კალათბურთი
სანიკიძის სარეკორდო 19 მოხსნა და დამარცხებული გრანდი

მთავარი მოვლენა ის გახლავთ, რომ სანიკიძემ 10 ქულასთან ერთად სერია A-ს მიმდინარე გათამაშების სარეკორდო 19 მოხსნა განახორციელა.

იმიც მნიშვნელოვანია, რომ სანიკიძემ ეს გამორჩეული შედეგი იტალიისა და მთლიანად ევროპის მასშტაბის გრანდ „სიენასთან“ მოახერხა. მისმა გუნდმა კი სერია A-ს ლიდერი 75:71 დაამარცხა. ბოლონიაში გამართული მატჩი სანიკიძის ბენეფისი გამოდგა. „კანადიან სოლარმა“ მთლიანობაში 27 მოხსნა მოიპოვა, საიდანაც 19 პირადად სანიკიძის ანგარიშზე მოდის. ეს კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

ვიქტორმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველის აქტივში 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც გახლდათ, მის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთხელ დაირღვა და თავადაც ერთხელ დაჯარიმდა.



“კანადიან სოლარ ბოლონიას” მხრიდან ათქულიან ზღვარს ანჯელო ჯილიმ (13), ჯუზეპე პოეტამა (13) და პეტერი კოპონენმაც (12) უწიეს, სიენელებს კი დევიდ ანდერსენმა (23) და იგორ რაკოჩევიჩმა (19) ულიდერეს. მაკედონიის ნაკრების წევრმა ბო მაკკალებმა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს გასული ევრობასკეტიდან მწარედ ახსოვს, “მონტეპასკის” 23 წუთში მხოლოდ 5 ქულა (თამაშიდან 7-დან 2 ზუსტი ტყორცნა, 6-დან 1 საჯარიმო) მოუტანა.



ამ გამარჯვებით ბოლონიელებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და გაუთანაბრდნენ „არმანი ჯინსს“. პირველ ადგილზე კი „სიენა“ რჩება, რომელსაც სანიკიძის გუნდი 1 ქულით ჩამორჩება.

სანიკიძის საუცხოო გარჯის პარალელურად კარგად ითამაშა გიორგი შერმადინმაც, თუმცა მისი „კანტუ“ „ფავ~ბისთან“ სტუმრად 73:89 დამარცხდა. შერმადინმა 17 წუთში 15 ქულა და 9 მოხსნა მოიპოვა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა კანტუელებს 8 ქულა შემატა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 9-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინი ეფექტიანობის მიხედვით (24) სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.



მანუჩარ მარკოიშვილი კანტუელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ ჩვეული სიზუსტით ვერ ესროლა. “მანუმ” 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 8 ქულას კი 2 მოხსნა და 1 პასიც წაამატა.

„კანტუს” 9 გამარჯვება მოუგროვდა და “უმანა ვენეციასთანა” და ”სკავოლინი პეზაროსთან” ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს. 7 მოგებით მე-10 საფეხურზე გადაინაცვლა ნიკა მეტრეველის “დინამო სასარიმ”, რომელიც სტუმრად ხსენებულ “უმანასთან” 71:91 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა.

მომდევნო ტურში ქართული „დერბი“ შედგება. 14 იანვარს “ბენეტ კანტუ” “კანადიან სოლარს” უმასპინძლებს“, „დინამო სასარი” კი 15-ში “კასერტას” დაუპირისპირდება.










კომენტარის დამატება