ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...

ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის

3-07-2012, 15:18

თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდიდან ოთარ ხიზანეიშვილის წასვლა.

მცველს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და თავის დროზე რუსეთისა და გერმანიის ელიტურ ლიგებში უთამაშია, მშობლიურმა კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.

ხიზანეიშვილი არ მალავს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი ამბავი იყო:

- სიმართლე გითხრათ, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი. "დინამოში" ჩემთვის მძიმე პერიოდში ჩამოვედი, ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ვცდილობდი და ჩემპიონატის ბოლოს ვგრძნობდი, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდი, მაგრამ შესაძლებლობის 75-80 პროცენტს თუ ვაჩვენებდი. ამიტომ სეზონის დასრულების შემდეგაც არ გავჩერებულვარ და ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

უცბად, ასეთი ამბავი გავიგე... ეტყობა, ბუბა ტყავაძის, ან ვისაც სელექციის საკითხები ეხება, იმის გეგმებში ვერ ვჯდებოდი.

ფეხბურთი ასეა, არ უნდათ და რამეს მოვძებნი, თუმცა "დინამო" ჩემთვის საყვარელი გუნდია, წარმატებასა და მიზნების მიღწევას ვუსურვებ და მაინც მადლობას ვეტყვი, რადგან ტრავმირებული მიმიღეს და ფორმის აღდგენის საშუალება მომცეს.

მაგრამ მხოლოდ ჩემს გამო არ ვამბობ: ეროვნული ჩემპიონატი უცხოეთში გასული ქართველების დაბრუნებით უნდა გაძლიერდეს.

იმედი მქონდა, "დინამოში" ჩემი ბავშვობის მეგობართან, დათო სირაძესთან ერთად ვითამაშებდი, მაგრამ ფაქტობრივად, უარი თქვეს, რაც ძალიან გამიკვირდა.

არა მგონია, საქართველოში სირაძეზე მაღალი დონის თავდამსხმელი ჩამოვიდეს.

- "დინამოდან" წასვლის შემდეგ კონკრეტული წინადადება გქონდა?
- რა წინადადება უნდა მქონდეს, როდესაც ახალ გუნდს არ ვეძებდი, მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ ხალხს არც დავლაპარაკებივარ, "დინამოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ველოდი.

აზერბაიჯანსა და მსგავს ქვეყნებში წასვლა აღარ მინდოდა. პატარა აღარა ვარ და ვფიქრობდი, კარიერას მშობლიურ კლუბში დავასრულებ და დავეხმარები-მეთქი.

თუმცა უკვე რამდენიმე კლუბი დამიკავშირდა და მალე მეცოდინება, სად ვითამაშებ. შესაძლოა, საქართველოში დავრჩე, შესაძლოა, უცხოეთში წავიდე.

- ევროთასებზე ქართული კლუბების წლევანდელ მეტოქეებზე რას იტყოდი?
- მეტოქეებიდან მხოლოდ "აქტობეს" ვიცნობ, რადგან ყაზახეთში მითამაშია. არა მგონია, ქუთაისის "ტორპედომ" ვერ დაამარცხოს.

"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩიზე" ძლიერი გუნდია და წესით, უნდა გამოაგდოს. აზერბაიჯანელების მწვრთნელის კომენტარებმა კი ძალიან გამაკვირვა. დიდი ფული აქვთ, მაგრამ ჩვენზე კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობენ და ნეტავ, ასეთი დაიმედებული რატომ არის? დიდი ფული ყატარშიც აქვთ, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. "ზესტაფონი" კი კარგი გუნდია და თავის სიტყვას იტყვის.

შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს გორის "დილას". "მეტალურგის" მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ბოლო წელია, ჩვენი გუნდები გაძლიერდნენ და პირველი ეტაპის გავლა შეუძლიათ. ფაქტია, რომ პროგრესი არის და კლუბებში ფული იდება. შემთხვევითი არ იყო შარშან ევროპის ლიგის პლეი ოფში ორი გუნდის მოხვედრა.

საქართველოდან დიდი ხნის წინ წავედი და დაბრუნებულს ძალიან გამიკვირდა, გუნდებიც მოძლიერებული დამხვდა და მოედნები და სტადიონები - უკეთესი. მაგალითად, ზესტაფონში, ქუთაისში, ეროვნულ სტადიონსა და "მიხეილ მესხზე" თამაში სიამოვნებაა.

თუ ასე გაგრძელდა და ფულს სისტემატურად ჩადებენ, ნიჭიერი ბიჭები წასვლასა და ოჯახის რჩენაზე არ იფიქრებენ, გუნდები და ჩემპიონატი გაძლიერდება. საამისოდ უეფამ მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა: 2015 წლის ევროპის სუპერთასის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი ფაქტი და იმას ნიშნავს, რომ უეფა გვენდობა და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩვენთან ჩატარების არ ეშინიათ.

ათი წლის წინ თბილისში ევროპის სუპერთასს კი არა, შესარჩევი ციკლის რიგით მატჩს ვერ ვმასპინძლობდით. ხომ გახსოვთ, 2002 წელს რუსეთთან შეხვედრა შუქის გამორთვის გამო რომ ჩაიშალა?

- ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატი თუ მოგეწონა?
- საკმაოდ კარგი ჩემპიონატი იყო. ფინალამდე ესპანეთმა შთამბეჭდავად ვერ ითამაშა, მაგრამ იტალისთან უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენა და ძალიან მომეწონა.

ძალიან გამაოცა იტალიამ, რომელიც ტურნირის დაწყებას პრობლემებით შეხვდა და ამის მიუხედავად, მაინც ფინალში გავიდა.

- მცველებიდან ვინ მოგეწონა?
- ესპანეთს კარგი დაცვა ჰყავდა, მაგრამ მე მაინც პორტუგალიის უკანა ხაზს გამოვარჩევდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით