადეს. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ ამ ფაქტით დაინტერესდეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მამის და შვილის ურთიერთობა დაამძიმონ.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილს ამ საკითხებზე საუბარი არ სურს, მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას რეალობა ვამცნო. ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ დაწერეს, რომ ბასილაშვილი შვილს ბინას ართმევს.
პრაქტიკულად, ნიკოლოზი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან ერთად არ ცხოვრობენ. განქორწინებამდე დოროყაშვილმა ქონებრივი სასამართლო დავა წამოიწყო. ბასილაშვილს კი არ სურს, რომ შვილთან და მის ყოფილ მეუღლესთან ამ დავაში იმყოფებოდეს. ის თვლის, რომ ვალდებულია შვილი და მეუღლე უზრუნველყოს. ამიტომ ამ დავაში შესვლაზე უარი თქვა და გაფორმდა მორიგების აქტი. იმ ეტაპზე, როცა ეს პროცესი განიხილებოდა, ბასილაშვილის სახელზე არსებული ყველა ქონება, გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე და მისი ჩამონათვალი სამ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ქონება N1 გახლავთ უძრავი ქონება ჭავჭავაძის ქუჩაზე. სრულიად უზრუნველყოფილი სახლი. ავეჯით და საპარკინგე ადგილით გადაუფორმდა ნელი დოროყაშვილს. გარდა ამისა, აჩუქა ძვირადღირებული ავტომობილი და გადაუფორმა კომერციული ფართი გოგებაშვილზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 300 000–ზე მეტია და გაქირავებულია ათი წლის იჯარით და აქედანაც ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარიანი შემოასვალი გააჩნია ბავშვს და დედას.
მორიგების აქტში ეწერა, რომ ბასილაშვილს უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი, საიდანაც 15 000 ივნისის თვეში გადაიხადა , ხოლო 85 000–ის გადახდა მოხდა დეკემბრის თვეში.
რაც შეეხება ალიმენტს. იმის გამო, რომ მას შემოსავალი ჰქონდა და ერთჯერადი კომპენსაციაც გადახდილი იყო, ქალბატონი დოროყაშვილი ალიმენტზე საერთოდ არ საუბრობდა. სასამართლოს მხრიდან არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონ ნიკოლოზს ალიმენტის გადახდა დაკისრებული აქვს. ამის მიუხედავად, მას გასული წლის თებერვლის თვიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩარიცხული აქვს 7500 ლარი და ეს დოკუმენტებითაც გვაქვს დადასტურებული. 
ნიკოლოზი ხშირად უცხოეთში იმყოფება და ამის გამო, შვილთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ამის გამო, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი ბინა გადაეფორმებინა, ოღონდ არ შექმნოდა შვილთან პრობლემა და მან ნამდვილად შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ სანამ ეს ბინა აღირიცხებოდა ქალბატონი დოროყაშვილის სახელზე, ნელიმ უჩივლა ბასილაშვილის დედას და მის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ანუ დაარღვია პირობა. ამიტომ ბასილაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა არის გარემონტებული და დაკეტილი ქობულეთის ქუჩაზე და როცა მისი შვილი გახდება 18 წლის, მას უშუალოდ აჩუქებს. მან ასევე თქვა, რომ თანახმაა აღნიშნული ბინა გაქირავდეს, შეიქმნას ანგარიში ბავშვის სახელზე და მას ამ ანგარიშზე შემდეგ გარკვეული თანხა დახვდეს. 
აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის შვილს ქონებას ართმევს და ალიმენტს არ იხდის, თუმცა ალიმენტზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს, ძალიან უხერხულია და ცუდია, რომ ქალბატონი ბაია პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა–შვილის ურთიერთობა. გამოდის, რომ პატარაია და აბაშიძე ზრუნავენ ნიკოლოზის შვილზე და თავად ნიკოლოზი არ ზრუნავს მასზე. ამ ისტორიაში ვინ არის გულწრფელი, გამოჩნდა ბასილაშვილის იმ მიმართვიდან, რომელიც მან იმ ტურნირის მოგების შემდეგ გააკეთა", – ამბობს ირმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც მან თავის შვილს მიმართა და უთხრა, რომ ძალიან უყვარს და მისთვის ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია.

წყარო: croco.ge





გაზიარება
მოინახულეს 4 121-ჯერ
კომენტარები
რეკლამა