სოსო ლიპარტელიანმა კედელაშვილს და ცირეკიძეს სანაკრებო კარი ერთი წლით ჩაუკეტ

სოსო ლიპარტელიანმა კედელაშვილს და ცირეკიძეს სანაკრებო კარი ერთი წლით ჩაუკეტ

21-11-2010, 17:26

“ზაზა კედელაშვილისთვის და ირაკლი ცირეკიძისთვის ნაკრების კარი საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატამდე დაიხურა. მათ მომავალ სეზონში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსი ამ პირველობის გაცდენით ავტომატურად დაკარგეს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა, სპორტის სასახლეში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე. ლიპარტელიანს პირველობის შეჯამება ვთხოვეთ.
- დაახლოებით 2 თვეა, რაც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. მინდოდა კარგად დავკვირვებოდი შვიდივე წონას და ამიტომაც მოვითხოვე, ყველას ეჭიდავა. უკვე გამოიკვეთა გაფართოებული შემადგენლობა და ამ სიაში შესულ ძიუდოისტებს შანსს საერთაშორისო ტურნირებზე მივცემთ. ვინც თავს უკეთ წარმოაჩენს, ევროპირველობაზე წამსვლელ შემადგენლობაშიც მოხვდება.
- რამდენ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას გეგმავთ?
- ევროპის ჩემპიონატამდე 5-6 ტურნირზე ვაჭიდავებ ნაკრების კანდიდატებს.
- იანვარში ჩასატარებელ თბილისის მსოფლიოს თასზე საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები მიიღებენ მონაწილეობას?
- აუცილებლად. მაგრამ შესაძლოა რამდენიმე ტაქტიკური ცვლილებაც განვახორციელოთ და ზოგიერთ მედალოსანს პირდაპირ უცხოურ შეჯიბრზე მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ამაზე კონკრეტულად საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
- ირაკლი ცირეკიძე კენჭისყრის ბადიდან ბოლო მომენტში ამოიღეს. ხომ არ გისაუბრიათ მასთან?
- არა. რაც მოხდა, უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი. წონა ვერ ჩააბარა, თან დასაშვებზე 4 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა. მგონი ამით ისედაც ყველაფერი ნათქვამია. რაც შეეხება კედელაშვილს, შევიტყვე რომ დაოჯახდა და მინდა მივულოცო. ნაკრების კარი კი მისთვის მინიმუმ ერთი წლით დახურულია, ისევე, როგორც ცირეკიძისთვის.
- ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა გუჯეჯიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრებს თავი აარიდეს. ტრავმები მიიღეს?
- ლიპარტელიანს პირადად ვესაუბრე და ჩემი თვალით ვნახე, რომ მცირე ტრავმა მართლაც მიიღო. გუჯეჯიანზე დაზუსტებულად არაფერი ვიცი, მაგრამ არამგონია რამე საგანგაშო იყოს. სამეულს მიღმა დარჩენის მიუხედავად, საერთაშორისო ტურნირებზე ორივეს მიეცემა შანსი.
- 10-12 დეკემბერს ჩასატარებელ ტოკიოს დიდ სლემზე აპირებთ გამგზავრებას?
- იაპონიაში აუცილებლად ვიჭიდავებთ. შემადგენლობა თითქმის გარკვეულია, მაგრამ საბოლოოდ ამ დღეებში ჩამოვყალიბდები და ორშაბათს გამოვაცხადებ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით