ზაზა ფაჩულიას მე-10 ორმაგი დუბლი დენვერთან მოგებულ მატჩში: 16 ქულა, 12 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას მე-10 ორმაგი დუბლი დენვერთან მოგებულ მატჩში: 16 ქულა, 12 მოხსნა

29-11-2015, 13:45

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ჩვეული ორმაგი დუბლი შეასრულა. სეზონის მე-17 მატჩში, რომელიც „დალასმა“ შინ „დენვერთან“ გამართა და 91:82 გაიმარჯვა, ქართველმა ცენტრმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ზაზა იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, რითაც დალასელებს გამარჯვების მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ქართველი ცენტრისთვის ეს სეზონის რიგით მე-10 დაბლ-დაბლია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასა და 12 მოხსნას ზაზამ 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. 31 წუთი ითამაშა დირკ ნოვიცკიმაც, რომელმაც შეხვედრა 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 ჩაჭრით და 2 პასით დაასრულა. ბომბარდირი კი დერონ უილიამსი გახდა 22 ქულით.

საინტერესოა, რომ მატჩის 4 პერიოდიდან დალასელებმა 3 წააგეს. 22:25 და 26:27 წაგებული მეოთხედების შემდეგ დალასელებმა უძლიერესი მე-3 პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც „დენვერი“ 25:5 დაჯაბნეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს. აღნიშნულ პერიოდში ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა და 7 ქულა-4 მოხსნით დენვერელების რბევაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

მომდევნო მატჩს დალასელები საკრამენტოში „კინგსთან“ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 1 დეკემბერს, დილის 7 საათზე დაიწყება. 10 მოგებითა და 7 მარცხით ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა - წინ „ოკლაჰომა“ ჰყავს, კვალში კი „იუტა ჯაზი“.

ორმაგ დუბლებში ფაჩულიამ დაიბრუნა მე-3 ადგილი. 2 დღის წინ ქართველ ცენტრს კლივლენდელმა კევინ ლავმა გადაასწრო, რომელმაც დღევანდელ მატჩში "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა და ახლა ზაზასთან ერთად ამ ნომინაციაში მთელს ლიგაში მე-3 ადგილს იყოფს. პირველ ადგილზე კი კვლავინდებურად ანდრე დრამონდია (14), ხოლო მეორეზე - რასელ ვესტბრუკი (11).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით