ყრილობა - მთავარი მესიჯები ჩემპიონატის გარშემო

ყრილობა - მთავარი მესიჯები ჩემპიონატის გარშემო

12-06-2012, 23:09

სტანდარტული პროცედურების შემდეგ, რაც შეეხებოდა წინა ყრილობის ოქმის, აუდიტის დასკვნის, ფინანსური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებას, ყრილობამ სფფ-ის ახალ წევრებად საფეხბურთო კლუბები - მარტვილის „მერანი“, გორის „დილა“ და „გაგრა“ მიიღო. შედეგად, ხმის უფლების მქონე სუბიექტების რიცხვი 32-დან 35-მდე გაიზარდა. ამ საკითხთან მიმართებაში შევიდა მცირე ცვლილება სფფ-ის წესდებაშიც.
სფფ-ის აღმასკომში არსებულ ვაკანსიებზე კი, სულხან გოგიბერაშვილი (აჭარის რფფ) და გიორგი აბესალაშვილი (იმერეთის რფფ) დაამტკიცეს.როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ხანგრძლივი მსჯელობა და დებატები საქართველოს XXIV ჩემპიონატის სტრუქტურის დამტკიცების პროცედურას უძღოდა წინ. სიტყვით გამოვიდნენ და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებმა. პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის თაობაზე თითქმის ყველა შეთანხმდა და იქვე გადაწყდა, რომ კლუბების ხელმძღვანელები სპორტის მინისტრთან ერთად სფფ-ის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბებიან; წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, ხედვებს, იდეებს, რომლებიც სფფ-ის პოზიციასთან შეჯერდება. ასე რომ, მომავალ შიდასაფეხბურთო სეზონს, სავარაუდოდ, უკვე პროფლიგა გაუძღვება. ამ შეხვედრაზევე იმსჯელებენ მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის სისტემაზეც. ყრილობაზე კი, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კვლავ 12-გუნდიანი იქნება.
ყრილობაზე დამატებით საკითხად დადგა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის - რომან ფიფიას წინადადება, აღმასკომში კერძო კლუბების წარმომადგენლების შეყვანის თაობაზე, თუმცა, ეს მოსაზრება მხოლოდ 13-მა სუბიექტმა გაიზიარა და შესაბამისად, წინადადება არ გავიდა.
ყრილობის დასრულების შემდეგ, სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყრილობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის მოკლე რეზიუმე გააკეთა.
სფფ-ის პრესსამსახური. მოგვაწოდა:gff

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით