ვარძელაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები სამინისტროში მიიღო

ვარძელაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები სამინისტროში მიიღო

21-09-2010, 15:20

20 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ სამოკოვიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და ერთი ვერცხლი მედალი მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ძიუდოისტა ნაკრებმა და ნაკრების მწვრთნელებმა აეროპორტიდან პირდაპირ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად გადაინაცვლეს.

მინისტრმა ახალგაზრდა მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელ სოსო ლოპარტელიანს წარმატება მიულოცა. ამავე შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, სამინისტრო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

ახალ მწვრთნელს ოფიციალურად ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე 22 სექტემბერს დაამტკიცებენ, ამავე აღმასკომზე დადგინდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღიც.

ლადო ვარძელაშვილი:" გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა თქვენ გადაფარეთ და ხალხი გაახარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად კარგი თაობა მოდის და მჯერა, რომ შეძლებთ ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრებასაც. უახლოეს მომავალსი მსოფლიოს ჩემპიონატი გელით. ამიტომ, კიდევ უფრო კარგად უნდა მოემზადოთ და იქაც ღირსეულად უნდა გამოხვიდეთ.

სამინისტროსგან და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ნამდვილად არ მოგაკლდებათ. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვებისთვის კი მედალოსნები შესაბამის პრემიებს მიიღებენ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად წარვადგინეთ სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია. კარგი შედეგი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე, იყო წარმატებული მწვრთნელი და სპორტსმენი და იმედი მაქვს, რომ ნაკრების თავკაცობასაც თავს ღირსეულად გაართმევს".

სოსო ლიპარტელიანი:" გუნდი კარგად იყო მომზადებული და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და დიდი წარმატება მოიპოვეს. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ კარგი თაობა მოდის და ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება. რაც შეეხება ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი კანდიდატურის წარდგენას, ძალიან დიდი პატივია და მოხარული ვიქნები თუ აღმასკომი მხარს დამიჭერს".

ოთარ კაიდარაშვილი (ევროპის ჩემპიონი, 55 კგ):" საკმაოდ რთული ორთაბრძოლების ჩატარება მომიხდა, თუმცა კარგად ვიყავით მომზადებულები და სასურველი შედეგიც მივიღეთ. მიხარია, რომ ჩემი გამარჯვებით ქართველი გულშემატკივარი გავახარე".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით