გონსალო იგუაინი

ფეხბურთელების მონაცემები 28-თებ, 20:299 STEVEN 1272 0





სრული სახელი და გვარი: გონსალო ხერარდო იგუანი
დაბადების თარიღი: 1987 წლის 10 დეკემბერი
დაბადების ადგილი: ბრესტი, საფრანგეთი
სიმაღლე: 184 სმ.
ამპლუა: თავდამსხმელი, გარემარბი.
ახალგაზრდული კლუბები: 1996-2005 რივერ პლეიტი
საკლუბო კარიერა: 2005-2007 რივერ პლეიტი 33(13)
2007- რეალი 37(5)

ტიტული: ლა ლიგა 2007,2008

——————————რივერ პლეიტი—————————————-
გონსალო 9 წლის გახლდათ, როცა რივერ პლეიტის საბავშვო საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს. მის გარდა, რივერმა გონსალოს ძმა, - ფედერიკოც აიყვანა, რომელიც ახლა ბეშიქთაშის ღირსებას იცავს.
იგუანი ბრესტში დაიბადა და 1 წლის წინ ამ ფაქტმა დიდი სკანდალიც გამოიწვია, რომელსაც ჩვენც შევეხებით, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. გონსალო 3 წლის გახლდათ, როცა იგუანების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში დაბრუნდა. რეალის ფეხბურთელს ბურთის თამაში ადრინდელი ასაკიდანვე შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. იგუანი თანდათან უფრო იხვეწებოდა, რივერის ახალგაზრდულ გუნდში არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში რივერის მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადმოიყვანეს.
იგუანის დებიუტი რივერ პლეიტის რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, ხიმნასია ლა პლატას წინააღმდეგ. გონსალო ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, რივერი 1-2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუანმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მომდევნო სეზონი იგუანმა საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს ოლიმპოსთან მატჩში დუბლიც შეასრულა. ახალგაზრდა არგენტინელი დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუანი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა ეპოვა, და საბოლოოდ ამდენი ექსპერიმენტის შემდეგ იგუანს ადგილი მარცხნივ მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა. სხვათაშორის ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, იგუანს “არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობსონის მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს, გარდა ამისა იგუანი ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელია, ის ბურთს მუდამ საჭირო ადგილას ხვდება, - ეს სიტყვები კი დანიელ პასარელას ეკუთვნის.
და აი დადგა, 2006 წლის 8 ოქტომბერი… არგენტინა სუპერკლასიკოს მოლოდინში გაიტრუნა. საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები მორიგი საფეხბურთო სანახაობის მოლოდინში იყვნენ. ეს მატჩი თავიდანვე 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი რივერის ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი ბოკას წამყვანი ფებხურთელი, ფერნანდო გაგო გახლდათ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუანის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ბოკა სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუანმა შეასრულა. რაც შეეხება მის ვიზავის, ფერნანდო გაგოს, მან მართალია რივერელი ვერ დაკეტა, თუმცა ცუდად ნამდვილად არ უასპარეზია.
ამ მატჩის შემდეგ იგუანმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. განსაკუთრებით მილანი აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. ჩელსი, მანჩესტერი, ლაციო, მილანი, პსჟ და რეალი, - გონსალომ არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა.
რეალმა იგუანი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ, თუმცა პიპიტა(იგუანის მეტსახელია) ზაფხულში რომ ეყიდა, აშკარად უფრო იაფად გამოვიდოდა. რადგან რივერის პრეზიდენტმა, ხოსე მარია აგილარმა იგუანის მსურველ ევროპულ კლუბებს, რომლებიც ზაფხულში აპირებდნენ გონსალოს ყიდვას, შეუთვალა, იგუანს მხოლოდ ზამთარში მოგყიდით და იმასაც იმდენ მილიონად, რამდენ გოლსაც ეს ფეხბურთელი დეკემბრამდე გაიტანსო. მარსელის ოლიმპიკმა, რომელიც იგუანის ყიდვას ზაფხულში აპირებდა, რივერს შეუთვალა, ეგ თქვენი იგუანი არც ისე მაგარია, როგორც თქვენ თვლით, და ამიტომ ჩვენ ისევ სამირ ნასრის გუნდში დატოვება გვირჩევნიაო. ლივერპულის ინტერესებს სამხრეთ ამერიკაში, ფრანკ რაიკაარდის ძმა, ხერმანი, იცავს და ამ მეტად უცნაურ წინადადებაზე განაცხადა, კაცი ფეხბურთში დავბერდი და ასეთი რამე ჯერ არ მსმენიაო. Mმოკლედ, ამ მეტად სასაცილო შეთავაზებისგან ევროპულმა კლუბებმა თავი შორს დაიჭირეს. რეალი ზამთარს დაელოდა. თავად განსაჯეთ, ზაფხულში ბლანკოსი აგილარის წინადადებას რომ დათანხმებულიყო და მასთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება მიეღწია, იგუანი რეალში, ზამთარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 9 მილიონ ევროდ გადავიდოდა და რეალიც 4 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებდა, თუმცა მადრიდელებს არც 13 მილიონი უჭირთ. მოკლედ, რეალმა პიპიტა ოფიციალურად 2006 წლის 13 დეკემბერს გაიფორმა.
———————-მადრიდის რეალი—————————-
“დიდებულია, როცა შანსი გაქვს ითამაშო ისეთ დიდ გუნდში, როგორიც რეალია. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სამეფო კლუბმა ყურადღება მომაქცია და მადრიდში თამაშის შანსი მომცა” – ასეთი გახლდათ იგუანის პირველი სიტყვები რეალის ფეხბურთელის რანგში.
იგუანის დებიუტი პრიმერაში სარაგოსას წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 14 იანვარს. გონსალომ დიდებულად იასპარეზა. გარდა იმისა, რომ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, ფლანგებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და არც მეტოქე გუნდის მცველების მოტყუებას “ერიდებოდა”. განსაკუთრებით სტუმართა კაპიტანს, გაბრიელ მილიტოს გაუშრო სისხლი, რომელსაც 3-ჯერ ბურთი თავზე გადაუგდო და 2-ჯერ ფეხებს შორისაც გაუტარა.
იგუანმა თავი არც შემდეგ თამაშებში შეირცხვინა, თუმცა ხალხმა მისი კრიტიკა მაინც დაიწყო. მიზეზი საკმაოდ ბანალური გახლდათ, - იგუანს გოლი ვერ გაჰქონდა. კრიტიკოსებს და ფანებს გონსალომ პასუხი პირველად 24 თებერვალს გასცა, როდესაც მადრიდულ დერბიში, ატლეტიკოს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა და რეალს ქულა გადაურჩინა. აი მისი მეორე გოლი კი უკვე ცალკე სალაპარაკო თემაა და მას დაწვრილებით ისტორიული მატჩების ქრონიკაში გაეცანით, სადაც რეალი-ესპანიოლის მატჩი უფრო დაწვრილებით გვაქვს აღწერილი. იგუანმა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა ესპანიოლს, თანაც 89-ე წუთზე და ბლანკოსს საჩემპიონო შანსები შეუნარჩუნა. მოკლედ, გონსალომ გაიტანა ცოტა გოლი, თუმცა როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო, მაშინ. დაახლოებით ანალოგიური ხასიათის გოლები გააქვს რეალის მეორე ფეხბურთელს, მამადუ დიარას, - ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი.
მოკლედ, იგუანმა თავისი სათქმელი იმ სეზონში თქვა და ფაბიო კაპელოს დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 2 გოლი და 5 საგოლე პასი. პიპიტას კარგად ეხერხება საგოლე პასების გაკეთებაც. გარდა ამისა, ის ჯარიმებსაც კარგად ურტყამს, თუმცა ჯერჯერობით რეალში ამის საშუალება არ მისცემია. საგოლე პასებს რაც შეეხება, ამ მხრივ გონსალომ განსაკუთრებით კარგად ბარსელონასთან “იმუშავა”. ამ მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. და აღსანიშნავია, რომ იგუანმა ერთ დროს ძირითადიდან თვით რობინიოც ამოაგდო, რომელსაც ფაბიო კაპელო რატომღაც არ სწყალობდა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ის სატრასფერო ჭორი, რომლის მიხედვითაც, თითქოს, რობინიო იუვენტუსში აპირებდა გადასვლას და რეალი მის ნაცვლად იგუანს იტოვებდა, თუმცა ესეც მორიგი სატრასფერო ჭორი გამოდგა.
2007 წლის ზაფხულში კი გუნდში ბერნდ შუსტერი მოვიდა, რომელმაც გუნდიდან ხოსე-ანტონიო რეიესი გაუშვა და არჩევანი იგუანის სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა აგვისტოში გერმანელმა სპეციალისტმა კვლავ მოითხოვა უმაღლესი კლასის გარემარბის გადაბირება და ფლორენ მალუდასა და რიკარდო კვარეზმას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, მადრიდელებმა არიენ რობენი გადაიბირეს.
მიმდინარე სეზონში იგუანი მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთი ასპექტი მაინც დახვეწა, - მას გოლები შედარებით მეტი რაოდენობით გააქვს: ალმერიასთან შეცვლაზე, საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი და მეორე გოლი უელვასთან მატჩში, ასევე საკმაოდ ლამაზად, ვარდნაში. მიუხედავად ყველაფრისა, შუსტერი აცხადებს, რომ იგუანს კვლავ ენდობა და ადრე თუ გვიან მას შანსს აუცილებლად მისცემს. ეს შანსი გონსალოს შეიძლება ამ დღეებშიც მიეცეს, როცა რეალი სამეფო თასზე, მალიორკას შეხვდება, ფანები ამ მატჩისთვის უკვე გამალებით მოითხოვენ ძირითადში იგუანისა და როისტონ დრენტეს ყოფნას, რომელიც ასევე სათადარიგოთა სკამზე ზის, და თანაც უკვე დიდი ხანია…

———————-ეროვნული ნაკრები—————————–
ამ თემაზე შეიძლება ცალკე სტატიაც დაწერილიყო, მაგრამ მე ვეცდები ყველაფერი მოკლედ და კონკრეტულად მოგიყვეთ. მაშინ როცა იგუანი რივერში ბრწყინავდა და არგენტინელებიც ახალი ვარსკვლავის ნაკრებში გამოძახების მოლოდინში იყვნენ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი სადღაც ფეხბურთელის ნათესავს შეხვდა და გაარკვია, რომ გონსალო საფრანგეთში იყო დაბადებული. შედეგად მომდევნო სანაკრებო შეხვედრაზე იგუანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს…
გონსალომ უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ არგენტინის ეროვნული გუნდის ფორმას მოირგებს. რაც შეეხება ამ სკანდალს, ყველაფერში “დამნაშავე” ფეხბურთელის მამა, ხორხე იგუანი გახლავთ, რომელიც გონსალოს დაბადებისას “ბრესტში” თამაშობდა და ამიტომ დაიბადა რეალის ფეხბურთელი საფრანგეთში.
ჯერჯერობით გონსალო ნაკრებში არ გამოუძახებიათ, თუმცა მალე ალბათ ეგ პრობლემაც მოგვარდება. და კიდევ, წელს ერთერთმა ცნობილმა არგენტინულმა საფეხბურთო ჟურნალმა გამოკთხვა ჩაატარა. კითხვა კონკრეტული და უშუალო გახლდათ – იგუანი თუ აგერო. მოულოდნელად ამ გამოკითხვაში რეალის ფეხბურთელმა იმარჯვა და თანაც საკმაოდ სოლიდური უპირატესობით: 64%-34%.
მოკლედ, იმედი ვიქონიოთ, რომ იგუანი ადრე თუ გვიან ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდება და რეალის წამყვანი ფეხბურთელის როლსაც შეითავსებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018