თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ევროლიგის მატჩებში საუკეთესოები იყვნენ

თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ევროლიგის მატჩებში საუკეთესოები იყვნენ

28-10-2011, 10:14

ევროლიგის მორიგი ტურის მატჩებმა ქართველი კალათბურთელების წარმატებით ჩაიარა. თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა თავიანთ გუნდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ხოლო შერმადინის თანაგუნდელმა მანუჩარ მარკოიშვილმაც დამაჯერებლად ითმაშა.

განსაკუთრებით გამოსარჩევი მაინც 20 წლის ქართველის, თორნიკე შენგელიას თამაშია, მით უმეტეს, რომ მისი დახმარებით ბელგიურმა “შარლერუამ” ევროლიგაში გასვლითი შეხვედრა მოიგო. თანაც შარლერუელებს სტამბოლში, ადგილობრივ “ეფესთან” უწევდათ თამაში და განსაკუთრებით ამიტომაა შენგელიას გუნდის წარმატება დასაფასებელი. ისედაც ძლიერი “ეფესი” სეზონის წინ ნბა-ში მოთამაშე ერსან ელიასოვათი გაძლიერდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა წუხანდელ მატჩში, მაგრამ მისი 21 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა სტამბოლელების წარმატებისთვის.

თითქმის მთელი შეხვედრა თანაბრად მიდიოდა. “შარლერუა” პირველ მეოთხედში მოპოვებულ 9-ქულიანი უპირატესობას მატჩის ბოლომდე კბილებით ინარჩუნებდა და საბოლოოდ მოახერხა კიდეც. მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ბელგიური კლუბი 76:70 იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება (76:76) მოახერხეს. ბოლო 50 წამში კი შენგელიას გუნდმა იყოჩაღა და საბოლოოდ 1 ქულის სხვაობით – 80:79 გაიმარჯვა.

ბოლო 2 წუთი შენგელია მოედანზე არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოებში გადაინაცვლა. თუმცა მანამადე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, შენგელია შეუდარებელი იყო. 20 წლის ქართველმა დამაჯერებლად და მეტად აკურატულად ითამაშა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მას თავისიანთა შორის ყველაზე მაღალი საერთო სარგებლიანობის კოეციფიენტი დაეფიქსირებინა.

შენგელიამ 3 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 6 საჯარიმო სროლიდან 4 მოათავსა სტამბოლელთა კალათში. თორნიკეს საბოლოოდ 8 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა ისე, რომ ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 16 შეადგინა, ხოლო მომდევნო შედეგები ჯასტინ ჰამილტონმა (15) და დემონ მალემ (14) დააფიქსირეს. პირველმა მოედანზე 31,18 წუთი გაატარა, ხოლო მეორემ – 37,13 წუთი.

“შარლერუას” 2 ტურის შემდეგ 1 მოგება და 1 წაგება აქვს. პირველ ტურში შენგელიას გუნდი შინ მადრიდის “რეალთან” დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას შარლერუელები ბელგრადში “პარტიზანის” წინააღმდეგ 3 ნოემბერს ჩაატარებენ.

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “კანტუ” მთელი 3 მეოთხედის განმავლობაში უძალიანდებოდა “კახა ლაბორალს”, თუმცა შინაურ კედლებში მოთამაშე ესპანურმა კლუბმა საბოლოოდ მაინც გატეხა კანტუელები და საბოლოოდ 81:69 იმარჯვა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის საუკეთესო მაჩვენებელი გიორგი შერმადინს ჰქონდა. ცნობისთვის, პირველ საევროლიგო შეხვედრაშიც, რომელშიც “კანტუმ” “ნანსი” დაამრცხა, ქართველი ცენტრი თავისიანთაგან საუკეთესო იყო.

შერმადინმა მოედანზე 16,48 წუთი გაატარა 11 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 4–დან 3 ორქულიანი და 7–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რის შემდეგაც კანტუელთაგან ვლიდიმირ მიკოვი (13) მოდის.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 13:32 წუთი გაატარა. მანუჩარმა ოთხივე ორქულიანი ააცილა, თუმცა შორი დისტანციიდან 3–ში 2 სროლა ჩააგდო და 6 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 5 შეადგინა.

მომდევნო, მესამე ტურის მატჩს, „კანტუ“ 3 ნოემბერს, შინ ესპანურ „პილბაოსთან“ გამართავს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით