კალათბურთი / NBA
ატლანტელებმა მაიამიში იმარჯვეს

ზაზა ფაჩულიას გუნდმა საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ატლანტა ჰოუქსმა“ სტუმრად „მაიამის“ 100:92 მოუგო და მასპინძლებს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აწვნია. ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კრის ბოშის მოწადინებამ ვერ უშველა „მაიამის“ და საჩემპიონოდ შემართული გუნდი საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დამარცხდა...

გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა ჩამქვრალმა ვარსკვლავმა ტრეისი მაკგრეიდიმ, რომელმაც შეხვედრაში მოგროვებული 16 ქულიდან 13 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. მაიამელები მესამე პერიოდში 10 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედში ატლანტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.

სამწუხარო ისაა, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მცირე ხნით – 9 წუთით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ფაჩულიამ 6 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება შეძლო. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ატლანტან“ 8 ქულით აჯობა „მაიამის“.

ატლანტელებს 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში „მაიამის“ შემდეგ მეორე ადგილზე არიან. თავის მხრივ, მაიამელებს 5 მოგება და 1 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ 4 იანვარს, გამთენიისას, ანალოგიური შედეგის მქონე „ჩიკაგოსთან“ სტუმრად გამართავს.












კომენტარის დამატება