გადაწყვეტილია! 5 ივნისს საქართველოს ნაკრები დანიას ამხანაგურად გაეჯიბრება... მორტენ ოლსენმა თემურ ქეცბაია გაიხსენა...

გადაწყვეტილია! 5 ივნისს საქართველოს ნაკრები დანიას ამხანაგურად გაეჯიბრება... მორტენ ოლსენმა თემურ ქეცბაია გაიხსენა...

21-04-2013, 12:48

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საფრანგეთთან თბილისში გამართავს. დიდიე დეშამის გუნდთან საშინაო შეხვედრამდე, „ჯვაროსნებს“ ორი ამხანაგური მატჩი უკვე დაგეგმილი ჰქონდათ და მესამე ამხანაგური თამაშის ჩატარებაც გადაწყდა.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დანიის ეროვნული გუნდი უმასპინძლებს. უკვე გადაწყვეტილია ის, რომ დანია–საქართველოს ამხანაგური შეხვედრა ქალაქ ოლბორგში, „ნორდისკ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:15 სთ–ზე დაიწყება. საგულისხმოა ის, რომ დანიის ეროვნული გუნდი ამ არენაზე საშინაო შეხვედრებს იშვიათად მართავს. „ნორდისკ არენაზე“ დანიელებმა ბოლოს, 2010 წლის 27 მაისს სენეგალის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლეს და ის მატჩი 2:0 მოიგეს.
დანიის ნაკრებს ქვემოთ დავუბრუნდეთ, მანამდე კი ჩვენი ნაკრების უახლოესი 3 ამნანაგური მატჩის ჩამონათვალს გადავავლოთ თვალი:

02 ივნისი 2013 წელი. დუბლინი.
ირლანდია – საქართველო

05 ივნისი 2013 წელი. ოლბორგი.
დანია – საქართველო

14 აგვისტო 2013 წელი. თბილისი.
საქართველო – ყაზახეთი

ისევ ჩვენს მეტოქე დანიელებს დავუბრუნდეთ. ფიფას მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ, აპრილის თვის რეიტინგში, არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და სომხეთის შემდეგ, უგანდისა და ესტონეთის წინ, საქართველო 91–ე ადგილზეა. დანია კი საფრანგეთისა და ბრაზილიის შემდეგ, ბოსნიისა და განის წინ, მე–20 ადგილზეა. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დანიელი მორტენ ოლსენია, რომელმაც დანიურ პრესასთან კომენტარში საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩზე ისაუბრა და „ჯვაროსანთა“ გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაიაც ახსენა.

„მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას, 11 ივნისს შინ სომხეთთან გავმართავთ. ამ თამაშამდე 6 დღით ადრე კი ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, სომხებთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებთან პაექრობა დიდად წაგვადგება, რადგან საქართველო და სომხეთი მეზობლები არიან და თითქმის ერთნაირი საფეხბურთო კულტურა აქვთ. თუმცა, ქართველთა ნაკრების სათამაშო სტილი სომხეთისაზე ოდნავ განსხვავებულია. საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის, რომელიც ევროპაში თამაშობდა და შემდეგ მწვრთნელობდა და იქ მიღებული გამოცდილება სამწვრთნელო საქმიანობაში გადაიტანა“, – ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტელ ოლსენმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით