აირჩიეთ გუნდი:

დავით უსტიაშვილი: ბოსნიაში რისთვისაც ჩამოვედით, შევასრულეთ



„მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობდა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ“ - ამ სიტყვებით დაიწყო კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან საუბარი იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა, რომელსაც ბოსნია-საქართველოს დასრულების შემდეგ სარაევოში შევეხმიანეთ.


- დარბაზში წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა. დარბაზი სავსე იყო, ყველა ბოსნიას ქომაგობდა, ჩვენი ბიჭები კი ბოლომდე იბრძოდნენ. ისინი მაშინაც კი არ გატყდნენ, როცა ბოსნიელებს წინ გასვლამდე 1 ორქულიანი აკლდათ.

- არადა, 20 ქულით ვიგებდით...

- ეს კალათბურთია. ვიგებდით და შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, რაც გასაკვირი არავისთვის იყო. ბოსნია ძლიერი გუნდია და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ამ წაგების მიუხედავად, ბოსნია ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია. წარმოიდგინეთ, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ სტუმრად, დარბაზი სავსეა, სტვენა, ღრიალი, მასპინძელთა მხარდაჭერა და ასეთ სიტუაციაში შეხვედრას იგებ. ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ რისთვისაც სარაევოში ჩამოვედით, ის შევასრულეთ. ეხლა ბოსნიელების დამარცხება არავის ახსოვს. უკვე ლატვიაზე ვფიქრობთ. ბალტიისპირელებთან მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ.

- ბოსნიამ რომ საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, რა დავალება მიეცით ბიჭებს?

- განსაკუთრებული არაფერი. ბრძოლა, დაცვაში ბოლომდე დახარჯვა და ბურთის გაფრთხილება. გუნდი მთელი მატჩი კარგად თამაშობდა და რამის შეცვლა საჭირო არ იყო. უბრალოდ, მეტოქის შემოტევის მოგერიება გვმართებდა, რაც მოვახერხეთ კიდეც.

- ბოსნიელთა ბოლო შეტევისას განსაკუთრებული ყურადღება ტელეტოვიჩზე გადაიტანეთ...

- ტელეტოვიჩზე თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა გადატანილი და მიუხედავად იმისა, რომ მან 27 ქულით დაასრულა თამაში, ვთვლი, რომ იგი გავაჩრეთ. ტელეტოვიჩმა ბოლოს ჩაყარა ბურთები, მანამდე კი ჩვენი ბიჭები მას საიმედოდ მეურვეობდნენ. ბოლო ეპიზოდში, რა თქმა უნდა, ტელეტოვიჩს განსაკუთრებული მეურვეობა დავუყენეთ, თუმცა ვიცოდით დედოვიჩის შესახებაც, რომელსაც საკუთარ თავზე თამაშის აღება შეუძლია. ასეც მოხდა, ბურთი დედოვიჩს მისცეს, რომლის დაზღვევაც ჩვენმა დაცვამ შესანიშნავად მოახერხა.

- რა იყო გამარჯვების მთავარი მიზეზი?

- გააზრებული, კარგი თამაში. უკლებლივ ყველამ საუკეთესოდ ითამაშა. არავის გამოყოფა არ მინდა. აღსანიშნავია ფაჩულიას ფაქტორი, რომლის დაბრუნებამაც გუნდს აშკარად დამატებითი ძალა და მუხტი შემატა. ზაზამ დიდი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში.

- ფაჩულიამ მხოლოდ 27 წუთი ითამაშა. რამე ხომ არ აწუხებს?

- არაფერი, ზაზა სრულ მზადყოფნაშია. მან რამდენიმე მატჩი გამოტოვა და სრულ საბრძოლო ფორმაში ჯერ არ არის. თუმცა ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მომავალ მატჩებში დიდ დახმარებას გაგვიწევს.

 

1

688

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ეს მაგარი მწვრთნელია.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.