Image

მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია!

სიახლეები / ჭიდაობა 23-მარ, 14:039 რაულიტო 1445


















22 მარტს, სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალური შეხვედრა კი სომხეთის ნაკრების წევრს მუსა მურთაზალიევს 2:0, 2:0 მოუგო და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, მესამე უკრაინა იყო, ხოლო პირველი რუსეთის ნაკრები. დავით მარსაგიშვილი (84 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება და ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერსს ჯამში 14:0 მოუგო - 7:0, 7:0 გაიმარჯვა.

პირველი პერიოდის მოსაგებად 43 წამი დასჭირდა, მეორეში კი 50 წამი იკმარა და მესამე წრეში გავიდა, სადაც რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტს შეხვდა. ქართველმა ფალავანმა რუმინელთან შედარებით ფრთხილად, ძალების დაზოგვით იჭიდავა და პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მეორე პერიოდში მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და ფრანტს 7:0 აჯობა.

ამ გამარჯვებით მარსაგიშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების ტიტულოვანი წევრი ანზორ ურიშევი ელოდა. ურიშევი ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია და 2011 წელს თავისთვის მეორე ევროპირველობის ფინალი ქართველ მოჭიდავეს მოუგო. მარსაგიშვილს თბილისურ ევროპირველობაზე რევანშის შანსი მიეცა და გამოიყენა კიდეც - დაძაბულ, ემოციებით სავსე შეხვედრაში, რომელმაც კულმინაციას მეორე პერიოდის მიწურულს მიაღწია 1:0, 4:2 გაიმარჯვა.

მარსაგიშვილმა პირველი პერიოდი გაფრთხილებით მოიგო, მეორე სეტში კი ურიშევს გდება გაუკეთა, რამაც მეტოქის მწვრთნელთა უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია, თუმცა მსაჯებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს და გამარჯვება ქართველ ფალავანს მიაკუთვნეს. ფინალში სომხეთის ნაკრების წევრს მუსა მურთაზალიევს დამაჯერებლად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუგო და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ჩემპიონები გამოვლინდნენ ქალთა ჭიდაობაშიც, სადაც 63-კილოგრამში ლატვიელმა ანასტასია გრიგორევამ იჩემპიონა, 72-ში კი რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნატალია ვორობევამ გაიმარჯვა.

ამით, ქალთა ჭიდაობის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრება დასრულდა და ხვალიდან სპორტის სასახლის ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. ხვალ, „ბერძენ-რომაელები" ჩემპიონ-პრიზორებს ოთხ წონაში გამოავლენენ. ოქროს მედლებისთვის 55, 60, 96 და 120 კილოგრამის მოჭიდავეები იბრძოლებენ.

თბილისი. სპორტის სასახლე. 19-24 მარტი. ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში.
თავისუფალი ჭიდაობა

84 კგ
1. დავით მარსაგიშვილი
2. მუსა მურთაზალიევი (სომხეთი)
3. იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)
3. ანზორ ურიშევი (რუსეთი)

ქალთა ჭიდაობა
63 კგ
1. ანასტასია გრიგორევა (ლატვია)
2. მონიკა მიხალიკი (პოლონეთი)
3. ანა ბელიაევა (აზერბაიჯანი)
3. განა ვასილენკო (უკრაინა)

72 კგ
1. ნატალია ვორობევა (რუსეთი)
2. მაიდერუნდა გონზალეზი (ესპანეთი)
3. ვასილისა მარზალიუკი (ბელარუსი)
3. კატერინა ბურმისტროვა (უკრაინა)

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა