აირჩიეთ გუნდი:

ღირსეული მარცხი (+ ვიდეო)



11 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველივე წუთებიდანვე საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყეს და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ამოცანას თავს კარგადაც ართმევდნენ.

თუმცა, რომ არა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, ესპანელები გატანას პირველსავე ტაიმში მაინც შეძლებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა უკვე 10-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შექმნეს, თუმცა ლორიამ სერხიო რამოსის დარტყმული ბურთი ხელებში საიმედოდ დააფიქსირა.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ძელმა იხსნა. უძლიერესი დარტყმა დაახლოებით 30 მეტრიდან დავიდ სილვამ შეასრულა.

ესპანელებს არც ამის შემდეგ დაუკლიათ მონდომება, თუმცა მათი იერიშები ჩვენი ნაკრების საჯარიმოს მისადგომებს არ სცილდებოდა. ქართველმა ფეხბურთელებმა პასუხად კი სულ ორჯერ შეძლეს კონტრიერიშის წამოწყება, თუმცა არც თორნიკე ოქრიაშვილს, არც დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძეს იკერ კასილიასისთვის რეალური ხიფათი არ შეუქმნიათ.

ესპანელებმა ფხა ტაიმის მიწურულს გამოაჩინეს - ჯერ იყო და 44-ე წუთზე ჩავის შორეული დარტყმა გიორგი ლორიამ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, შემდეგ კი იმავე ჩავის გენიალური პასის შემდეგ სოლდადო დარჩა ქართველ მეკარესთან პირისპირ, თუმცა ლორიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა, თუმცა ესპანელთა წნეხს შედეგი არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელების ერთერთი იშვიათი შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა - იკერ კასილიასის კარი ძელმა იხსნა.

53-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ ესპანელთა საჯარიმოში ბურთი ლევან მჭედლიძე დარჩა, რომლის ზურგსუკან სრულიად მარტო თორნიკე ოქრიაშვილი იდგა, თუმცა როგორც ჩნას ლევანმა ის ვერ შენიშნა და პასი ალექსანდრე ამისულაშვილს მიაწოდა, რომლის რთული მდგომარეობიდან დარტყმული ძელს მოხვდა.

65-ე წუთზე ესპანელთა შეტევის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ლორია ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც ამ უკანასკნელს მძიმე ტრავმად და მოედნის დატოვებად დაუჯდა. თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად მოედანზე როინ კვასხვაძე შემოუშვა.

გოლი საქართველოს ნაკრებმა 85-ე წუთზე მაინც გაუშვა და ამაში ბრალი მეკარეს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის - რობერტო სოლდადომ ისარგებლა ჩვენ ცენტრალური მცველების "ჩაძინებით" და ახლო მანძილიდან კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა.

დარჩენილ დროში ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ირაკლი სირბილაძის ახლო მანძილიდან დარტყმულს ესპანელები დროულად გადაეღობნენ.

საბოლოოდ 0:1, მაგრამ მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრები მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

წყარო: sportall  

2

2475

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Red_Army  

ბილეთი მაინც ვიშოვე და ვიყავი მოედანზე... საღოლ ბიჭები ვამაყობ თქვენით

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ვინმემ იცით ლორიას რა ჭირს.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.