Image

მარკოიშვილი: ნაკრებში ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 07-მაი, 18:249 რაულიტო 1030


















ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი მანუჩარ მარკოიშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს თურქეთში. სტამბოლის "გალათასარაიმ" ევროთასის გათამაშებაში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა თურქეთში რეგულარული ჩემპიონატი მოიგო და ტიტულსაც უმიზნებს. სეზონის დასრულების შემდეგ მცირე დასვენება და მარკოიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეკრებას დაიწყებს. ნაკრებს სექტემბერში სერიოზული გამოცდა ელის - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ესპანეთთან, სლოვენიასთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან მოხვდა. მარკოიშვილს სტამბოლში შევეხმიანეთ და სანაკრებოსთან ერთად საკლუბო თემებზეც ვესაუბრეთ...

- საკმაო ხანი გავიდა, რაც "გალათასარაიში" გადახვედი და ახლა ალბათ ზუსტად შეგიძლია თქვა, მართებული გადაწყვეტილება მიიღე თუ არა გუნდის გამოცვლით...

- თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი, როცა "გალათასარაიში" გადავდიოდი და ეხლაც ამ აზრზე ვარ. ერთადერთი უარყოფითი მომენტი "კანტუს" დატოვება იყო. გუნდის წევრებთან, გულშემატკივრებთან ძალიან კარგად ვიყავი და მათთან განშორება გამიჭირდა. "გალათასარაიში" ახალი გარემო, სხვა სტილის სისტემა დამხვდა, რომელთანაც ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა.

- მალე შეეგუე ახალ სისტემას და რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით, სტატისტიკით?

- "გალათასარაიში" რომ გადავდიოდი, არ დამიგეგმავს საშუალოდ რამდენი ქულა, მოხსნა ან პასი უნდა გამეკეთებინა. არის სხვა მომენტები, უფრო მნიშვნელოვანი სტატისტიკურ მონაგარზე. "კანტუში" ბურთი უმეტესად მე მქონდა, გათამაშებაც მიწევდა. "გალათასარაიში" კი განსხვავებულ სისტემაში აღმოვჩნდი. ამასთან ერთად, თურქეთის ჩემპიონატის მატჩებში ერთ გუნდში მოედანზე მინიმუმ 2 ადგილობრივი კალათბურთელი უნდა იმყოფებოდეს. ანუ მოედანზე ერთდროულად 3 უცხოელს შეუძლია ყოფნა და ეს ერთგვარი კონკურენციაა. თავიდან თუ არ წაგივა თამაში, მწვრთნელი იძულებულია, შეგცვალოს. თუმცა ეს პრობლემა მალევე დარეგულირდა და შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილი ვარ.

- ევროპულ ასპარეზზე შორს ვერ წახვედით და ალბათ თურქეთის ჩემპიონობას გეგმავთ...

- ამ ეტაპზე არ იქნება მართებული და პროფესიონალური, რომ ჩემპიონობაზე ვილაპარაკო. მას შემდეგ, რაც ევროთასის პლეი ოფში ვერ გავედით, თავისთავად, მთლიანად თურქეთის ჩემპიონატზე გადავერთეთ და ვცდილობდით, პირველი ადგილი შეგვენარჩუნებინა, რაც მოვახერხეთ და პლეი ოფში ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა გვექნება. ვეცდებით, ის შანსი გამოვიყენოთ, რასაც მოედნის უპირატესობა გვაძლევს. წინ საკმაოდ დაძაბული პლეი ოფის მატჩებია და ჩემპიონობაზე მერე ვისაუბროთ, ფინალში თუ გავალთ. არ მეგონა, ასე ძლიერი თუ იქნებოდა თურქული ლიგა. ევროლიგაში მოასპარეზე კლუბები ყველამ იცის და არც დანარჩენები არიან ხელწამოსაკრავნი.

- ეროვნულ ნაკრბზე გადავიდეთ. როგორ შეაფასებ იმ ჯგუფს, რომელშიც ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით და რა შანსები გვაქვს?

- ჯგუფი რომ ძლიერია, ამაზე ყველანი შეთანხმებულები ვართ. ეხლა რთულია იმის თქმა, გავალთ თუ არა. არც იქნება სწორი, სანამ შეკრებაზე არ გადავალთ და მოსამზადებელ პერიოდს არ გავივლით, ჩვენს შანსებზე ვისაუბროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში იქნებიან კალათბურთელები. ერთის თქმა შეიძლება: ზაზა ფაჩულიას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. იმ დღეს ზაზამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, 13 წლის შემდეგ პირველად არ ვარ ნაკრებშიო.

- ფაჩულიას გარეშე თუ გვაქვს წარმატების შანსი?

- რა თქმა უნდა, ზაზა უდიდესი ძალაა ნაკრებისთვის და მის გარეშე სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვიქნებით. წარმატების შანსი ყოველთვის არსებობს, ამის გარეშე აზრი არ ექნებოდა არც შეკრებას და არც ევროპაზე გასვლას. საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ რთულ სიტუაციაში შეუძლია მობილიზება, ბრძოლა და შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, ყველა გაითავისებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმუმს გაიღებს.

- როგორც თქვი, წარმატებას მომზადების დონე განსაზღვრავს და რას იტყვი ჩვენი ნაკრების მოსამზადებელ გეგმაზე?

- როგორც ყოველთვის, ნაკრებს ამჯერადაც ძალიან კარგი მოსამზადებელი გრაფიკი აქვს. გეგმა ზუსტად არის შედგენილი, პირობებიც კარგი იქნება სავარაუდოდ, ისეთ ქვეყნებში მოგვიწევს თამაშები და შეკრებები. ისეთ ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით მოსამზადებელ პერიოდში, რომ მათთან სპარინგი აუცილებლად წაგვადგება. ეს შეკრება წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ მომზადებას. ფაჩულიას არყოფნაში კალათბურთელთა გარკვეულ ნაწილს დიდი ხნით მოუწევს თამაში. ევრობასკეტზეც ისეთი გრაფიკია, რომ 6 დღეში 5 მატჩს ვთამაშობთ და თითქმის შეუძლებელია, მოედანზე 35 წუთი იყო და ყველა მატჩი ერთნაირი მობილიზებით ჩაატარო. სწორედ შეუძლებელი უნდა შევძლოთ და მოსამზადებელ პერიოდში ისეთ ფორმაში შევიდეთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. უკვე შეგუებული ვარ, რომ როგორც წინა წლებში, ეხლაც 2-3 დღე მექნება დასვენება. ნაკრების ბირთვი ასე ვართ, სეზონის დასრულების შემდეგ მალევე ეროვნულ ნაკრებში გვიწევს შეკრებაზე გადასვლა, თუმცა ეს ჩვენი საქმის ნაწილია და ამისთვის მზად ვარ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა