მელენდესი: მოუგეთ უკრაინას და გადით ევროპაზე

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 31-მარ, 11:479 Sportnews 1708 2






თბილისში მიმდინარე 17 წლამდე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფურ ტურნირზე, ესპანეთის ნაკრების დელეგაციაში, ასაკობრივ ფეხბურთელთა შორის ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი მწვრთნელი, ხინეს მელენდესი გახლავთ. “მსოფლიო სპორტმა”, 62 წლის 7-გზის ევროპის ჩემპიონთან ექსკლუზიური ინტერვიუს აღება მოახერხა. თუმცა, ვიდრე მას შემოგთავაზებთ, ჩვენი სტუმრის სამწვრთნელო ტიტულებს გაგაცნობთ:




ევროპის ჩემპიონი: U16 - 2002; U17 - 2007, 2008; U19 - 2004, 2006, 2007, 2011;


ევროპის ვიცე-ჩემპიონი: U17 - 2003, 2004, 2010;


მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: U17 - 2003, 2007; U20 - 2003;


მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი: U17 - 2009.


 


- დონ ხინეს, გვაინტერესებს თქვენი აზრი თბილისში მიმდინარე ელიტრაუნდის ჯგუფური ტურნირის შესახებ.


- უკვე 11 ასეთ მინი-ტურნირზე ვარ ნამყოფი და ვთვლი, რომ აქ საუკეთესო ორგანიზებაა. შესანიშნავი სათამაშო და სავარჯიშო მოედნები გვაქვს დათმობილი - ბალახის საფარი აქ საუკეთესო მდგომარეობაშია. მშვენიერი სასტუმრო გვაქვს გამოყოფილი. მოკლედ, ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი სათამაშოდ და ძალების აღსადგენად.


- თქვენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა განათლებასაც ხელმძღვანელობთ და საქართველოში პირველი სტუმრობა, სწორედ ამ სფეროს უკავშირდებოდა.


- დიახ, ეს იყო 2009 წელს, როცა მწვრთნელთა მომზადების ერთ-ერთ სემინარს დავესწარი. მახსოვს, ამ კურსებზე ხდებოდა A ლიცენზიის მინიჭება და მაშინ მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი უეფას თხოვნას, რომ საქართველოში მწვრთნელთა განათლების საქმეს ჩემი მეგობარი გაიოზ დარსაძე უძღვება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ესპანეთში მწვრთნელს, რომელიც PRO-ლიცენზიას არ ფლობს, უფლება არ აქვს იმუშაოს პრიმერა, პირველ და მეორე დივიზიონში. 


წარსულში რაც არ უნდა სახელოვანი ფეხბურთელი იყოს და მან მწვრთნელობა მოისურვოს, თუ შესაბამისი ცოდნა არ მიიღო, პროფესიულ გუნდებთან ვერ იმუშავებს. ეს არის ესპანური ფეხბურთის წარმატებული წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი. ამ საქმეს 11 წელი ვემსახურები ესპანეთში და მიხარია, რომ ჩემი წვლილი მეც მაქვს შეტანილი ჩვენი ფეხბურთის წარმატებაში. 


- ფედერაციაში მოსვლამდე რას საქმიანობდით?


- ვიყავი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი. იქამდე კი, 17 წლის განმავლობაში, მწვრთნელთა მომზადებას კასტილია-ლა მანჩას ავტონომიურ გაერთიანებაში ვხელმძღვანელობდი.


- დონ ხინეს, შესაშური სამწვრთნელო კარიერა “გაიკეთეთ” ესპანეთის სხვადასხვა ასაკის ნაკრებ გუნდებში მუშაობისას. ყველაზე მეტად, რომელი ტიტულის მოპოვებას გამოარჩევდით?


- ამ მხრივ, შარშან 19-წლამდელებთან ერთად მოგებულ ევროპის ჩემპიონატს გამოვყოფდი, რადგან ეს, ჩემთვის მე-7 ოქროს მედალი იყო. თუმცა, ამ მომენტს ჩემთვის ნაღვლიანი მოგონებაც ახლავს - მე მაშინ დავანებე მწვრთნელობას თავი და ახლა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკური დირექტორი ვარ.


- თუ დარჩა თანამედროვე ესპანურ სანაკრებო ფეხბურთში რომელიმე ფეხბურთელი, ვისაც თქვენთან ერთად ასაკობრივ ნაკრებებში ევროპის ჩემპიონობა არ მოუგია?


- მხოლოდ კაპდევილა და მარჩენა არ ყოფილან ჩემი მწვრთნელობისას. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის სასტარტო შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან, ჩემი ხელმძღვანელობით 10-ს აქვს ოქროს მედალი მოპოვებული. რაც შეეხება 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებ 23 ფეხბურთელს, მათგან 19-მა “ჩემს ხელში გაიარა”.


- საქართველო და ესპანეთი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ. რას იტყოდით თქვენი და ჩვენი ნაკრების შანსებზე? 


- ვფიქრობ, ესპანეთი გასულია ამ ჯგუფიდან, უბრალოდ ჩვენმა ნაკრებმა ამისთვის ყველა მატჩი უნდა ითამაშოს. საქართველოს კი, წინ დიდი ბრძოლები ელის.


- საქართველოს ხვალინდელ შანსებზე რას იტყვით უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებთან? 


- აქ უკვე პირიქითაა. თქვენს ნაკრებს ყველაზე მეტი შანსი აქვს, რათა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოხვდეს. მოუგეთ უკრაინას და სხვა აღარაფერზე იქნებით დამოკიდებული. ეს საუკეთესო შანსია, რომ საქართველოში ფეხბურთმა აღმავლობა დაიწყოს. ენდეთ ჩემს გამოცდილებას, ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშით საოცარ სტიმულს იღებს და თუ შემდეგ სწორად წარმართავს საკუთარ მომავალს, საყოველთაო დაფასება ექნება. 


- ამდენი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გაგიზრდიათ. მათგან ვისზე იტყვით, რომ იგი თქვენი ფავორიტი იყო.


- მხოლოდ ერთის დასახელება, მიჭირს. ვიტყოდი ინიესტას, ჩავის, სილვას, პიკეს, ფაბრეგასს, სერხიო რამოსს, კასილიასს და ა.შ. თუმცა მაინც ვთვლი, რომ მათგან საუკეთესო მოსწავლე, ჩავი იყო.


- თვლით თუ არა, რომ 2010 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავი უნდა დასახელებულიყო.


- მაშინ მესიმ მოიგო და ალბათ, ჩავის მართლაც უნდა მიეღო ის “ოქროს ბურთი”. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ - თავის დროზე, მესის რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობა ეთქვა, ისიც ჩემს გუნდში ითამაშებდა.


- მესის ოჯახთან მოლაპარაკებაში, თქვენ ხომ არ ღებულობდით მონაწილეობას?


- თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ალექს გარსია, მაშინ “ბარსელონას” ასაკობრივ ჯგუფებს ავარჯიშებდა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კორპორაციაში აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს. სამწუხაროდ, მესის ოჯახმა უარი განაცხადა ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშზე.


- დონ ხინეს, ესპანურ კლუბებს შორის ვის გულშემატკივრობთ. და აქვე, თქვენი აზრით, ვინ გახდება წელს ესპანეთის ჩემპიონი?


- ბავშვობიდან მადრიდის “რეალს” ვქომაგობდი. ახლა კი, “რეალი” და “ბარსელონა” ორივე ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ორივეში ძალიან ბევრი ჩემი მოწაფე თამაშობს.


ლა ლიგას რაც შეეხება, მოგეხსენებათ “რეალს” 6-ქულიანი უპირატესობა აქვს. ვთვლი, რომ მომავალ უიკენდზე (ხინეს მელენდესმა 7-8 აპრილის მატჩები იგულისხმა - ფ.კ.) ბევრი რამ გაირკვევა.


- და ბოლოს. ამდენი მწვრთნელის განათლებაში მიგიძღვით წვლილი და ინტუიციაც არ გიღალატებთ - ვის მიიჩნევთ ესპანეთში  და საერთოდ, მსოფლიოში ამჟამად მომუშავე კოლეგებიდან საუკეთესოებად? 


- გვარდიოლა, დელ ბოსკე და პოჩეტინო. მსოფლიოს მასშტაბით კი, მოურინიო საუკეთესოა.


      


ფრიდონ კერვალიშვილი  



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

zuka123 31-მარ, 16:47

მოვუგეთ და გავედით :დ

Sportnews 31-მარ, 11:48

საინტერესო სტატია, რომელიც მსოფლიო სპორტმა შემოგვთავაზა და გადავწყვიტე ჩვენთანაც დამედო
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018