საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო გუნდად აღიარა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 24-დეკ, 17:349 Sportnews 4380 0





ქართული კალათბურთი 2010 წელს საპატიო აღიარებით ასრულებს. საქართველოს ეროვნული გუნდი ქვეყნის საუკეთესო ნაკრებად აღიარეს.

ეს პატივი იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ კალათბურთელთა ნაკრებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გალა–დაჯილდოვებაზე ერგო.

ეს გახლავთ ქართული სპორტის მმართველი სამინისტროს მიერ ტრადიციული წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ამ სფეროში ნასახელები სპორტსმენები და გუნდები ჯილდოვდებიან. შარშან წლის საუკეთესო მწვრთნელად კალათბურთელთა ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი დაასახელეს, წლეულს კი საუკეთესო მისი გაწვრთნილი გუნდი გახდა.

ივენთ–ჰოლში გამართულ დაჯილდოვებაზე ჩვენი ნაკრების საქართველოში მყოფი კალათბურთელები ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპატრელიანთან და გენერალურ მდივან (ნაკრების გენერალურ მენეჯერთან) მერაბ რატიშვილთან ერთად მივიდნენ. ლეგიონერთაგან საქართველოში მხოლოდ თორნიკე შენგელიაა („პეპინსტერი“, ბელგია), რომელიც, რა თქმა უნდა, ივენთ–ჰოლში იმყოფებოდა.

მეტად ლამაზი და ორიგინალური პრიზი ქალაქის მერ გიორგი უგულავასგან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ჩაიბარა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა, ხოლო საქართველოს ნაკრების სახელით აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის მმართველ სამინისტროს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასული წელი საკმაოდ მაღალი შედეგებით ჩაატარა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ოფიციალურ მატჩებშიც გამოიჩინა თავი. შესარჩევი ტურნირი, სადაც ჯგუფში ჩვენი მეტოქეები პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიის და პორტუგალიის ნაკრებები იყვნენ, კოკოშკოვის გუნდმა 5 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა. რომ არა ბელგიასთან დასანანი შინაური წაგება, საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავიდოდა. თუმცა მოგვიანებით ეს საგზური მაინც ერგოთ ქართველებს და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ჩვენი ნაკრები პირველად მოხვდა კონტინენტის უპირველეს ტურნირზე.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გალა–დაჯილდოვებაზე საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია დასახელდა, ხოლო წლის საუკეთესო სპორტსმენად ნაკრებისა და ფრანგული „კლერმონის“ წევრი დავით ზირაქაშვილი აღიარეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა