იგორ კოკოშკოვი: ყველა ღონეს ვიხმარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ღირსეულად წარმოჩნდეს

ქართული კალათბურთი 18-დეკ, 23:489 Sportnews 1191 0






იგორ კოკოშკოვთან კონტრაქტის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიალზე მწვრთნელსა და ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, ცხადია, ჟურნალისტების კითხვებზეც მოუწიათ პასუხების გაცემა. თუმც სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერდნენ, კოკოშკოვმა და ფედერაციის პრეზიდენტმა შემდეგი განცხადებები გააკეთეს:

იგორ კოკოშკოვი:

- ძალიან მიხარია, რომ კვლავ საქართველოში ვარ. ეროვნებით სერბი ვარ, ამერიკაში ვცხოვრობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩემი მეორე სახლია. განვლილ ოთხ წელიწადში გუნდთან ბევრი ვიმუშავე, ნაკრების წევრებთან, ხალხთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნო იყო. ამიტომ, როცა ახალი ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემდამი ნდობა.

ბესიკ ლიპარტელიანი:

- ჩვენი მთავარი მიზანი ნაკრების თამაშის კიდევ ურო გაუმჯობესებაა. შესარჩევი ეტაპიდან მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გავა, რომლებსაც საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ოთხი მესამეადგილოსანი დაემატება. იგორ კოკოშკოვისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, იქ კი კარგი შედეგის ჩვენებას ვითხოვთ. ამასთან, მწვრთნელმა უნდა სათანადადოდ წარმართოს გაახალგაზრდავების პროცესი. ნაკრებში არიან წევრები რომლებმაც თავისი სიტყვა უკვე თქვეს, სპორტული თვალსაზრისით ასაკიანებიც არიან. სწორედ მათ უნდა ჩაენაცვლოს ახალი თაობა. სწორედ ნაკრების მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ ვის უნდა ჩაენაცვლოს.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა განაცხადა:

- კონტრაქტი, მასზე ხელის მოწერა ფორმალობაა, მთავარია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და მეც მოხარული ვარ, რომ კვლავ პროექტის ნაწილად დავრჩი. აქამდეც მაქსიმუმს ვაკეთებდით და ამიერიდანაც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ღირსეულად წარმოჩნდეს.

- ევროპის ჩემპიონატზე თქვენი გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. ცხადია, იცით, რომ ამაზე ნაკლებ შედეგს თქვენგან არავინ ელის.

- კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რომ შევთანხმდით, ვიცოდი რა ამოცანები დადგებიდა ჩემს წინაშე. ყველაფრისთვის მზად ვარ. საერთოდ, გარკვეულ სიმაღლემდე ასვლა ძნელია, თუმცა უფრო ძნელი სიმაღლის შენარჩუნებაა. საქართველოს ნაკრებმა ჯერ „ბე“ დივიზიონიდან „ა“–ში გადაინაცვლა, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა. 2013 წელს გასამართ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ამის გამეორება იოლი არ იქნება, მაგრამ ვიცი რომ ქართველი გულშემატკივარი და მედია კვლავ თორმეტეულში მოხვედრას ელის, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. მიზნის მისაღწევად ისევე მონდომებით ვიმუშავებთ, როგორც აქამდე. ვიბრძოლებთ თითოეული მატჩის მოსაგებად. ჩვენმა კალათბურთელებმა უკვე დაინახეს, რომ დიდ გუნდებთან ბრძოლა და გამარჯვებაც შეუძლიათ. ვეცდებით, გულშემატკივარი ისევ გავახაროთ და საქართველოს მოპოვებული რეპუტაცია კიდევ უფრო გავზარდოთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018