აირჩიეთ გუნდი:

იგორ კოკოშკოვის სრული პრესკონფერენცია



დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევრონული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც იგორ კოკოშკოვი, დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში დაესწრნენ.

პრესკონფერენცია მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანი ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის პირველი წრის შეფასება გახლდათ. სანამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდა, იგორ კოკოშკოვმა ზოგადი განცხადება გააკეთა...

- დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. 4 თამაში ჩავატარეთ და ვფიქრობ, დროა განვლილ პერიოდზე ვისაუბროთ. მზად ვარ, თქვენთვის საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, წინ კიდევ 4 თამაშა. ესეთი ფორმატის გათამაშებაში 1 მატჩს შეუძლია დიდი ცვლილებები გამოიწვიოს. როგორც მწვრთნელს, თუკი ტურნირის დაწყებამდე შემომთავაზებდნენ, რომ პირველი წრის შემდეგ 4 თამაშიდან 3 მოგება გექნებაო, დავთანხმდებოდი. ყველა თამაში სხვადასხვა სცენარით მიდის, ჩვენი ბიჭები მოედანზე მოსაგებად გადიან. სამწუხაროდ, ბოლო მატჩში დავმარცხდით, მაგრამ წარმატების მიღწევის მაინც კარგი შანსი გვაქვს...

- თქვენ პროფესიონალი ჟურნალისტები ხართ და შესარჩევ ტურნირს თვალყურს ადევნებთ. რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, სადაც აშკარა ფავორიტები დამარცხდნენ. ისრაელმა შინ ესტონეთთან წააგო, შემდეგ სერბეთს მოუგო, ხოლო თურქეთმა მატჩი ჩეხეთთან დათმო. იმის თქმა მინდა, რომ ამ ტურნირში ყველა თამაში ბრძოლაა. 4 წლის წინ, როცა B დივიზიონში ვიყავით და შეგეძლო მოდუნებულად გვეთამაშა ლუქსემბურგთან და ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრთან. ყველამ იცის თამაში. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ისაა, რომ მარცხის შემდეგ გამოვიდეთ სიტუაციიდან და მომდევნო მატჩებს კარგად მომზადებულები შევხვდეთ. წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ, ახლა მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს რუმინეთზე. მართალია, ჩვენს მომდევნო მეტოქეს გამორჩეული სახელის მქონე კალათბურთელები არ ჰყავს, თუმცა ანგარიშგასაწევი გუნდია და ეს პირველ წრეში, თბილისშიც გამოჩნდა. ჩვენ არანაირი გათვლა არა გვაქვს, ოთხივე თამაშზე მოსაგებად გავალთ, იმიტომ, რომ შეიძლება ერთის წაგებამ ბევრი რამ შეცვალოს. ძალიან კარგია, რომ ზაზა ფაჩულია ტრავმის შემდეგ დაგვიბრუნდა, გიორგი შერმადინიც გამოჯანმრთელდა, ყოჩაღადაა ვიქტორ სანიკიძეც, რომელსაც მხარი უკეთესად აქვს და მომდევნო თამაშზე ალბათ დაგვეხმარება.

ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა კითხვედით მიმართეს

- რას იტყვით მოკლე სკამზე, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჰოლანდიაში წაგების?

- ყველა მატჩს თავისი მიდგომა აქვს. სანიკიძე გვაკლდა, რომელიც ამ გუნდში საშუალოდ 30 წუთი თამაშობს. მისი არყოფნა სათადარიგოებით უნდა აღმოფხვრილიყო. იყო მომენტები, როცა ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ერთად იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ სანიკიძის სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა.

- ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა რომ ყოფილიყვნენ, შედარებით გაგვიადვილდებოდა...

- მაგ საკითხზე ჩემი შეხედულება მაქვს. ნება მომეცით, აგიხსნათ. სანიკიძემ მძიმე ფორვარდად ჩაატარა ბოლო წელი, რომელიც საუკეთესო იყო მის კარიერაში. ის გახდა იტალიის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდი. მიუხედავად იმისა, რომ სანიკიძე არის უნივერსალი კალათბურთელი, ის ყველაზე სარგებლიანი 4 ნომერზეა. მე მას ბევრ პოზიციებზე ვათამაშებ. გერმანიასთან მას უწევდა ცენტრის დაჭერა, ხოლო ლატვიასთან ერთ ეპიზოდში გამთამაშებელსაც კი მეურვეობდა. მან შეიძლება მითხრას, რატომ არ მათამაშებ 4 ნომერზეო, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის გუნდის ინტერესებს ითვალისწინებს. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კიდევ გვყავდა არაერთი მოთამაშე - თორნიკე შენგელია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვოვა ბოისა, ნიკა მეტრეველი. ეს ერთი პოზიციისთვის ძალიან ბევრია. ნაკრებში 12 საუკეთესო მოთამაშე კი არ უნდა იყოს, არამედ 12 პოზიციურად ზუსტად დაბალანსებული კალათბურთელი. ბოისა და ცქიტიშვილი რომ ამეყვანა, დროის განაწილებას ვერ მოვახერხცებდი. ანუ მათ არ მოუწევდათ თამაში. ამ პოზიციაზე მე ხუთეულის წევრად თორნიკე შენგელიას ვხედავ, ასევე ნაკრების მომავალია ნიკა მეტრეველი. გავიხსენოთ, როცა თორნიკე სრულიად ახალგაზრდა იყო, თამაში ცქიტიშვილს და ბოისას უწევდათ. ერთ ზაფხულს ვოვა რომ ვერ ჩამოვიდა, შენგელიას ხუთეულშიც ვათამაშებდი. ის ბრწყინვალე კალათბურთელი გაიზარდა და პროგრესს კიდევ განიცდის. ჩემი აზრით ის მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე მე თორნიკე მე-3 ნომერზე გადავწიე და ბოისასთან ერთად ვათამაშებდი ხუთეულში. თქვენს კითხვას რომ მოკლედ ვუპასუხო, ცქიტიშვილისა და ბოისას არწაყვანის მიზეზი მძიმე ფორვარდის პოზიციის გადატვირთვაა. მე შემეძლო ისინი გუნდში ამეყვანა და ყოფილიყვნენ განაცხადში, მაგრამ მათ არ მოუწევდათ თამაში. თორნიკე ახალგაზრდაა და აქცენტი მასზე გაკეთდა. ის ითამაშებს ისე, როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს გაუხარდება. არავითარი პირადული, ეს იყო პროფესიონალური გადაწყვეტილება. ასეთ ვითარებაში, მე ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რაც საუკეთესო იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.


- ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობას სხვებიც განიცდიან. ანუ არაერთი გუნდი თამაშობს 6-7 კალათბურთელით, თუმცა ჩვენ ეს არ გამოგვდის...

- მე არ ვარ ამ გუნდის ლიდერი, ლიდერები არიან მოთამაშეები. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავისთავად რისკთან არიან დაკავშირებული. ყველა საქმეს თან რისკი ახლავს, რომელიც ყოველთვის არ გაამართლებს. სანიკიძის ტრავმისგან დაზღვეული ვერ ვიქნებოდით.

- არაერთხელ მოხდა, რომ სოლიდური უპირატესობა გავანიავეთ...

- მე არ ვფიქრობ, რომ მოთამაშეებს უნდათ უპირატესობის დათმობა. იცით, რომ ფაჩულია საპატიო მიზეზების გამო გვიან შემოგვიერთდა და პირველ ოფიციალურ მატჩამდე ნაკრებთან მხოლოდ 7 ვარჯიში ჩაატარა. გვიან შეუერთდნენ ნაკრებს ჯეიკობ პულენი და და თორნიკე შენგელია, რომლებიც ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშობდნენ. გიორგი შერმადინი ტრავმით გამოწვეული იძულებითი 4-თვიანი შესვენების შემდეგ შემოგვიერთდა. ასე რომ იყო მიზეზები, რის გამოც გუნდი 100 პროცენტით მზად ვერ შეხვდა ოფიციალურ თამაშებს. ამ მხრივ რაღაცეები უნდა შევცვალოთ, რათა მოხერხდეს ძალების მატჩის ბოლომდე შენარჩუნება. არაერთი გუნდია 7 კალათბურთელით რომ თამაშობს, მაგრამ ეს ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხუთეული დასვენებული შეხვდეს ყოველ შეხვედრას. მინდა აღვნიშნოთ, რომ დარჩენილ მატჩებში დიდი ალბათობით მოგვიწევს ზონის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქეებმა ამ კომპონენტით დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.

- ხომ შეიძლებოდა, გაგეთვალისწინებინათ, რომ ტრავმები იქნებოდა და აგეყვანათ გუნდში ცქიტიშვილი, ან ბოისა?!

- ყველაფერი რისკთანაა დაკავშირებული. ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. მასეთი ალბათობით შესაძლოა მირზა ტელეტოვიჩმაც მიიღოს ტრავმა და ამ შემთხვევაში ბოსნიის ნაკრები ფაქტობრივად განწირული გახდება. გავიმეორებ, რომ აუცილებელია ჯანსაღად შევინარჩუნოთ გუნდი. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავლის გაზრდაზე ორიენტირებულნი. ლატვიას შეხედეთ, 19 წლის მოთამაშეები ჰყავთ და სწორი მიმართულებით ვითარდებიან.

- დაცვის არასტაბილურობაზე რას იტყვით?

- ქართველების ხასიათი ისეთია, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. ოფიციალურ მატჩებში ჩვენ განსხვავებული სტილის გუნდებს შევხვდით. ზოგი რომელ კომპონენტშია ძლიერი, ზოგიც რომელში. ყველა მატჩში გვიწევდა დაცვაში გადაწყობა, რაც იოლი არაა. დაცვაში შეცდომები იყო და ეს უნდა გამოვასწოროთ. თუმცა შეცდომების მიუხედავად, ოთხიდან 3 თამაში მოვიგეთ.

- თავიდან თქვით, რომ 4-დან 3 მოგებას დათანხმდებოდით. მეორე წრეში იგივე პირობას თუ დათანხმდებოდით?

- ამაზე მეორე წრის მერე გიპასუხებთ. ჩვენი მიზანია, რომ ეს პრესკონფერენცია გავმართოთ სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე.

- მრავალ ნაკრებს ჰყავს უცხოელი მწვრთნელი, რომელთა უმეტესობაც ახერხებს იმ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას, რომლის ნაკრებსაც წვრთნიან. თქვენ ეს ვერ მოახერხეთ...

- ეს არის ნბა-ს მწვრთნელების პრობლემა. ნბა-ში მუშაობის გამო ვერ ვახერხებ, რომ საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ჩამოვიდე. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩემს მინუსად. მე დიდად ვენდობი ჩემს ასისტენტებს - დავით უსტიაშვილს და კოტე ტუღუშს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას.

კოკოშკოვის სიტყვა დავით უსტიაშვილმა გააგრძელა...

- ყოველთვის ასეა, რომ როცა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ეროვნული ნაკრების მზადების პროცესია. ჩვენ ყოველწლიურად ვიწყვევთ კალათბურთელებს ახალგაზრდული ნაკრებიდან და ვეძებთ ეროვნული გუნდის შევსებას. სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ არის. ის 5 მოთამაშე, რომლებიც წლეულს გამოვიძახეთ, გუნდში არ დარჩა. იმედია, მომავალში კიდევ გამოჩნდებიან პერსპექტიული მოთამაშეები.

- არც ერთ მოგებული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს არ დალაპარაკებიხართ. ბოსნიას თუ მოვუგეთ, პრესკონფერენციაზე გიხილავთ?

- საქართველოს ნაკრების წევრების უმრავლესობა უცხოეთში თამაშობენ, ისინი აქ იშვიათად არიან და ჟურნალისტებს მათთან ურთიერთობის შანსი ეძლევათ. მე არ ვარ გუნდის ლიდერი, მე გადაწყვეტილებებს ვიღებ. ლიდერები არიან მოთამაშეები და მოგების შემდეგ მედია დაე მათ გაესაუბროს. ასე რომ თუკი ბოსნიას მოვუგებთ, მე კვლავ ვერ მნახავთ. წაგების შემთხვევაში, მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო.


ბრიფინგის დასრულების შემდეგ იგორ კოკოშკოვმა ერთი განცხადებაც გააკეთა:

თქვენი საქმიანობა შედგება იმისგან, რომ ჩემი მუშაობა გაანალიოზოთ, გამაკრიტიკოთ და ასე შემდეგ. მე არ გკარნახობთ, უბრალოდ რჩევა იქნება, რომ ერთმანეთთან დადებითი ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ საქართველოს ნაკრებს ოჯახს ვეძახით. ყველა ოჯახს აქვს კარგი და ცუდი დღეები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და მერწმუნეთ, ამას ყველანი მთელი გულით ვაკეთებთ.

წყარო: gbf.ge  

1

723

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Alex_Song  

ეს თამაში უნდა მოგვეგო რა

ჩემი მსოფლიო შემადგენლობა:კასილასი,ალვეში,პიკე,რამოსი,მარსელო,ხაბი ალონსო, სერხიო ბუსკვერცხი, ანდრეს ინიესტა,კრისტიანო რონალდო,ლიონელ მესსი, სერხიო აგერო

სათადარიგო: პიტერ ჩეხი,პაბლო საბალეტა,ვინსენტ კოპანყ, პეპე, ჯორდი ალბა, ჯონ ობი მიქელი, ალექს სონგი,ლუკა მოდრიჩი,ნეიმარი,უეინ რუნი და რობინ ვან პერსი


”ხოსეპ გვარდიოლა - ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, რომლის მოგებაც მე შემრცხვებოდა.”
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.