საქართველო
ევროპა გველოდება - წინ კენჭისყრაა

გასული კვირა, საფეხბურთო და ემოციური თვალსაზრისით ჩვენთვის უაღრესად დატვირთული იყო. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების დამსახურებით, ქართულმა საფეხბურთო სამყარომ და გულშემატკივრებმა ენითაუწერელი სიხარული განიცადეს - ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 4-16 მაისს, სლოვენიაში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

თუმცა, გასვლაცაა და გასვლაც. ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტრაუნდის ჯგუფში უკან ისეთი გუნდები ჩამოიტოვა, ამქვეყნად ყველაზე გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი რომ ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. შესაბამისად, ამ „სიკვდილის ჯგუფიდან“ ჩვენი გასვლა ქართველ გულშემატკივარს თავიდანვე გამოტირებული ჰქონდა.

ესპანეთის უაღრესად სიმპათიურ ნაკრებთან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა დაძაბული და პრინციპული მატჩი მოიგეს ინგლისელ თანატოლებთან. მოიგეს გააზრებული და ჭკვიანური თამაშით, ბოლომდე ბრძოლითა და თავდადებით. გადამწყვეტ, ბოლო მატჩში კი, უკრაინელებს სძლიეს და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

სტატისტიკური მაჩვენებლებიც ძალზე საამაყო აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს. ელიტრაუნდის მიმდინარეობისას, ჩვენი დაცვისა და მეკარე ალექსანდრე ადამიას დამაჯერებელი და საიმედო თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი მიიღო საკუთარ კარში; ხოლო მეტოქეებს სამი გაუტანა. გატანილი გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილის (პენალტი), გიორგი პაპუნაშვილისა და ალეკო მზევაშვილის ანგარიშზეა.

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 4 აპრილს, ლიუბლიანაში, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება და მას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე დაესწრება.

ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდი - სლოვენია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, პოლონეთი, ბელგია და საქართველო ორ ჯგუფში გადანაწილდება და თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. ჯგუფური ეტაპის თამაშები 4, 7 და 10 მაისს გაიმართება. ნახევარფინალები - 13 მაისს; ფინალი კი, 16 მაისს. ჩემპიონატს სლოვენიის ოთხი ქალაქი - ლიუბლიანა, მარიბორი, ლენდავა და დომჟალე უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გათამაშების დებულების თანახმად, ელიტრაუნდში მიღებული გაფრთხილებები ფეხბურთელებს ჩემპიონატზე არ გადაჰყვებათ. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ჯერჯერობით, ისვენებს. მომავალი საწვრთნელი შეკრებისა და სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.












კომენტარის დამატება