ფაჩულიას და შენგელიას გუნდები ევროლიგაში ბრძოლაში დამარცხდნენ

ფაჩულიას და შენგელიას გუნდები ევროლიგაში ბრძოლაში დამარცხდნენ

20-11-2011, 19:10

ევროლიგის მეორე სათამაშო დღე ვერ გამოდგა ქართველი კალათბურთელებისთვის სახეირო. წააგო როგორც ზაზა ფაჩულიას „გალათასარაიმ“, ასევე თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“, ქართველმა კალათბურთელებმა კი ჯამში 18 წუთი ითამაშეს და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ.

„გალათასარაიმ“ სტამბოლში ევროკალათბურთის გრანდ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 48:61 აგებდა, მოგების შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტ პერიოდში „გალათასარაის“ კარგმა თამაშმა მასპინძლებს მოგების შანსები გაუჩინა, მაგრამ საბოლოოდ კატალონიელებმა მაინც იმარჯვეს – 70:66.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც ერთთვიანი უქმობის შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე თურქეთის ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდა, „ბარსელობასთან“ მხოლოდ 5 წუთს ათამაშეს. მცირე სათამაშო დრო სავარაუდოდ კვლავ ტრავმით უნდა იყოს გამოწყვეული. ფაჩულიამ საბოლოოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან ორივე საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა.

სტამბოლელთა რიგებში საუკეთესო ლუკსა ანდრიჩი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ბარსელონელთაგან კი ერაზემ ლორბეკი (14) და ხუან კარლოს ნავარო (12) გამოირჩნენ. სტამბულელებს 2 მოგების წილ მესამე მარცხი მოუგროვდათ და D ჯგუფში რუსულ ”უნიქსთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, კვლავ შინ, პოლონური ”პროკომის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტოლსწორი ბრძოლა გაუმართა ძლიერ მეტოქეს თორნიკე შენგელიას გუნდმაც. „შარლერუა“ თელ ავივში „მაკაბის“ ბოლო მეოთხედის წინ 54:50 უგებდა და ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც საც საწყისი ათწუთეული 11:22 დათმო. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც იძალეს და შეხვედრა სათავისოდ – 69:59 დაასრულეს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში თავი ვერ გამოჩინა 20 წლის თორნიკე შენგელიამ, რომელიც ხუთეულში კი იყო, მაგრამ ნაადრევად დაუგროვდა ჭარბი პერსონალურები და მწვრთნელი ჯერ მას მოედანს არიდებდა, შემდეგ კი ქართველი ფორვარდი მოედნიდან გავარდა. შენეგელიამ მეტოქის ფარს საშუალო მანძილიდან ორჯერ შეუტია, მაგრამ ვერც ერთი ვერ ჩააგდო. მან მოედანი ხუთი პერსონალურის მიღების შემდეგ, 2 მოხსნით დატოვა.

შარლერუელებს ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და C ჯგუფში კვლავინდებურად ბოლო ადგილზე იმყოფებიან. შენგელიას გუნდი მეექვსე ტურში მ 24 ნოემბერს ესპანეთში მადრიდის ”რეალს“ შეხვდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით