ქართული კალათბურთი / NBA
ორ მატჩში 2 დასისხლიანებული

„ატლანტამ“ წაგებებს უხშირა. გუშინ მილუოკიში განცდილი მარცხის შემდეგ ჯორჯიულმა კლუბმა დღეს, გამთენიისას შინაურ არენაზეც წარუმატებლად ითამაშა. ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერ „ჩიკაგო ბულსთან“ განადგურდა - 77:98.

ატლანტელებმა პირველი მეოთხედი კი მოიგეს, მაგრამ მეორე ჩააგდეს და მას შემდეგ მატჩი ვეღარ შემოაბრუნეს. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მყოფთაგან ისევ ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა, რამაც ზუსტად იმის ნახევარი შეადგინა, რაც ქართველმა ცენტრმა „იუტასთან“ ოთხოვერტაიმიან მატჩში სარეკორდოდ (20) მოხსნა.

10 მოხსნას ზაზამ 7 ქულა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. ზაზა იმდენად მოწადინებით იბრძოდა მოხსნების მოსაგროვებლად, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ჩიკაგოელი კაილი კორვერი დაასისხლიანა. ზაზას ხელი კორვერს შუბლში მოხვდა და სისხლი წასკდა. მას შუბლზე რამდენიმე ნაკერს დაადებენ.

უკვე დაადეს ნაკერები ფაჩულიას თანაგუნდელ ჯო ჯონსონს, რომელსაც „მილუოკისთან“ წინა მატჩის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ქართველი ცენტრის ხელმა ტუჩი გაუხეთქა. ატლანტელთა ლიდერს სისხლი წასკდა და ამის გამო მატჩის ბოლო 3 წუთი არ უთამაშია. „ატლანტას“ ლიდერი ჰოსპიტალში წაიყვანეს და ტუჩზე სამი ნაკერი დაადეს. ტუჩმტკივანმა ჯონსონმა დღევანდელ მატჩში მხოლოდ 28 წუთი ითამაშა და 12 ქულას, 6 პასს და 2 მოხსნას დასჯერდა.

30 მოგებითა და 22 მარცხით „ატლანტა“ აღმოსავლეთში მეექვსე ადგილზე გამყარდა. მის წინ „ინდიანა“, უკან კი - ბოსტონია“. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით ზეგ გამთენიისას, შინ „ნიუ იორკთან“ გამართავს.












კომენტარის დამატება