ჩეხი, როსიცკი და ბაროში მთელი ძალების დახარჯვას აპირებენ

ჩეხი, როსიცკი და ბაროში მთელი ძალების დახარჯვას აპირებენ

12-06-2012, 17:11

საბერძნეთისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები, ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში თავიდანვე აუტსაიდერებად იყვნენ შერაცხულები და პირველ ტურში დაფიქსირებულ შედეგებს ბევრი არაფერი შეუცვლიათ მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთმა მასპინძელ პოლონეთთან ქულა აიღო.
საბერძნეთი რომ წარმატებული სტარტის მიუხედავად მაინც ჯგუფის ატუსაიდერთა შორის შედის, ამის ერთ-ერთი მიზეზი სანტუშის გუნდში არსებული საკადრო პრობლემებია. პირველ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო, დღევანდელ მატჩს ცენტრალური მცველი პაპასტატოპულოსი გამოტოვებს. ტრავმის გამო, ევროპირველობას დაემშვიდობა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ავრაამ პაპადოპულოსი. ცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ტრავმა მიიღო გეორგიოს ფოტაკისმაც და მისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ შეხვედრიან და ჩეხებს დიდი უპირატესობა აქვთ. მათი გამარჯვებით 5 თამაში დასრულდა, 2-ჯერ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ხოლო ერთხელ ბერძნებმა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ჩეხებმა გუნდებს შორის გამართული პირველ ხუთ შეხვედრაში იმარჯვეს და ყველა მათგანი გასულ საუკუნეში. 21-ე საუკუნეში, საბერძნეთი და ჩეხეთი ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2 თამაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო ერთში, ბერძნებმა 1:0 იმარჯვეს. ეს ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოხდა, როდესაც დამატებით ტაიმში, ჩეხების კარი დელასმა აიღო. დღევანდელი შემადგენლობებიდან, იმ შეხვედრაში მონაწილეობა კარაგუნისმა, კოსტას კაცურანისმა, ჩეხმა, ბაროშმა და როსიცკიმ მიიღეს.
საბერძნეთსა და ჩეხეთს შორის გამართული ბოლო მატჩები იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ბევრი გოლი არ გავა. უკანასკნელ სამ შეხვედრაში, გუნდებმა მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხეს, ისიც დამატებით ტაიმში.

12 ივნისი, 20:00
საბერძნეთი-ჩეხეთი
ვროცლავი, “მუნიციპალი”
სავარაუდო შემადგენლობები
საბერძნეთი (4-3-3): ხალკიასი, ტოროსიდისი, კაცურანისი, კირიაკოს პაპადოპულოსი, ჰოლებასი, მაკოსი, მანიატისი, კარაგუნისი, ფორტუნისი, სალპინგიდისი, სამარასი.
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი, სელასიე, სუჩი, სივოკი, კადლეცი, პლაშილი, ჰიუბშმანი, პეტრჟელა, როსიცკი, პილარი, ბაროში.
მსაჯია: სტეფან ლენუა (საფრანგეთი)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით