U17 მინსკის ტურნირზე გაემგზავრა

საქართველო 20-იან, 13:489 Sportnews 2425 0






19 იანვარს, გამთენიას, მინსკში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი, რომელიც 22-27 იანვარს, საერთაშორისო რვაგუნდიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ თან შემდეგი 18-კაციანი შემადგენლობა იახლა:

მეკარეები: ნიკა შერმადინი, ალეკო ადამია (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, ნიკოლოზ ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), გიგა სამხარაძე („დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, აჩიკო მესხი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, თორნიკე მაჭავარიანი („დინამო“ თბილისი), ბექა მელიქიძე („მეტალურგი“, რუსთავი), ნიკოლოზ ახვლედიანი („ბაია“, ზუგდიდი), მათე ცინცაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), ივანე წილოსანი („დინამო“ თბილისი)

ოპტიმალურ შემადგენლობას მხოლოდ გუნდის კაპიტანი - გიორგი აბურჯანია აკლია, რომელიც ევროპაში იმყოფება სინჯებზე და ამჯერად, გუნდს ვერ დაეხმარება.

17-წლამდელები მინსკში, სასტუმრო „სპუტნიკში“ დაბინავდნენ. სტუმარი გუნდებიდან, ჯერ მხოლოდ საქართველოს ნაკრები იმყოფება ადგილზე. რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, ვასილ მაისურაძემ გუნდი იმ სპორტულ მანეჟში ავარჯიშა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ტურნირის მასპინძელი იქნება.

დახურულ დარბაზს უზარმაზარი სივრცე უკავია; ხელოვნურსაფარიანი მოედანი ბოლო თაობისაა და უმაღლესი დონის, რაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმაც ერთხმად აღნიშნეს.

პირველი ვარჯიში საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და საკმაოდ ტემპიანად წარიმართა. მოთელვების შემდეგ, მაისურაძემ ფეხბურთელები ბურთთან კარგა ხანს ამუშავა და ვარჯიში რამდენიმე კომბინაციის დამუშავებით დაასრულა.

17-წლამდელების თავკაცის თქმით, ეს ტურნირი მშვენიერი რეპეტიცია იქნება ჩვენი გუნდისთვის მარტში გასამართი ელიტრაუნდის მატჩების წინ და სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, მოთამაშეების რეალური შესაძლებლობები გამოსცადოს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 22 იანვარს, ბელორუსის ნაკრებთან გამართავს. ეს მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 23 იანვარს კი, ჩვენს გუნდს არანაკლებ რთული დაპირისპირება ელის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან - ბელგიის 17-წლამდე ნაკრებ გუნდთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ბელორუსის, ბელგიისა და ლატვიის გუნდები იქნებიან. B ჯგუფში არიან რუსეთის, ლიტვის, უკრაინისა და ფინეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018