ნადალი მონტე კარლოს მეფეა

მსოფლიო ჩოგბურთი 23-აპრ, 14:209 Sportnews 1471 1





რაფაელ ნადალი მონტე კარლოს რაფაელია. ბოლო რვა სეზონში ესპანელი იმპრესიონისტის გამოფენა არ კარგავს მუღამს. ნადალის ტილოებზე დადიან, რაფაელს ხედავენ და კითხულობენ. ესპანელი მონტე კარლოში სასიამოვნო, მონატრებული ნიავია. იმ ნიავს მოაქვს. რაღაც ახალი, ჩვენი მოაქვს, ნადალის ჩოგბურთში აგრესია მონატრებით და ლტოლვით იფარება. ესპანელმა მასტერსის ბოლო დღეს, ფინალში კიდევ ერთი შედევრი დატოვა. რაფაელიც შედევრია.

ნადალი რეიტინგის მეორე ნომერია. მონტე კარლოში რეიტინგი არ მოსულა, იქ ესპანელი ურეიტინგო ბიჭია. ნოვაკ ჯოკოვიჩი ასტონ მარტინების და პიჟონური ოლიგარქიის უბანში რეიტინგით ჩადის და ნადალი იქ ერთობა. ესპანელმა ერთ კვირაში ბევრი მოასწრო და რაფაელმა ბოლო ტესტი ფრიადოსანი ჰარვარდელივით ჩააბარა. იცოდა, რომ ყველა კითხვაზე მშვიდად, ნადალურად უპასუხებდა და უფრო გამომცდელი აიჭრებოდა, ვიდრე ის, რაფაელი. ფინალში ესპანელმა ჯოკოვიჩს 6:3, 6:1 დაუსვა. სერბისთვის უხერხულად უხერხული ანგარიში.

ნადალს მონტე კარლოს ბოლო აკორდამდე ჯოკოვიჩთან შვიდი გარჩევა აქვს წაგებული. სხვებთან ესპანელი (კარიერით) შვიდ სეტს არ აგებს და ჯოკოვიჩთან შვიდი გარჩევა წააგო. მონტე კარლოში ეს სერია დაიხურა და ნადალის სერია მიდის. ზედიზედ რვა გრემი, რვა ოსკარი მამაკაცის როლში საუკეთესოდ შესვლისთვის. და იქ დარჩენისთვის. ნადალი ამ როლში ერთხელ შევიდა და დარჩა. როგორც ალ პაჩინო მიკელე კორლეონეში. იქ ხელოვნური, მარიო პიუზოს და ფრენსის ფორდ კოპოლას დონია. ნადალი გრუნტის, რეალური, ესპანელი დონია.

ნადალი: „ნოვაკთან წარუმატებელი სერიის დასრულება აუცილებელი, მნიშვნელოვანი იყო. სასიამოვნოა ტურნირის მერვედ მოგება. ყველა ტურნირის მოგება გრჩება, შენია, მაგრამ მონტე კარლო განსაკუთრებულია. დღეს არაჩვეულებრივი დღე იყო.“

25 წლის ნადალში ჩოგბურთი დიდი დოზით დარჩა. რაფაელი ჯეიმს ჰეთფილდის რიფინგივით საინტერესოა. ჰეთფილდის თემა კლასიკური არითმია და ჭკვიანი, ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი ლირიკაა. ჰეთფილდის Creeping Death შენია და სულ გრჩება, არ მიგატოვებს, გვირაბის ბოლოში სანთელს დაგიჭერს და დაგელოდება. Let it be written, let it be Done, თქვა ჯეიმსმა. მოსახდენი უნდა მოხდეს. ნადალიც იგივე თემაა. მოსახდენი უნდა მოხდეს და ესპანელსაც მოაქვს.

მონტე კარლომდე ნადალს 19 მასტერსი აქვს მოგებული. როჯერ ფედერერსაც. მონტე კარლოს შემდეგ ნადალი როჯერზე ფედერერი გახდა. შარშან, როჯმა როლან გაროს როიალურ გრუნტზე ჯოკოვიჩის ალტერნატივა სტრავინსკის არითმიით დაშალა. ნახევარფინალში დაშალა. ფინალში, ბოლო გასაუბრებაში ფედერერს რაღაც კითხვებზე პასუხები დაავიწყდა, კონსპექტები გასადხელში დარჩა. ნადალმა როლან გარო (მეექვსედ) მოიგო და იმ ფინალის მერე ვერ იგებდა. ფინალებს ვერ იგებდა. ნადალი ფინალში ჯოკოვიჩზე გადიოდა და სერბმა ერთ სეზონში შვიდჯერ აჭრა ესპანელი მასტიფი. სისხლდენა ხანგრძლივი იყო. ამინდის ცვალებადობაზე ნადალის დაღლილი და გაკერილი სხეული დღესაც ლოლიტასავით კვნესის.

ნადალის 20 მოგებული მასტერსი ბევრია. უფრო მეტი, ვიდრე ფედერერს. უფრო მეტი, ვიდრე პიტ სამპრასს. უფრო მეტი, ვიდრე სხვას. ნადალიც ბევრია. რაფაელი ერთია და კორტზე გასვლის შემდეგ იშლება. ერთ რაფაელს ბევრი მაქს პეინივით მოაქვს, ყველაფერს ასწრებს. თუ Resident Evil მილა იოვოვიჩის გარეშე წავა, ცუდ და დაავადებულ პერსონაჟებს რაფაელი გადახსნის. ჩოგნით.

ნადალი: „გრუნტის სეზონის მონტე კარლოში, ფინალის მოგებით დაწყება არაჩვეულებრივია. აქ თამაში მიყვარს და აქ ბევრი რაღაც გამომდის. ალბათ, სხვაზე უფრო მიმართლებს. ბოლო ოთხ თამაშში მაღალი დონის ჩოგბურთი მქონდა. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.“

ესპანელმა მთელი კვირა სეტის წაუგებლად დაფარა. Damn electric, man.

ნადალმა ნოვაკს პირველი ბრეიქი მესამე გეიმში გაუკეთა. ჯოკოვიჩმა მარცხნიდან შეცდომა დაუშვა. ესპანელმა მეშვიდე გეიმშიც თითქმის დააბრეიქა სერბი. ჯოკოვიჩთან თითქმის არ მოსულა და სერბმა ის გეიმი დაიტოვა. ნადალმა სეტის მეცხრე გეიმში დახურა თემა. 6:3. ჯოკოვიჩმა პირველი სეტი წინა გარჩევებში, უკრაინელ პანკთან, ალექს დოლგოპოლოვთან და ჩეხ ტომაშ ბერდიხთან წააგო. მერე დამშვიდდა და ორ–ორი სეტი აიღო. ნადალი ჯოკოვიჩზე მშვიდი იყო. ეგრევე მოაგვარა ყველაფერი და სერბი არააქტუალურია. Vamos!

მეორე სეტში რაფაელს მაგრად ეჩქარება. ნადალის ლაზერული ჩოგბურთი შლის სერბის ნარჩენებს. სერბმა ერთი გეიმი აიღო. ესპანელმა 79 წუთში 6:3, 6:1 დაარემიქსა ძველი თემები და საჩოგბურთო მუზეუმში კიდევ ერთი ტილო დარჩა – „ნადალის ღიმილი“. ჯოკონდაზე ცოტა აგრესიული და უფრო ესპანური, ემოციური, ჩვენი.

ჯოკოვიჩი: „პირველ სეტში რაფაელმა ყველა შანსი გამოიყენა. ეგ არი რა, მეტი არაფერი... ვერ დავღალე, პრობლემები ვერ შევუქმენი. უბრალოდ, ბურთი კორტის მეორე მხარეს გადამქონდა. რაფაელი იდეალური იყო. ვფიქრობდი თუ არა იმ სერიაზე, ნადალთან ზედიზედ შვიდ მოგებაზე? არა. ამ კონკრეტული თამაშის მოგება მინდოდა და არ გამოვიდა. ხდება ხოლმე.“

მონტე კარლოს ბოლო ეტიუდამდე ჯოკოვიჩს წელს ავსტრალიის ღია პირველობა (ფინალში ნადალს აარტყა) და მაიამის მასტერსი (სლაი სტალონესავით ერთჯერად ენდი მარისთან) აქვს მოგებული. შარშან სერბი უფრო ბევრს და არარეალური განწყობით იგებდა. ეს ჯოკოვიჩი ცოტა დაღლილი, გაცვეთილია. სერბი იშიფრება. მონტე კარლოს ამბების დროს სერბს სერბეთიდან ცუდი ამბავი ჩამოუვიდა. ნოვაკს ბაბუა გარდაეცვალა. ბაბუების წასვლა ემოციურად უემოციოს გხდის. ნოვაკიც უემოციო იყო. განწყობით და ჩოგბურთით უემოციო.

ჯოკოვიჩი: „პრობლემები ყველას გვაქვს და პირადული კორტზე გასვლამდე, გასახდელში უნდა დატოვო. ან შენში გადადო და როცა თამაში მორჩება, მერე დაფიქრდე, რა და როგორ უნდა ყოფილიყო. ჩემი ტრაგედია სუფთა პირადულია. რაფაელი დღეს ყველა ვარიანტში მოიგებდა.“

რაფაელ ნადალი მონტე კარლოს რაფაელია. ბოლო რვა სეზონში ესპანელი კრიმინალის გამოფენა არ კარგავს მუღამს. ნადალის ტილოებზე დადიან, რაფაელს ხედავენ და კითხულობენ. ესპანელი მონტე კარლოში სასიამოვნო, მონატრებული ნიავია. იმ ნიავს მოაქვს. რაღაც ახალი, ჩვენი მოაქვს, ნადალის ჩოგბურთში აგრესია მონატრებით და ლტოლვით იფარება. ესპანელმა მასტერსის ბოლო დღეს, ფინალში კიდევ ერთი შედევრი დატოვა. რაფაელიც შედევრია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 23-აპრ, 14:45

საღოლ ნადალას, მართლაც მონტე კარლოს მეფეა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018