Image

ანა ტატიშვილი პირველ ჩოგანთან დამარცხა

ქართული ჩოგბურთი 18-იან, 12:169 Sportnews 3155


ანა ტატიშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკის მეორე სეტში 4:1-ს უგებდა, შემდეგ 5:3-ზე აწოდებდა და 5:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც წარუმატებლად გაისარჯა და ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდის მატჩი 1:6, 6:7 (4:7) წააგო.

მატჩზე საუბარი მეორე სეტიდან შემთხვევით არ დაგვიწყია. ქართულ-დანიური დაპირისპირების საწყის სეტში კაროლინის უპირატესობა აშკარა გახლდათ, რის შემდეგაც ანამ საგრძნობლად მოუმატა და სახელოვან მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა.

ტატიშვილმა რამდენიმე ჩინებული გათამაშება მოიგო, თუმცა, დასანანი შეცდომების დაშვებაც მოასწრო, ყველაზე მეტად კი სუსტმა მოწოდებამ დააღალატა, რის გამოც, ორი ბრეიკის განხორციელება სეტის მოსაგებად არ ეყო. შედარებისთვის ვთქვათ, რომ ანა საშუალოდ 152 კმ/სთ სიჩქარით აწოდებდა, კაროლინის ანალოგიური მაჩვენებელი კი – 173 კმ/სთ გახლდათ.

ანა ტატიშვილი პირველ ჩოგანთან დამარცხა


მიუხედავად ამისა, ქართველი გოგონა მაინც შექებას იმსახურებს. ქალთა საჩოგბურთო რეიტინგში 83-ე ადგილზე მყოფი ტატიშვილისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთან (რეიტინგის მიხედვით, თორემ ვოზნიაცკის საუკეთესობა ბევრ კითხვას ბადებს) ტოლსწორად ჩატარებული თუნდაც ერთი სეტი მიღწევას წარმოადგენს და სამომავლოდ, გარკვეულ იმედებს გვისახავს.

რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელიც. ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 70%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 49% (24 49-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 57% (12 21-დან) მოიგო. ანას მეტოქეზე ერთით მეტი “ვინერსი” (20:19) ჰქონა, უნებლიე შეცდომებში კი მოწინააღმდეგეს საგრძნობლად გადააჭარბა – 44:24.

ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ მოუწოდებია (ვოზნიაცკის 9 ეისი ჰქონდა), მეტოქის მსგავსად 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება ოთხჯერ (9 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 6-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მატჩში, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა (აქედან მეორე სეტზე საათი და 21 წუთი მოდის), ჯამში ანამ 63 ქულა მოიგო, ვოზნიაცკიმ კი – 83.

“აუსტრალიან ოუფენის” მეორე წრეში გასვლით, ტატიშვილმა 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მორიგი წინსვლა ელის, ახლა კი, მთელს ყურადღებას წყვილთა გათამაშებაზე გადაიტანს. ხვალ დილით, მეხუთე კორტზე, ტურნირის პირველ რაუნდში, ტატიშვილი და ბელორუსი ანასტასია იაკიმოვა მე-8 განთესვის მქონე სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასა და პოლონელ აგნეშკა რადვანსკას გაეჯიბრებიან, საწყისი წრის დაძლევისთვის კი 160 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (171)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა