Image

დინამო (თბ)-საბურთალო 4:0 - რესურსი საკმარისზე მეტია

საქართველო 31-აგვ, 15:019 Sportnews 805


















წინა სეზონის მსგავსად, თბილისის "დინამომ" ამჯერადაც ზედიზედ სამი მოგებით დაიწყო ჩემპიონატი, თუმცა წლევანდელი სტარტი ბევრად უფრო შთამბეჭდავია! თავად განსაჯეთ: ზედიზედ მესამე მატჩია, "დინამოს" 4 გოლი გააქვს მეტოქეთა კარში და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გია გეგუჩაძის დამოძღვრილი გუნდის თამაშში საკმარისზე მეტი რესურსია.

აი, თუნდაც, შაბათის მატჩი ავიღოთ, რომელშიც დინამოელებმა, 4 გოლის გარდა, სხვაც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და, საერთოდაც, კომბინაციური თამაშითაც გამოირჩნენ.

წინა ტურთან შედარებით, ორივე გუნდის ძირითადში უმნიშვნელო ცვლილებები იყო: მასპინძელთა შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძემ და ოთარ კიტეიშვილმა, შესაბამისად, არჩილ ტვილდიანი და ჯაბა ჯიღაური ჩაანაცვლეს, სტუმართა შორის კი ცოტნე ნადარაია და ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოჩნდნენ გიორგი კოხრეიძისა და ლაშა თოთაძის ნაცვლად.

სხვათა შორის, სწორედ თოთაძის (რომელიც "საბურთალოში" სწორედ "დინამოდან" არის განათხოვრებული) არყოფნამ გარკვეულწილად, უარყოფითი როლი ითამაშა სტუმართა თამაშზე: ყოველ შემთხვევაში, ოთხიდან სამი გოლი "საბურთალომ" სწორედ დაცვის ცენტრიდან გაუშვა...

მატჩის დაწყებამდე დინამოელთა კაპიტან ალექსანდრე იაშვილს წინა სეზონიდან "გადმოყოლილი" პრიზი ("სეზონის დაბრუნება") გადაეცა, რომელიც კომპანია "ლიდერბეთმა" და გაზეთმა "ლელომ" დააწესეს.


ახალ სეზონში ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვეჭვობთ, ვინმემ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულ ვეტერანს!

"იაშკამ" ამჯერადაც გაიბრწყინა: მთელი თამაშის განმავლობაში უაღრესად მოტივირებული გახლდათ, ჩინებული და დიდოსტატური გადაცემებით პარტნიორები დასარტყამ პოზიციაზე გაჰყავდა, ორი საგოლე კომბინაციაც წამოიწყო და მერე "თავისი" გოლიც გაიტანა (თანაც, ურთულესი მდგომარეობიდან).

ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ მოახერხა 37 წლის იაშვილმა დასწრებაზე თამაში და ბურთის ... ქუსლით გადაგზავნა მეტოქის კარში, როცა შეცვლაზე აქტიურად შემოსული ბაჩანა არაბულის გამჭოლი გადაცემა დააგვირგვინა.

ეს იყო ამ მატჩის ბოლო გოლი, თუმცა მასპინძლებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის, ლაშა პარუნაშვილისა და იმავე იაშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

თავის მხრივ, ახალგაზრდული "საბურთალოც" ბევრს ეცადა პრესტიჟის გოლის გატანას, მაგრამ შეცვლაზე ასევე აქტიურად შემოსულ ირაკლი ბიძინაშვილსა და ცოტნე ნადარაიას არ გაუმართლათ, ხოლო ნოდარ იაშვილის შეუჩერებელი დარტყმა (საჯარიმოს გარედან) ეფექტური ნახტომით გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია.

სხვათა შორის, "დინამოს" ახალწვეული მეკარე (ისე, როგორც წინა მატჩში საქართველოს სუპერთასზე) ამჯერადაც საუცხოოდ გაისარჯა: მატჩის მიწურულს, ნოდარ იაშვილის ეპიზოდის მსგავსად, ბეგაშვილმა პირველ ტაიმშიც იყოჩაღა, როცა სტუმართა ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ჯაბა დვალის ძლიერი და ეშმაკური დარტყმა ლამაზი "სეივით" კუთხურზე მოიგერია.

ოდნავ ფრთხილი დასაწყისის მიუხედავად, მაინც სწრაფი გოლი ვიხილეთ: მეტოქის საჯარიმოსთან დანიშნულ "სტანდარტულს" გიორგი თევზაძე ასრულებდა, რომლის ძლიერად დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა "ცოცხალ კედელში" მყოფ "საბურთალოს" ფეხბურთელს და ახალგაზრდა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა.

ისე, როგორც "ლოკომოტივთან" მატჩში, 11-მეტრიანი ამჯერადაც აუღელვებლად და ზუსტად შეასრულა დინამოელთა ახალგაზრდა ლიდერმა მათე ცინცაძემ.

ამას სტუმართა გააქტიურება მოჰყვა და "საბურთალოს" შემადგენლობაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა გრიგოლ ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო იერიში, რომელიც მერე "ცაციათი" დარტყმით გაგრძელდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

სამაგიეროდ, შედეგიანი აღმოჩნდა მასპინძელთა მომდევნო გააზრებული კომბინაცია: შეტევა "იაშკამ" წამოიწყო, მარჯვენა ფლანგიდან იერიში ოთარ კაკაბაძემ გააგრძელა, ბოლო "აკორდი" კი გიორგი ქვილითაიასი იყო, რომელმაც ახლო მანძილიდან ეფექტური თავური დარტყმით სტუმართა ჭაბუკ მეკარეს, ბექა ქურდაძეს შანსი არ დაუტოვა.

ეს იყო გიორგი ქვილითაიას პირველი გოლი "დინამოს" მაისურით; თუმცა, ეს საინტერესო ცენტრფორვარდი მხოლოდ გოლს არ დასჯერდა და საკუთარი წვლილი შეიტანა თავის გუნდის მესამე გოლშიც. საგოლე კომბინაცია კი, რაღა თქმა უნდა, "იაშკამ" წამოიწყო, რომელმაც "მოჭრილი" დარტყმით მარჯვენა ფლანგზე გიორგი ქვილითაია მოძებნა, ამ უკანასკნელია გამჭოლ გადაცემას კი ამ მატჩის კიდევ ერთი ლამაზი ეპიზოდი მოჰყვა!

ჰო, ისე, როგორც ამ რამდენიმე დღის წინათ, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ამჯერადაც ჩინებული ოსტატობა გამოავლინა, სწრაფად და საზრიანად იმოქმედა და მართლაც ეფექტური გოლიც გაიტანა.

ამის მერე ზედიზედ ორჯერ ბექა ქურდაძემ იყოჩაღა, როცა ჯერ ოთარ კიტეიშვილს არ გაატანინა, შემდეგ კი - ვახტანგ ჭანტურიშვილს. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტუმრებმა მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს: გიორგი ჭიაბრიშვილს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა, როცა გურამ გოშთელიანმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო...

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
29.08. თბილისი. "დინამო არენა". 2000 მაყურებელი
დინამო (თბ)-საბურთალო 4:0
გოლები: 1:0 ცინცაძე (8-პენ), 2:0 გ. ქვილითაია (22. კაკაბაძის პასით), 3:0 ჭანტურიშვილი (54. ქვილითაიას პასით), 4:0 ა. იაშვილი (58. არაბულის პასით)
დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გ. თევზაძე - ჭანტურიშვილი, ცინცაძე (60. ჯანელიძე), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (66. ჯიღაური) - ა. იაშვილი, გ. ქვილითაია (55. არაბული).
სათადარიგოები: გ. გურული, ზ. ჭელიძე, ვოლკოვი, კულუა
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო (4-2-3-1): ქურდაძე - ნ. იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ნადარაია - ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (60. სოფრომაძე) - ჩაბრაძე, გოშთელიანი, ფანცულაია (60. ბიძინაშვილი) - დვალი (62. კოხრეიძე).
სათადარიგოები: შიხაშვილი, რუხაძე, ვაჭარაძე, ჩოჩიშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ხარაიშვილი (8), ნ. იაშვილი (45), ჭანტურიშვილი (45), მარგველაშვილი (78), ჯიღაური (82), არაბული (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (335)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა