ესპანეთმა ისტორია გადაწერა

ესპანეთმა ისტორია გადაწერა

2-07-2012, 11:32

ევრო 2012 დასრულებულია, ბებერ კონტინენტს დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს - ესპანეთის ნაკრები - გუნდი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია გადაწერა; გუნდი, რომელმაც პირველმა შეძლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება, პირველმა გააკეთა უცნაური და საოცარი "ჰეთ თრიკი" - ზედიზედ სამი დიდი ტურნირი მოიგო.

ფინალში ესპანელთა უპირატესობა ძალზე დამაჯერებელი იყო, ფინალის ანგარიში კი - რეკორდული.

მომდევნო ოფიციალურ მატჩს ეს დიდი გუნდი 11 სექტემბერს გამართავს.

თბილისში შეხვედრამდე!

ესპანეთმა ისტორია გადაწერა


ტაქტიკა/სტრატეგია
ვისენტე დელ ბოსკემ
გადაწყვიტა ცრუ ცენტრფორვარდით თამაში. სასტარტო შემადგენლობაში ამჯერად სესკ ფაბრეგასი ვიხილეთ. არ გამართლდა ზოგიერთის ვარაუდი, თითქოს მწვრთნელი ჩავის სასტარტოს მიღმა დატოვებდა და ინიესტას სიღრმეში დახევდა. მსგავსიც არაფერი მომხდარა.

ჩეზარე პრანდელის 11-ეულიც ადვილად გამოსაცნობი იყო. აბატე გამოჯანმრთელდა და, ბუნებრივია, დაიბრუნა ადგილი მარჯვენა ფლანგზე.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ ესპანური არმადას წინააღმდეგ პრანდელის აქცენტი გრძელ გადაცემებზე ჰქონდა გაკეთებული, კასანოსა და განსაკუთრებით, ბალოტელის იმედად.

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

ჩვენი და ოფიციალური წყაროს შეფასება ემთხვევა - ესპანეთის ნაკრებში ბევრმა ითამაშა ძალიან კარგად - იკერ კასილიასმა, ჩავიმ, დავიდ სილვამ, სხვებმაც, მაგრამ საუკეთესო მაინც ინიესტა იყო, რომელიც ყველაზე იოლად ამწვავებდა სიტუაციას მეტოქის კართან, რომლის ბურთის მიღება და პრობლემები იტალიელთა დაცვაში ერთი იყო.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება
კლაუდიო მარკიზიო (იტალია)

შეუმჩნეველი მთელი 90 წუთის განმავლობაში. ის, დე როსი და მონტოლივო ესპანელმა ვიზავებმა, უბრალოდ, "გადაყლაპეს".

მსაჯი
პორტუგალიელმა არბიტრმა პედრო პროენშამ ამ სეზონში მეორე დიდი ფინალი იმსაჯა - ევროპის ჩემპიონატის ფინალი მან ჩააგდო!

ვფიქრობთ, მას შეეძლო, პირველ ტაიმში ჟერარდ პიკესთვის არ მიეცა ყვითელი ბარათი, რადგან კასანოსთან ორთაბრძოლაში ესპანელმა ბურთზე ითამაშა.

მაგრამ გაცილებით დიდი შეცდომა მან მეორე ტაიმის დასაწყისში დაუშვა, როცა რამოსი ურტყამდა, ბონუჩი აშკარად ხელით თამაშობდა. 100%-იანი პენალტი რომ დანიშნულიყო, ფინალი უკვე 50-ე წუთზე დაკარგავდა ინტრიგას.

უკვე, როცა იტალიის ნაკრები 10 კაცის ამარა თამაშობდა, ბალძარეტიმ აშკარად ხელი ჰკრა სერხიო რამოსს, მაგრამ მსაჯის სასტვენი ისევ დუმდა.

მწვრთნელების დუელი
ვისენტე დელ ბოსკემ
პირწმინდად მოუგო ვიზავი ჩეზარე პრანდელის.

პრანდელი ნაწილობრივ დამნაშავეც კი არის, რომ იტალიამ ბოლო ნახევარი საათით 10 კაცით ითამაშა, რადგან მეორე და მესამე ცვლილებები ძალიან ადრე გააკეთა. მაშინ, როცა ტრავმის გამო გუნდმა უკვე პირველ წუთებში დაკარგა ფეხბურთელი, ბოლო ცვლილების 56-ე წუთზე გაკეთება დანაშაულის ტოლფასია.

თუკი ესპანეთის ნაკრებმა 4 ბურთის სხვაობით მოიგო, მწვრთნელთა დუელში უფრო დიდი ანგარიშით სხვაობა დაფიქსირდა.

ესპანეთმა ისტორია გადაწერა


ანალიზი
თამაში გავყოთ ეპიზოდებად. დასაწყისზე უკვე მოგითხრეთ "ტაქტიკა/სტრატეგიის" ქვეთავში. რა გამოვიდა აქედან? ესპანეთმა ისევე მოიპოვა ბურთი, როგორც სხვა მეტოქეებთან მატჩში. ამასთან, გუნდი უფრო შემტევი ვექტორებით ასრულებდა ტრადიციულ "ტიკი ტაკას".

ვფიქრობთ, აქ დაიმსხვრა ტურნირის განმავლობაში შეძენილი იტალიური თავდაჯერება. "ფურია როხამ" "სკუადრა აძურა" ფსიქოლოგიურად შეაშინა - აჩვენა, რომ ის ისევ ის ესპანეთია, რომლისაც უნდა გეშინოდეს.

გოლი კი ასე დაიბადა - მე-14 წუთზე ბურთი ალვარო არბელოამ მიიღო, გადააწოდა ჩავის, რომელმაც ინიესტა მოძებნა. ანდრესმა ფაბრეგასის მოძრაობა დაინახა მარჯვენა ფლანგზე. ბარსელონელმა იოლად აჯობა მეტოქის მცველებს და ჩააწოდა. საჯარიმოში კართან ახლოს მყოფმა ტანდაბალმა დავიდ სილვამ ბუფონის კარი დალაშქრა.

რაც ამის შემდეგ მოხდა, იშვიათი ხილია, როცა "ფურია როხა" თამაშობს. იტალიამ "ბრჭყალები გამოაჩინა", თანაც როგორი! მართალია, 100%-იანი საგოლე მომენტები არ შექმნილა, მაგრამ იკერ კასილიასის კართან "ჩამოცხა". დელ ბოსკეს გუნდი უხეშობაზეც კი გადავიდა! ესპანელებმა კი ბურთზე კონტროლი დაკარგეს. ეს გაგრძელდა სადღაც 15-20 წუთი.

შემდეგ კი ისევ "ტიკი ტაკამ" იმარჯვა, რომლის მეორე ფაზასაც მეორე გოლი მოჰყვა ბუფონის კარში. "აძურა" ახლა მეორე ფლანგიდან გაირღვა. ჩავის გენიალურმა პასმა ხორდი ალბას ოქროს შანსი მისცა და "ვალენსიადან" "ბარსელონაში" 14 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა მცველმაც ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯიჯის შანსი არ დაუტოვა - 2:0.

ღირსშესანიშნავი მომენტი იყო, როცა კასილიასმა დი ნატალეს ახლოდან დარტყმული ბურთი აუღო. იმ პერიოდშიც იტალია სჯობდა ესპანეთს.

თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კი ახლად შემოსულმა ტიაგო მოტამ კუნთი გაიწყვიტა და იტალია 10 კაცის ამარა დარჩა...

ესპანეთმა ისტორია გადაწერა

ოქროს ბუცი

ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)

"ელ ნინიომ" ბოლო 15 წუთი ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სწორედ ბოლო საგოლე პასმა ფერნანდო ტორესს "ადიდასის ოქროს ბუცი" დაუბევა, როგორც ჩემპიონატის ბომბარდირს.

ტორესის ანგარიშზე 3 გოლია, ისევე, როგორც კიდევ ხუთი მისი კონკურენტის ანგარიშზე, მაგრამ საგოლე პასი მხოლოდ მას და მარიო გომესს აქვთ გაკეთებული.

საქმე წუთებზე მივიდა, ტორესმა კი გერმანელზე მთელი საათით ნაკლები ითამაშა და პრიზიც მისია.

დასკვნა
ალალი და უსაყვედურო - "ფურია როხას" გამარჯვება - ამ ტურნირზე ესპანეთის ნაკრების ტოლ-სწორი გუნდი, უბრალოდ, არ იყო. ამიტომაც კიდევ 4 წელიწადი ევროპის ჩემპიონი ეს გუნდი იქნება...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ფინალი
01.07. კიევი. ოლიმპიური
ესპანეთი-იტალია 4:0 (იხილეთ ვიდეო)
ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა (59. პედრო), ფაბრეგასი (75. ტორესი), ინიესტა (86. მატა).

იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (21. ბალძარეტი) - დე როსი, პირლო, მარკიზიო, მონტოლივო (56. მოტა) - კასანო (46. დი ნატალე), ბალოტელი.

გოლები: 1:0 სილვა (14), 2:0 ალბა (41), 3:0 ტორესი (84), 4:0 მატა (88)

გაფრთხილება: პიკე - ბარძალი

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-11 (9-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 68 000


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ
კასილასი: ”ჩვენ ყოველთვის გაგვაკრიტიკებენ”
დელ ბოსკე: იტალია რთული მეტოქე იყო

# 133ავტორი: iventusi
ცენზურა დაიცავი iventusi
# 52ავტორი: vano.t
აბა რაა გიო ცჰვენი ელ ნინიოო მგელიიი
# 4ავტორი: gio.gio
ტორესი მაგარია!ჩემი ელ ნინიო.
# 2783ავტორი: Sportnews
მაგარი ესპანეთი, მართლაც საოცარი რამ გააკეთეს, წარმოუდგენელია ეს ვინმემ გაიმეოროს

--------------------

# 52ავტორი: vano.t
რაულიტო საღო მომეწონა ეს სტატია ყოჩაღ ელ ნინიოოო ჩემი ტორესი ხო გახდა ბომბარდირიიიიი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით