უეფას თბილისური სემინარები დასრულდა

საქართველო 24-თებ, 02:049 Sportnews 1038 0





დასრულდა უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სემინარები, რომლის მასპინძლობის პატივიც წელს პირველად ჰქონდა საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას. მსგავსი მასშტაბის სემინარი, მთელ ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა.


ორდღიანი სემინარები სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობდა და მას უძღვებოდნენ უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი - ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი - ფილიპ რასმუსენი.


სემინარებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, 15 სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციები მონაწილეობდნენ - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, სერბეთი და უელსი. მონაწილეებმა განიხილეს უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები.


პირველ დღეს, სტუმრებს მიესალმა და სემინარები ოფიციალურად გახსნა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ. უშუალოდ სამუშაო პროცესში კი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მონაწილეებს გარკვეული პრაქტიკული დავალებების შესრულებაც მოუწიათ.


სემინარების მეორე დღეს, უეფას წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს. სფფ-ისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ქართული კლუბებისთვის და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიღება და გაზიარება.  


როგორც სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების ხელმძღვანელმა - ანდრეა ტრავერსომ განაცხადა, ის და მისი კოლეგები უაღრესად კმაყოფილები დარჩნენ სემინარების ორგანიზების დონით, რაც მათ ანგარიშშიც აუცილებლად აისახება და ამის შესახებ საგანგებო სტატია უეფას ყოველთვიურ ჟურნალშიც გამოქვეყნდება. იმედია, სფფ-ს კიდევ არაერთხელ მიეცემა საშუალება მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლოს, რისი წინაპირობაც აშკარადაა ეს ორდღიანი, წარმატებული სემინარები.


23 თებერვლის საღამოს, სემინარები ოფიციალურად დასრულდა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმაც უკვე დატოვეს თბილისი.


სფფ-ის პრესსამსახური





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018