ფაჩულიას 12 ქულა, 16 მოხსნა და საუკეთესოს ტიტული

ქართული კალათბურთი / NBA 08-აპრ, 11:359 Sportnews 2103 1






ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრი დღეს, გამთენიისას, შარლოტში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 12 ქულა და 16 მოხსნა მოედანზე მყოფთაგან ყვლაზე საუკეთესო შედეგი გახლდათ, რისი წყალობითაც „ატლანტამ“ მასპინძლები 116:96 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფაჩულიამ წინა შეხვედრა „დეტროიტთან“ შედარებით მოკრძალებულად ჩაატარა. ის მოედანზე მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა და შეხვედრა 4 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. დღევანდელ შეხვედრაში კი ქართველმა ცენტრმა დიდებულად ითამაშა და ის მწვრთნელმა მოედანზე კარგა ხნით გააჩერა. მთლიანობაში ზაზამ 38 წუთი ითამაშა და საუკეთესო შედეგიც აჩვენა.

ფაჩულიამ მეტოქის ფარს თამაშიდან 6-ჯერ შეუტია და 5 ჩააგდო. ზაზამ 2-დან ორივე საჯარიმოც მიითვალა და მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარზე ბრძოლაში და საბოლოოდ პირად ანგარიშზე 16 მოხსნა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ შარლოტელთაგან 5 მოხსნაზე მეტი არავის დაუგროვებია, ხოლო ატლანტელებში ფაჩულიას შემდეგ საუკეთესო შედეგი - 6 მოხსნა - ივან ჯონსონს ჰქონდა. ზაზა სხვა სათამაშო კომპონენტებშიც ჩინებულად გაისარჯა: 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება საკმაოდ კარგი რეზულტატია.

უნდა აღინიშნოს, რომ ატლანტელებმა საკმაოდ სტაბილურად ითამაშეს. არც ერთ მათგანს არ მიუღწევია 20-ქულიან ზღვრამდე, სამაგიეროდ 7 ატლანტელი გადასცდა 10-ქულიან თამასას. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 23:19 მოიგეს, სტუმრებმა შეხვედრის ბედი მალევე გადაწყვიტეს. მეორე პერიოდი ატლანტელებმა 29:13 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 18 ქულით ლიდერობდნენ.

„ატლანტას“ 34 მოგება და 23 წაგება აქვს - ჯორჯიული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „ორლანდო“ ძალიან ახლოსაა. ფაჩულიას გუნდს 2 ურთულესი გამოცდა ელის: 11 აპრილს ბოსტონში, ხოლო 13-ში ორლანდოში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 14-აპრ, 09:53

მე-11 ორმაგი დუბლი wink მაგარი კაცია რა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018