დღის ახალი ამბები

კვარა სეზონის მეფედ დაასახელეს - ხვიჩა იტალიურმა მედიამ კიდევ ერთხელ აღიარა

კვარა სეზონის მეფედ დაასახელეს - ხვიჩა იტალიურმა მედიამ კიდევ ერთხელ აღიარა
5-05-2023, 12:14

აწ უკვე იტალიის სამგზის ჩემპიონ "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურმა მედიამ სეზონის მეფედ დაასახელა.

გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Corrieredellosport-მა 10-ქულიანი სისტემით ამ სეზონში ნაპოლის ფეხბურთელები შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო - 10.

"საუკეთესო 5 ფეხბურთელი? ეჰ, რთული ამოცანაა, იმ სეზონში, როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა. რთულია აირჩიო საუკეთესო 5 ფეხბურთელი იმ სეზონში, სადაც ყველამ მოლოდინებს გადააჭარბა.

არსებობს სეზონის მეფე და ეს ნორმალურია: ყველამ იცის, ვინ არის. დანარჩენები კი ისინი არიან, რომლებმაც თავისი როლი შეიტანეს გუნდის წარმატებაში. ეს სეზონი დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ და არამხოლოდ ნეაპოლში.

მისი უდიდებულესობა, სეზონის MVP - ხვიჩა კვარაცხელია. საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა ისეთივე მარტივია, როგორც მისი დრიბლინგი. მისი ისტორია დისნეის ზღაპარს იმსახურებს: ოდესღაც აქ ინსინიე ცხოვრობდა, რომელიც ერთ დღეს მიდის. ჩამოდის ქართველი, რომელზეც ამბობენ, რომ ის კარგია და ნაკრებშიც ბრწყინავს, მაგრამ რომელიც არც ისე პრესტიჟული ბათუმის დინამოდან მოდის. ჯუნტოლის მისი სჯერა, სპალეტი კი პირველ ვარჯიშებზე ამოწმებს.

პირველი ოფიციალური გოლისთვის 37 წუთი დასჭირდა. 37 წუთი. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 37 წუთში დაბანას ვერ ასწრებენ. 37 წუთში მან მსოფლიოს უთხრა: "გამარჯვება ნებისმიერი გზით შემიძლია". და კი, შემდეგ ასეც მოხდება.

კვარა სირთულეებს მარტივად უმკლავდება, ბურთს ისე ფლობს, როგორც ბრაზილიელი. მაშინაც კი, როცა რთული მეტოქეები ხვდებიან, რომლებიც ერთი შეხედვით მის შეჩერებას ახერხებენ, იმ მატჩებშიც ქმნის 3-4 მომენტს. მეტოქე გუნდის მწვრთნელები მის წინააღმდეგ მცველების რაოდენობას აორმაგებენ, მაგრამ ის გამოსავალს მაინც პოულობს. მათ, ვისაც მის წინააღმდეგ უწევთ თამაში, კვარა არასოდეს დაავიწყდებათ.

ამ სეზონში ტექნიკურ ლიდერად ქართველი ითვლება და არამარტო. ეს სკუდეტო ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ სეზონში, როცა ნაპოლი ახალ მაისურებს შეკერავს, მისი გვარი - კვარაცხელია, მკერდთან ყველაზე ახლოს უნდა ეწეროს".
წყარო: croco.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 555-ჯერ
კომენტარები
რეკლამა