Image

GFF Awards 2012 - ის ტრიუმფატორი გურამ კაშია გახდა!

ფეხბურთი / საქართველო 28-დეკ, 21:179 Dark Dante 1870


26 დეკემბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის ახალ ვიპ-სპორტ კაფეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

წვეულებას ქართული საფეხბურთო სამყაროს არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა - მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ქართული კლუბების ხელმძღვანელები და სპორტული მედია.

როგორც არაერთხელ ვწერდით, საღამოზე წლის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა გამოვლენილიყვნენ - 2012 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი (ინტერნეტ-გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის), საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა და ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზი - ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვერსიით, 2012 წლის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი.

საღამოს ტრიუმფატორი ჰოლანდიური არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია გახდა, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა თავის რჩეულად დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3300- ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რისთვისაც თითოეულ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას. გულშემატკივრის რჩეულს, კუთვნილი პრიზი შოთა არველაძემ გადასცა. რაც შეეხება მეორე პრიზს, ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო - „ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი 2012“, გურამ კაშიას სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ გადასცა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და ხმა მომცა. ძალიან გახარებული ვარ და უპირველესად, ეს ჩემთვის დიდი პატივია. რაც შეეხება მეორე ჯილდოს, ეს სრული მოულოდნელობა იყო და ჯერაც გაოგნებული ვარ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამხელა დაფასებისთვის. ძალიან კარგია, რომ ეს ტრადიცია კვლავ არსებობს და ფეხბურთელების შრომა ფასდება. ბედნიერი ვარ, რომ წლის საუკეთესოს ტიტულს ვატარებ“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გურამ კაშიამ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი, ფეხბურთის სპეციალისტებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, თბილისის „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერი ჩისკო გახდა. ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა ლიდერი, სეზონის დასრულებისთანავე სამშობლოში გაემგზავრა; ამიტომ, მისი კუთვნილი ჯილდო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა - ალექსანდრე ჩივაძემ „დინამოს“ მმართველ დირექტორს - გიორგი ტყავაძეს გადასცა. სფფ-ის პრესსამსახურმა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთსო ფეხბურთელი გამგზავრებამდე ჩაწერა და ჩისკოს სამადლობელი სიტყვა დამსწრე საზოგადოებამ დარბაზში არსებულ ეკრანებზე იხილა. ამ გამოკითხვაში, მეორე ადგილზე ჯაბა დვალი გავიდა, მესამე ადგილი კი, „დინამოს“ კაპიტანსა და კარის დარაჯს - გიორგი ლორიას ერგო. სულ გამოკითხვაში 30 ნომინანტი იყო დასახელებული.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს. ეს ჯილდო პოლონური „იაგელონიას“ ქართველ შემტევს - ნიკა ძალამიძეს გადაეცა. ახალგაზრდა ფეხბურთელი სფფ-ის საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა - მურთაზ ხურცილავამ დააჯილდოვა. მეორე ადგილზე, თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი და 1995 წელს დაბადებულთა ნაკრების კაპიტანი - ნიკა ჭანტურია გავიდა. მესამეზე კი, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემტევი - ლუკა ზარანდია. გამოკითხულებმა არჩევანი 20 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის გააკეთეს.

„დიდი მადლობა ყველას, მადლობა ფედერაციას. ეს ჯილდო და საერთოდ, გამარჯვება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ვეცდები, უფრო მოვუმატო და დავამტკიცო, რომ საუკეთესოთა შორის ადგილს მართლა ვიმსახურებ და რომ ამ ჯილდოს ღირსეული მფლობელი ვარ “ - განაცხადა ნიკა ძალამიძემ.

დაჯილდოებასთან ერთად, სფფ-ის პრესსპიკერმა და საღამოს წამყვანმა - ოთარ გიორგაძემ განვლილი წელიც შეაჯამა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რაც 2012 წელს ქართულ ფეხბურთში მოხდა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]