ქართული კალათბურთი / NBA
ფაჩულიამ პორტლენდში 8 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა

„ატლანტა ჰოუქსმა“ დასავლური ტურნის მორიგი მატჩი პორტლენდში უშანსოდ - 77:97 წააგო, თუმცა ზაზა ფაჩულიას თავი არ შეურცხვენია და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა, რომელსაც დიდი ალბათობით მოაგროვებდა კიდეც, მატჩის ბედი ნაადრევად რომ არ გადაწყვეტილიყო.

პორტლენდელებმა შეხვედრა მძლავრად ჩაატარეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდნენ. ბოლო მეოთხედის დასაწყისში მასპინძელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა, რის გაბათილებასაც ატლანტელები კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ჰოუქსს“ შეხვედრის გადარჩენის შანსი არ მისცემია. ძირითადი ხუთეულის წევრ ზაზა ფაჩულიას კი შეხვედრის ბოლო 9 წუთის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუხდა. მის ნაცვლად სამარქაფო ვლადიმირ რადმანოვიჩს მისცეს შანსი.

ფაჩულიამ მთლიანობაში მაინც საკმარისად - 28 წუთს ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 8 ქულა შეადგინა. ზაზამ 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მატჩის მსვლელობისას ფაჩულია კარგა ხანს ოქმში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ მას საერთო სარგებლიანობით ჯოშ სმიტმა გადაუსწრო, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

19 მოგება და 12 მარცხი - ამ შედეგით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. „ქორები“ თავის გასვლით ტურნეს ამჯერად აღმოსავლეთში გააგრძელებენ. 21 თებერვალს ისინი კონფერენციის ლიდერ „ჩიკაგოს“ შეერკინებიან, ხოლო 23-ში ნიუ იორკში ითამაშებენ.










კომენტარის დამატება