“დილას” მარცხი ბოსნიელებთან ...

“დილას” მარცხი ბოსნიელებთან ...

23-06-2012, 13:26

22 ივნისს გორის ”დილა” სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნიურ ”სარაევოს” სლოვენიის ქალაქ მარიბორში დაუპირისპირდა.
შეხვედრა 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ავსტრიის ავტობანებზე საშინელი საცობები იყო და “დილამ” ჩასვლა ცოტა დააგვიანა.
შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა და მაყურებლებმა პატივი მიაგეს რამაზ შენგელიას ხსოვნას. “დილა” შავი სამკლაურებით იყო მოედანზე გამოსული.
ვერ ვიტყვით რომ ადგილობრივ არბიტრთა ბრიგადამ საერთო ჯამში ცუდად იმსაჯა, მაგრამ როცა მე-10 წუთზე უდავო პენალტი არ დანიშნა “სარაევოს” კარში და თან, ამ ეპიზოდში ვაწაძეს წითელი ბარათი უჩვენა, თამაში სრულად გააფუჭა. არადა „დილამ“ მშვენივრად დაიწყო. სანამ 10 კაცით დარჩებოდა მოედანზე, სწორედ ვაწაძის მცდელობებით, სულ ცოტა, 3 საგოლე მომენტი შექმნა. განსაკუთრებით გამოსარჩევი ბეჭვაიასა და კვირკველიას ეპიზოდები იყო, რომლებშიც მოწინააღმდეგის მეკარემ, ორი აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი.
ვაწაძის გაძევების შემდეგაც კი, ქართველები შეტევებს არ უკლებდნენ. კვირკველია-გურული-ილურიძის სამსვლიანი კომბინაციის შედეგად, ეს უკანასკნელი ერთი ერთზე გავიდა ადილოვიჩთან და აქაც მეკარემ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა.
პირველ ტაიმში ბოსნიელებს რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, ერთხელაც არ შეუტევიათ სახიფათოდ.შეხვედრის მე-2 ნახევარში კაცნაკლული გუნდი დაიღალა. თან პირველი თამაშის პირობაზე, „დილამ“ ძალიან მაღალი სათამაშო ტემპის შენარჩუნება შეძლო. მწვრთნელებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალეს და ეს აშკარად დაეტყოთ გორელებს. განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრს გაუჭირდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოსინჯეს მწვრთნელებმა.
პირველი გოლი ბოსნიელთა მხრიდან აშკარა დარღვევის შემდეგ გავიდა. ემირ ობუცამ იდაყვი ისე ძლიერად ჩასცხო გიორგი ონიანს, რომ ამ უკანასკნელს ცხვირი გაუტყდა და თამაშის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს.
მატჩის მიწურულისკენ დაღლილობამ და რიცხობრივმა უმცირესობამ თავისი გაიტანა. სათამაშო რგოლები შეირყა და ზედიზედ 2 გოლი გავიდა.
“დილამ” მაინც გაიბრძოლა. კახელიშვილი საჯარომიში ისე მოცელეს, რომ მსაჯმა ამჯერად 11-მეტრიანის დანიშვნისგან თავი ვეღარ შეიკავა. პენალტი შეცვლაზე ახლადშესულმა რევაზ ბარაბაძემ გამოიყენა.
“სარაევო” ევროპის ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს და ბოსნიურ კლუბს უკვე 6 ამხანაგური მატჩი აქვს გამართული. “დილასთვის” კი ეს პირველი შეხვედრა იყო ერთკვირიანი ორჯერადი დატვირთვების შემდეგ და თან, ექსპერიმენტული შემადგენლობით.

“შეკრებები სწორედ იმისთვის გვაქვს, რომ გუნდი საერთაშორისო მატჩებს და ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს, - თქვა “დილას” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ შალამბერიძემ - მწვრთნელებისთვის კი ასეთი მატჩები საუკეთესო საშუალებაა, რათა კარგად დავინახოთ ჩვენი გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიმუშავოთ მათ გაუმჯობესებაზე, ჩავატაროთ გარკვეული ექსპერიმენტები და შევამოწმოთ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებში ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით, მაგრამ იმ დატვირთვების ფონზე ,რასაც „დილა“ იღებს, ამ მომენტისთვის მეტს ნამდვილად არ ველოდი. თანაც მე-10 წუთზე ვაწაძის გაძევებამ ძალიან იმოქმედა გუნდზე. თუმცა ეს ისევ მწვრთნელების სასარგებლოდ გამოვიყენეთ და კაცნაკლულის ვარიანტით თამაშში შევამოწმეთ გუნდის შესაძლებლობები”.
შემდეგ ტესტმატჩს გორის „დილას“ 24 ივნისს ისევ ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარებს - ხორვატიულ “ოსიეკთან”.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით