საქართველო
საქართველომ ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 2012 წლის სეზონი ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო.


მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა და „ჯვაროსნებისთვის“ საკმაოდ რთული და დრამატიზმით აღსავსე გამოდგა. ჩვენთვის, ალბანელები ყოველთვის უხერხულ მეტოქეებად ითვლებოდნენ და ამ შემთხვევაშიც არ დარღვეულა ეს ე.წ. „ტრადიცია“.


საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი საკმაოდ დაბნეულად ითამაშა და ბევრი შეცდომებიც დაუშვა. მეტიც, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ მატჩის მე-3 წუთზე, როცა ალბანელებმა ცენტრში ბურთი ჩაჭრეს და სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების შემდეგ, ედგარ კანიმ რევიშვილს გაუტანა - 0:1. ქეცბაიას ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი პირველივე ტაიმში მიეცათ, როცა მეტოქის საჯარიმოში ლადო დვალიშვილი წააქციეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა იკისრა, თუმცა, მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა და ნაკრებში უგოლო სერია ვერ შეწყვიტა.


ძალზე აქტიური იყო დავით თარგამაძე. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ყველაზე მეტს მოძრაობდა და ჩვენი გუნდის შემადგენლობაშიც ყველაზე სახიფათო იყო. თავისი ფლანგიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას სანდრო კობახიძე, თუმცა, პირველ ტაიმში, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.


მეორე ტაიმი კი, პირველისგან აშკარად განსხვავებული იყო. ქეცბაიამ გუნდი აშკარად შეტევაზე დაგეშა, რაც შეცვლებშიც გამოიხატა - საყრდენი დაუშვილი შემტევმა ნიკოლოზ გელაშვილმა ჩაანაცვლა. „ჯვაროსნებმა“ სისწრაფეებს მოუმატეს და 48-ე წუთზე ანგარიში გავათანაბრეთ. თარგამაძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთთან კობახიძე გაჩნდა და ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით აიღო უჯკანის კარი - 1:1.


ამის შემდეგ, მოედანზე უხეშობამ იმატა და სიტუაცია რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ქართველებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს და კარშიც დაარტყეს, თუმცა, ყველა შემთხვევაში საიმედო იყო სტუმართა კიპერი.


75-ე წუთზე კი, სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები ფეხზე წამომდგარი შეეგებნენ ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ნახევარმცველის - ლევან ყენიას დაბრუნებას, რომელმაც ჯანო ანანიძე შეცვალა. სტადიონი ლევანის გვარს სკანდირებდა და ეს ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან, 21 წლის ნახევარმცველი გულშემატკივრებში ყოველთვის დიდი სიყვარულით სარგებლობდა და სასიხარულოა, რომ ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ყენიას დაბრუნება შედგა. რა თქმა უნდა, „შალკეს“ ნახევარმცველი ოპტიმალური ფორმისგან ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ქეცბაია და მთელი სამწვრთნელო შტაბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და გვერდში უდგას, უკვე მრავლისმეტყველია.


რაც შეეხება მეორე გოლს, ეპიზოდი იმდენად დინამიური იყო, რომ როცა ბურთი კარის ბადეში გაეხვია, ბევრი კიდევ ვერ იჯერებდა, რომ გოლი გავიდა. კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ბურთი კობახიძემ მიიღო და მცველმა ის იქვე მოცელა. მოლდოველმა მსაჯმა კვლავ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომლის შესრულებაც, ამჯერად, დავით თარგამაძემ ითავა. ალბანელთა მეკარემ ეს თერთმეტმეტრიანიც მოიგერია. თარგამაძემ დაამატა და ამჯერად, ბურთი ხარიხას გაარტყა. გადმოვარდნილს კი, საჯარიმოში შეჭრილმა ამისულაშვილმა მიუსწრო და ... მეტოქის მცველს გაარტყა, თუმცა, ბურთთან ისევ ქართველი მცველი დარჩა და მისი განმეორებითი დარტყმა უკვე აუღებელი იყო - 2:1.


ალბანელები ამ გოლს დიდხანს და აგრესიულად აპროტესტებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ საერთო არეულობაში, იქ ბურთი რომელიღაც ქართველ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა...


როცა მსაჯის მიერ დამატებული ოთხი წუთიც მიილია, ბოლომდე სავსე სტადიონმა შვებით ამოისუნთქა - წელი გამარჯვებით დავიწყეთ!


საქართველო - ალბანეთი 2:1 (0:1)


თბილისი, სტადიონი „მიხეილ მესხი“


საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი (კაპ), ამისულაშვილი, გრიგალავა (კვირკველია 46), კანკავა (ძარია 90), დაუშვილი (გელაშვილი 46), კობახიძე, თარგამაძე (გრიგალაშვილი 89), ანანიძე (ყენია 75), დვალიშვილი (მარცვალაძე 60)


მთ.მწვრთნელი - თემურ ქეცბაია


ალბანეთი: უჯკანი (შეჰი 88), დალკუ, ლილა, ველიუ (ოსმანი 88), აგოლი, ბულკუ (ბაკაი 70), მუზაკა (სადიკუ 80), ლილა, ჰიკა (ზექირი 57), როში, კანი (იანუზი 82)


მთ.მწვრთნელი - ჯანი დე ბიაზი


გოლები: კანი (3), კობახიძე (48), ამისულაშვილი (87)


გაფრთხილება: ბულკუ, აგოლი, უჯკანი, კანკავა, კვირკველია


მსაჯი: გ.სიდენკო (მოლდოვა)












კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5456 публикаций
^
მიუხედავად ყველაფრის კაია , რომ მოვიგეთ

--------------------