იტალია ნახევარფინალში (პენ. 2:4)

იტალია ნახევარფინალში (პენ. 2:4)

25-06-2012, 11:07

ეს იყო პირველი შეხვედრა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნულოვანი ფრეთი დასრულდა და მაინც, ფეხბურთი ეს იყო - ნამდვილი ფეხბურთი, თავისი დრამატიზმით და დაძაბულობით.

ფეხბურთი მხოლოდ გოლები არაა, რაც ინგლისელებმა და იტალიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ტაქტიკა/სტრატეგია
ორივე მწვრთნელმა 4-4-2 ტაქტიკა აირჩია. აი, სტრატეგია კი როი ჰოჯსონსა და ჩეზარე პრანდელის რადიკალურად განსხვავებული ჰქონდათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ როიმ უფრო იტალიურად ათამაშა შეგირდები, ვიდრე ჩეზარემ - ინგლისი უკნიდან ირჯებოდა, იტალიამ კი მთელი თამაში შეტევებში გალია და სრულ სათამაშო თუ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს და შეგიძლიათ ჩახედოთ კიდეც - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აპენინელებმა 35-ჯერ (!) დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და იქიდან 20 ჩარჩოში წავიდა.

შესაბამისად, ხან ინგლისელთა კიპერი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც თვითონ იტალიელები სცოდავდნენ.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე დაახლოებით 10-12 წუთი რჩებოდა, როდესაც პრანდელიმ ანტონიო კასანო მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად მოედანზე ალესანდრო დიამანტი შეუშვა - ანუ გუნდი 4-5-1-ზე გადააწყო და მიუხედავად ამისა, იტალიელთა ტერიტორიულ-სათამაშო უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

რაც შეეხებათ ინგლისელებს, ჰოჯსონმა მეორე ნახევარში ტრადიციული ცვლილებები გააკეთა: ვოლკოტი-ქეროლის ტანდემი ჩართო თამაშში, მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი მოიგო; ერთი ეგ იყო, ჯო ჰარტის მიერ შესრულებული თავისუფალი დარტყმებისას ქეროლი მეტოქე შუახაზელებს საჰაერო ორთაბრძოლებისას ჯაბნიდა.

ზუსტად ვერ გეტყვით, სურდა თუ არა ბრიტანელთა თავკაცს, რომ ინგლისელები ასე დაჩაგრულიყვნენ მოედნის ცენტრში, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელებმა თამაშით მეტოქეს აჯობეს.

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეა პირლო (იტალია)
ძალიან კარგად ითამაშა რიკარდო მონტოლივომ, განსაკუთრებით, მატჩის ძირითად დროში; კარგი იყო ფედერიკო ბალცარეტი მარცხენა ფრთაზე და ინაციო აბატე მარჯვენაზე; თუნდაც დანიელე დე როსი - მოედნის შუაგულში;

გადამწყვეტ მომენტში ჯანლუიჯი ბუფონმა უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანი აიღო და პირველ ტაიმშიც ერთი ისეთი გამოაძრო, სიტყვით რომ რთული გადმოსაცემია.

საოცრად კარგად, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა ჯონ ტერიმ და დიდწილად სწორედ მისი დამსახურება გახლდათ, რომ თამაში თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

დამაინც, საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო უნდა დავასახელოთ, რომელიც ისე მოხდენილად და თავისუფლად დაათრევდა ბურთს მოედნის მთელ პერიმეტრზე, თითქოს საკუთარ ეზოში ეთამაშებოდა უბნის ბავშვებს.

მოკლედ, პირლო გენიოსია.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი
მარიო ბალოტელი (იტალია)
მარიო ბალოტელის რომ ბოძებული შანსებიდან ერთი მაინც გამოეყენებინა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე ნამდვილად არ მივიდოდა.

პირველ ტაიმში ერთი ისეთი მომენტი გააცუდა, რომ ესპანელებთან მისი უცნაური ბორიალი გაგვახსენდა, როდესაც მცველი წამოეპარა და კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, 120 წუთი არ გაჩერებულა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ჰქონდა. მის მაგივრად რომ მოედანზე, ვთქვათ, კრისტიან ვიერი ყოფილიყო, იტალიის ნაკრები მეტოქეს, მინიმუმ, ორ გოლს გაუტანდა.

მსაჯი
პორტუგალიელმა პედრო პროენკამ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა და არც მის ასისტენტებს დაეწუნებოდათ რამე. ბევრ რთულ ეპიზოდში მიიღეს ზუსტი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მოგვცეს იმის თქმის საშუალება, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მსაჯობა საკმაოდ მაღალ დონეზეა.

განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი ანტონიო ნოჩერინოს მიერ გატანილი გოლის გაუქმებაა - “მილანის" შუახაზელი სულ რამდენიმე სანტიმეტრით თუ იქნებოდა წინ უკანასკნელ მცველზე, თუმცა ლაინსმენმა ყველაფერი იდეალურად განჭვრიტა.

მწვრთნელების დუელი
თუ ჩეზარე პრანდელიმ შეგირდები შეტევაზე დაგეშა და თუ როი ჰოჯსონმა პირიქით, აქცენტი დაცვაზე გააკეთა, მაშინ გამოდის, რომ თამაში ორივე მწვრთნელის მიერ ჩაფიქრებული სცენარით წარიმართა და ამ მხრივ, სრული იდილია და ჰარმონია იყო. ანუ პრანდელის ბიჭებს გოლი უნდა მოემწიფებინათ და ისე შეეგდოთ, ბრიტანელები კი ამის გაკეთებას კონტრშეტევებით ცდილობდნენ.

მოკლედ, თუ ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო - ფეხბურთელებს მწვრთნელთა დავალებების იდეალურად შესასრულებლად მხოლოდ გოლები დააკლდათ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ძნელია, მწვრთნელთა დუელში გამარჯვება რომელიმე მათგანს მივანიჭოთ - და მაინც, არა გვგონია, ინგლისელებს ასე ყრუ დაცვაში ჯდომის სურვილი ჰქონოდათ; ალბათ, მაინც აიძულეს.

ანალიზი
როდესაც ერთი გუნდი მეტოქის კარის მიმართულებით 35-ჯერ დაარტყამს, ათამდე რეალურ საგოლე მომენტს შექმნის და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლითაც დაჩაგრავს მეტოქეს, გამარჯვებაც მას ეკუთვნის.

ინგლისელებს ნახევარფინალში გასვლას ნამდვილად არავინ დაამადლებდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იტალიის ნაკრებმა უკეთესი ფეხბურთი ითამაშა და მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა.

აპენინელთა შექმნილი მომენტების აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ბურთი მუდმივად ინგლისელთა საჯარიმოში და მის შემოგარენში ტრიალებდა. მოედნის ცენტრში ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, დანიელე დე როსი და რიკარდო მონტოლივო ბატონობდნენ, ფლანგებიდან კი ინაციო აბატე და ფედერიკო ბალცარეტი ძალიან მწვავედ ერთვებოდნენ იერიშებში.

საერთოდ, სურათი არც შეცვლაზე შესულებს გაუფუჭებიათ - მაგალითად, არჩათვლილი გოლი სწორედ მათ შექმნეს, როდესაც კრისტიან მაჯომ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და ანტონიო ნოჩერინომ ბადეში გაახვია.

მოკლედ, იტალიამ აჯობა მეტოქეს და ნახევარფინალში ძველ, კარგ ნაცნობს: გერმანიას დაუპირისპირდება.

დასკვნა
ფეხბურთი ეს იყო: დაძაბული, დრამატული და ძალიან საინტერესო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი
კიევი. ოლიმპიური სტადიონი
ინგლისი-იტალია 0:0 დ.დ. 0:0 პენ: 2:4 (იხილეთ ვიდეო)
ინგლისი (4-4-2): ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - პარკერი (94. ჰენდერსონი), ჯერარდი, იანგი, მილნერი (61. ვოლკოტი) - რუნი, ველბეკი (60. ქეროლი).

იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე (90. მაჯო), ბარცალი, კიელინი, ბალცარეტი - პირლო, დე როსი (80. ნოჩერინო), მონტოლივო, მარკიზიო - კასანო (78. დიამანტი), ბალოტელი.

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(4)-35(20); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 70 000

თერთმეტმეტრიანები
გაიტანეს: ჯერარდი, რუნი - ბალოტელი, პირლო, ნოჩერინო, დიამანტი.

გააფუჭეს: იანგი, კოული - მონტოლივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით