ვიქტორ სანიკიძე: თუკი სათანადო პირობებს შემომთავაზებს, "არმიაში" ვითამაშებ

ქართული კალათბურთი / სუპერლიგა / უცხოური კალათბურთი 23-ნოე, 16:179 datopagava23 1188 0






ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ბოლონიური „კანადიან სოლარის“ ქართველმა ფორვარდმა „მონტეგრანაროსთან“ გასვლით მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავისიანებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. სანიკიძემ წინა ტურშიც ბრწყინვალედ ითამაშა: მისმა ორმაგმა დუბლმა ბოლონიელებს სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „ვარეზე“ დაამარცხებინა. სანიკიძის გააქტიურებას ხელი გარკვეულწილად ჯარედ ჰომანის გუნდიდან გაშვებამაც შეუწყო. ამერიკელი კალათბურთელი ბოლონიურ გუნდში ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა და შეტევების დაგვირგვინების ამბიცია ჰქონდა. ის არ იყო გუნდური მოთამაშე და ვარჯიშისას მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტი არ აპატიეს. ჰომანის გუნდიდან გაძევების შემდეგ ქართველი ფორვარდი 2 მატჩია მოედნიდან ორმაგი დუბლით გამოდის. სანიკიძეს დღეს ბოლონიაში GBF.GE საიტი დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზეც ესაუბრნენ.

– გასული 2 მატჩია, ძალიან შედეგიანად თამაშობ. ამის მიზეზი სათამაშო დროის გაზრდაა, რაც გუნდიდან ჯარედ ჰომანის გაშვებას მოჰყვა?
– არც ჰომანის გაგდებამდე ვთამაშობდი ცოტას. მისი წასვლის შემდეგ მხოლოდ 4 წუთი მომემატა. ვფიქრობ ჩემი გააქტიურების მიზეზი გუნდში სათამაშო სქემის შეცვლაა.
– აქამდე რატო არ თამაშობდით ასეთი სქემით, მით უფრო, რომ შენს წარმატებულ თამაშს ორჯერვე მატჩში გამარჯვება მოჰყვა?
– ჯარედ ჰომანის მოედანზე ყოფნისას ასე ვერ ვითამაშებდით, რადგან ამ კალათბურთელს ყველა შეტევების დაგვირგვინება თავად სურდა. თუკი პასს არ მისცემდი, ხასიათი უფუჭდებოდა. მისი წასვლის შემდეგ უფრო მეტი გასაქანი მომეცა და ეს შედეგებზეც აისახა.
– თუკი ეგრე თამაშობდა, ისედაც გასაგდები ყოფილა გუნდიდან...
– არა, მაგიტომ გუნდიდან არავინ გაუშვებდა, ბომბარდირობა რომ უნდოდა. ის საკმაოდ მაღალი შედეგიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ ხასიათი ჰქონდა რთული. ერთ–ერთ ვარჯიშზე კი მას ნერვებმა უმტყუნა და მწვრთნელს ეჩხუბა.
– როგორც პრესაში ეწერა, ჰომანმა ალესანდრო ფინელის სახეში მოარტყა და მწვრთნელს ცხვირიდან სისხლი წასკდა...
– ხელით შეხებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რასაც წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. მოთამაშემ არ მოუთმინა მწვრთნელს შენიშვნა და ყველაფერი აქედან დაიწყო. ამ ინციდენტის შემდეგ ჰომანი დაუყოვნებლივ გაუშვეს გუნდიდან.
– მისი წასვლის შემდეგ სათამაშო ამპლუა ხომ არ შეგეცვალა?
– ჰომანი ცენტრი იყო და ფარქვეშ ბრძოლისას ერთმანეთს ვეშველებოდით. ახლა სამწამიანში გაცილებით მეტი ძალისხმევა მმართებს და მიხარია, რომ ამოცანას თავს კარგად ვართმევ. ახლა უფრო იმაზეა ჩემი პოზიცია დამოკიდებული, თუ როგორ წამივა თამაში. შემიძლია პიკენროლი ვითამაშო, ანაც სამწამიანიდან შევუტიო, პერიმეტრზე ავიდე და ასე შემდეგ. სადაც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს შეტევაში, იქ ვთამაშობ. აქამდე ესე არ ვიყავი. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ გუნდი იგებს და ჩემს შედეგიანობას ფასი ემატება.
– ბოლო მატჩებში გამარჯვებით ცხრილშიც საკმაოდ დაწინაურდით...
– ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ ბოლოსწინა ტურში, როცა ბოლონიაში საკმაოდ ძლიერი „ვარეზე“ დავამარცხეთ. ამ გუნდს ბოლო 4 თამაში მოგებული ჰქონდა და ბოლონიაშიც დიდი ამბიციით ჩამოვიდა, თუმცა ვერაფერს გახდა. გასულ ტურში კი „მონტეგრანაროს“ სტუმრად მოვუგეთ. მართალია, ეს გუნდი
გასულ ტურებში საკმაოდ სუსტად თამაშობდა, მაგრამ მაინც სახიფათო იყო. ხელმძღვანელობამ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ჩვენთან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. საბედნიეროდ, გამარჯვებას მაინც მივაღწიეთ.
– ასე წარმატებული თამაშით იტალიის ლიგის ოლ სტარში სავარაუდოდ პირდაპირ მოხვდები. გასულ სეზონში ხომ მასში მოსახვედრად სხვისი ტრავმა შეგეშველა...
– მაგაზე არ ვფიქრობ. არც კი ვიცი, როდის და თუ საერთოდ გაიმართება იტალიაში ყველა ვარსკვლავის მატჩი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფორმის შენარჩუნება და გუნდის გამარჯვებაა.
– მომავალზე რას ფიქრობ, ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს გიმთავრდება...
– ამაზე ჩემი მენეჯერი მუშაობს. ვიცი, რომ თუ ასე გავაგრძელებ, მსურველები აუცილებლად გამომიჩნდება. ამ საკითხზე უფრო სეზონის მეორე ნახევრიდან ვიფიქრებ, არაა გამორიცხული, რომელიმე გუნდთან წინასწარი, არაოფიციალური კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გავაფორმო.
– იყო საუბრები, რომ შესაძლებელია, სანიკიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიაში“ გადმოვიდესო...
– როგორც ვთქვი, მე მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს „კანადიან სოლართან“ და თუკი რომელიმე გუნდს ჩემი შემატება უნდა, ბოლონიელებთან ჩემი კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს. თუ ამას „არმია“ გააკეთებს, სიამოვნებით ვითამაშებ ამ კლუბში.
– მოგეხსენება, „არმია“ ევროჩელენჯზე თამაშობს და შენი დახმარება ძალიან წაადგება...
– ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართული კლუბი ევროპულ ასპარეზსს დაუბრუნდა და საკმაოდ წარმატბულადაც. არმიელების თამაშებს თვალს ვადევნებ და კოტე ტუღუშსაც მივულოცე სადებიუტო მატჩში გამარჯვება. დღესაც ვაპირებ ჰოლანდიურ „ლეიდენთან“ არმიელების მატჩის ყურებას. ეს შეხვედრა იტალიის დროით 3 საათზე იწყება და ამ დროს სახლში ვიქნები.
– ამ სეზონის დასრულების შემდეგ „არმიაში“ გადასვლის ვარიანტს თუ განიხილავ?
– თუ სათანადო პირობებს შემომთავაზებენ, „არმიაში“ აუცილებლად ვითამაშებ. თანაც, თუკი ამ სეზონში ევროჩელენჯზე წარმატებულად გამოვლენ, არმიელები მომავლისთვის ევროთასის ლიცენზიას მოიპოვებენ და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
– თავად ბოლონიური კლუბი არ გელაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?
– როგორც ვიცი, სურთ რომ გუნდში დავრჩე, მაგრამ ჯერ კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018