’’ტორპედო’’ - ’’სტიაუა’’ 1:1

’’ტორპედო’’ - ’’სტიაუა’’ 1:1

21-06-2012, 07:57

ავსტრიული შეკრების მორიგი საკონტროლო მატჩი, ქუთაისის “ტორპედომ” რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ბუქარესტის “სტიაუასთან” გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა. გეგმიური, რიგით მეორე სპარინგი, ჩვენი გუნდის საცხოვრებელი ადგილიდან, 1 საათისა და 15 წუთის სავალზე მდებარე დაბა ვალკსში შედგა.
მატჩის პირველი ნახევარი არასაფეხბურთო მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. გადაუღებელი წვიმის ფონზე, მინდორზე ბურთის გორება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - წყლის გუბეები, ორივე გუნდს უშლიდა ხელს კომბინაციური თამაშის ჩვენებაში.
პირველი სერიოზული ხიფათი მეტოქის კართან მე-16 წუთზე შეიქმნა, როცა მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, “სტიაუას” ძირითადი კიპერის, რაზვან სტანკასბექა სამფლობელოში ტუღუშს შეეძლო დარტყმა, მაგრამ მცველებმა არ დააცადეს.
22-ე წუთზე დათა სიჭინავა დაემუქრა რუმინელთა კარს. მისი დარტყმული მიზანს აცდა. ცოტა ხანში უკვე ჩვენ კართან შეიქმნა მომენტი, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა დროზე დატოვა კარი და “სტიაუას” ბრაზილიელ ლეგიონერ ადი როჩას ბურთის მიღება არ დაანება.
პირველი სერიოზული საგოლე მომენტი, “ტორპედოს” კართან 33-ე წუთზე შეიქმნა. ტიბერიუ ბალანს და იგივე როჩას შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ქუთათურთა დაცვამ ივარგა. თითქმის იმავწუთს, მარცხნიდან ვალერი ბოლქვაძის მიერ შესრულებულ “სტანდარტს” ელგუჯა გრიგალაშვილმა თავი დაუხვედრა - ბურთი მცირედით აცდა რუმინელთა კარს.
35-ე წუთზე “სტიაუამ” ანგარიში გახსნა. რაულ რუსესკუს მიერ შორიდან დარტყმულ ბურთს ფეხი ლექსო კვახაძემ დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მიგინეიშვილს აქცენტი ბურთის თავდაპირველ ტრაექტორიაზე ჰქონდა აღებული და რეაგირებაც იმიტომ ვეღარ მოახერხა - 0:1.
ტაიმის დარჩენილ დროში, ჩვენი მეტოქე სრულ უპირატესობას დაეუფლა. ერთადერთი, სიჭინავას მიეცა თავის გამოჩენის შანსი (37-ე წთ), მაგრამ “ტორპედოს” ახალწვეულის დარტყმული რუმინელთა კიპერის იოლი ნადავლი გახდა.
მე-40 წუთზე, კვახაძის შეცდომის შემდეგ მიგინეიშვილთან პირისპირ როჩა დარჩა, მაგრამ ბრაზილიელმა უხეიროდ დაჰკრა. ცოტა ხანში, რუმინელთა ჩინებულ კომბინაციას ადი როჩა ეფექტური თავურით აგვირგვინებდა, თუმცა ქართველი კიპერი კვლავ ადგილზე დახვდა ბურთს.
მეორე ტაიმში, სათამაშო სურათი საგრძნობლად შეიცვალა. უპირატესობა ქუთათურთა მხარეს გადავიდა, რაც გოლშიც, დაუნიშნავ პენალტშიც და რუმინელ კიპერთან არაერთხელ პირისპირ გასვლასა და შანსების გამოუყენებლობაშიც აისახა.
56-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, რუმინელთა “ცოცხალ კედელში” მდგომმა ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა ითამაშა ხელით. მსაჯის სასტვენი დუმდა. სულ მალე “ტორპედომ” ანგარიში მაინც გაათანაბრა.
59-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გიორგი გურულის მიერ ჩაწოდებული ბურთის დაუფლებისას, “სტიაუას” სათადარიგო კიპერ ვალენტინ კოჟოკარუს შეცდომა მოუვიდა - ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და იქვე მყოფმა რევაზ გოცირიძემ ცარიელ კარში დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.
მეორე ტაიმში რუმინელებს ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შეექმნათ, მაგრამ პირისპირ დარჩენილი ფლორინ კოსტას დარტყმულს ისევ ომარ მიგინეიშვილის დამაჯერებელმა თამაშმა აჯობა. ეს იყო 69-ე წუთზე. ქართველთა სწრაფ საპასუხო კონტრშეტევას, მარჯვნიდან დოლიძის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემა მოჰყვა და კოჟოკარუსთან პირისპირ დარჩენილმა გივი იოსელიანმა ბურთი მეკარეს მოახვედრა.
78-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის მიერ, რუმინელთა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან დარტყმული ბურთი კიპერის იოლი ნადავლი გახდა. აქედან ხუთიოდე წუთში, კუხიანიძე “სტიაუას” მცველებს მოედნის ცენტრიდან გაექცა და თითქმის 40-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ კიპერთან პირისპირ დარჩენილმა, კოჟოკარუს ვერ გაუტანა.
მატჩის ბოლოსკენ, “ტორპედოს” კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი. შეცვლაზე ყველაზე გვიან შემოსულმა თემურ ფარულავამ ბურთი ნიკა საბანაძისგან მიიღო, ოდნავ მარცხნივ წაიწია და მეტოქის საჯარიმოში გასწვრივი გადაცემა გააკეთა. ყველაზე ახლოში ბურთს გიორგი დათუნაიშვილმა ჩაუქროლა, მაგრამ ვერ მიწვდა. არადა, საკმარისი იყო ბურთზე მცირედი შეხება და რუმინელებს სასწაული თუ იხსნიდა.
ასე “ტორპედოს” შეტევებში მიილია თამაში და თუ ჩვენმა გუნდმა მისი უპირატესობა გოლებში ვერ ასახა, მეტწილად რუმინელთა 16 წლის კიპერის, ვალენტინე კოჟოკარუს დამსახურებაა.

მატჩის მიმოხილვა [ვიდეო]

# 34ავტორი: Mrkartvela
ეს რავნახე ჩემი რა ცუდ ამინდში მოუწიათ თამაში ტო ))
საღორ მაინც
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით