აირჩიეთ გუნდი:

სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი: 14 ქულა - 15 მოხსნით ფაჩულიამ "დალასს" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხებინა



ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი ნბა-ს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის უთუმცაო ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“ გამოჭედა, რაც „დალას მავერიკსისთვის“ მორიგი გამარჯვების მოპოვებაში განმსაზღვრელი ფაქტორი გამოდგა. გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც - დალასელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგების მქონე გუნდს მოუგეს.

გასულ 30 მატჩში „ოლდენ სტეიტს“ 29 მოგება და ერთადერთი მარცხი ჰქონდა. ოკლენდურმა გუნდმა სეზონი ზედიზედ მოპოვებული 24 გამარჯვებით დაიწყო, რითაც ყველა დროის რეკორდი მთელი 6 მოგებით გააუმჯობესა. ასეთ გუნდთან მატჩში ფაჩულია იყო ერთადერთი მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგ დუბლს უწია. ზაზას უშუალო ოპონენტმა, ანდრე ბოგატმა კი შეხვედრა 9 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა.

ოკლენდელებს ამ მატჩში დიდი დანაკლისი ჰქონდთ, თუმცა სტივ კარის არყოფნა „გოლდენ სტეიტის“ უიმედო მარცხის გასამართლებად ვერ გამოდგება. დალასელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს „გოლდენ სტეიტი“ და მთელი თამაში ისე ჩაატარეს, სტუმართათვის წარმატების მცირეოდენი შანსიც არ მიუციათ. ამაში ლომის წილი ფაჩულიას მიუძღვის, რომელმაც ორმაგი დუბლი უკვე მეორე პერიოდში შეასრულა.

მთლიანობაში ქართველ ცენტრს ბევრი არ უთამაშია. ამის მიზეზი მატჩისთვის ინტრიგის ნაადრევად დაკარგვა იყო. როცა დალასელთა უპირატესობამ მესამე პერიოდში 20 ქულას გადააჭარბა, შეხვედრის ბედი გაირკვა და ასპარეზი სათადარიგო მოთამაშეებს დაეთმოთ.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ფაჩულიამ ფიცარნაგზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 14 ქულა შეადგინა. ზაზა ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი გახლდათ, რასაც მის მიერ მოგროვებული 15 მოხსნაც ცხადყოფს. 14 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 2 პასი მიითვალა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

დალასელთაგან საუკეთესო ისევ ჯეი ჯეი ბარეა გახლდათ, რომელსაც დერონ უილიამსის ტრავმის გამო შანსი მიეცა და მას მშვენივრად იყენებს. ამჯერად პუერტორიკოელმა ვეტერანმა 23 ქულა და 6 პასი მიითვალა. 18 ქულა დააგროვა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო 13-13 ვესლი მეთიუზმა და დევინ ჰარისმა.

19 მოგებითა და 13 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა და მცირედით ჩამორჩენა „ლოს ანჯელეს კლიპერსს“. მორიგი ჯახი დალასელებს მაიამიში, 2 იანვარს ელით.

რაც შეეხება ორმაგი დუბლების რბოლას, 17-17 ერთეულით ლიგაში მე-4 ადგილს ფაჩულია და დეანდრე ჯორდანი იყოფენ.

წყარო: GBF.Ge  
Загрузка...

0

16632
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.