რაფაელ ვან დერ ვაარტი: “ფეხბურთელისთვის “რეალში” თამაში კარიერის მწვერვალია”

რაფაელ ვან დერ ვაარტი: “ფეხბურთელისთვის “რეალში” თამაში კარიერის მწვერვალია”

10-12-2010, 19:22

რაფაელ ვან დერ ვაარტი, მადრიდის “რეალში” გატარებული ორი სეზონის შემდეგ, გასულ ზაფხულს ლონდონის “ტოტენჰემში” აღმოჩნდა. 27 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერი 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათით ადრე განხორციელდა და 15 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი, მადრიდელებმა 8 მილიონად დათმეს. მართალია, ვან დერ ვაარტი ლონდონელებს საუცხოოდ შეეგუა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მაგრამ ესპანური Don Balon-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ მალავს, რომ “რეალი” დღემდე მის საოცნებო გუნდად რჩება.

- რას ნიშნავს თავი საფეხბურთო მონად იგრძნო?

- რატომ მონად?

- ზაფხულში თქვენ ისე გაგყიდეს, თითქოს ჩამოფასებული საქონელი იყავით. მადრიდის “რეალმა” და “ტოტენჰემმა” ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას სულ რაღაც რამდენიმე საათის განმავლობაში მიაღწიეს...

- ტრანსფერის თაობაზე ცნობილი ოფიციალურად საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა. მეუღლისთვის დარეკვა და გადაწყვეტილების 20 წუთში მიღება მომიწია. ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვიმყოფებოდი და ამ სატელეფონო ზარის შემდეგ, მადრიდში აღარ დავბრუნებულვარ.

- საკუთარ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

- არა. მე და ჩემმა ოჯახმა ლონდონში ადაპტაცია კარგად გავიარეთ. სპორტული თვალსაზრისითაც ყველაფერი საუცხოოდაა – “ტოტენჰემი” ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

- ყოველთვის ამბობდით, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი თქვენთვის უსაყვარლესია, მაგრამ ახლა ინგლისში თამაშობთ. პრემიერლიგის მსოფლიო რეპუტაციამ თქვენს არჩევანზე რა გავლენა იქონია?

- ესპანეთი ჩემთვის ყოველთვის იდეალური ვარიანტი იყო, რადგან ესპანური ფესვები მაქვს. თუმცა, ინგლისიც მიზიდავს. ბავშვობაში მამასთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის თამაშებს თითქმის ყოველ ტურში ვუყურებდი.

- მადრიდის “რეალი” არ გენატრებათ?

- “რეალი” იყო და რჩება ჩემს ოცნებად. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის იქ თამაში კარიერის მწვერვალია. მადრიდში ორი წელიწადი ვთამაშობდი. პირველი სეზონი არც ისე კარგი გამომივიდა, ხოლო მეორე შედარებით უკეთესი იყო. ჩემი თამაშით ყველა კმაყოფილი იყო. ბევრი რამ ვისწავლე და საკუთარ თამაშს ვსრულყოფდი.

- მაინც რა ისწავლეთ?

- წნეხთან გამკლავება. ვინც იტყვის, რომ “ტოტენჰემის” გულშემატკივრები მომთხოვნები არიან, ის “სანტიაგო ბერნაბეუს” არ იცნობს. იქ გუნდი წარმოუდგენელ ზეწოლას განიცდის, რადგან თითოეულ მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვებასა და უდიდეს თავდადებას გთხოვენ.

- ამბობენ, რომ უშუალოდ მოურინიომ მიგითითათ კარისკენ. მასზე გაბრაზებული ხართ?

- არა. ასე არ ყოფილა. მწვრთნელთან არავითარი პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, მსურდა სტაბილურად მეთამაშა და კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვყოფილიყავი, როგორც ეს “ჰამბურგში” იყო.

- ამიტომ წახვედით თუ სხვა მიზეზები იყო?

- “რეალის” შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია, ხოლო ზაფხულში 25-ნი ვიყავით. მე იმ ფეხბურთელებს შორის გახლდით, რომელთაც კლუბისთვის შემოსავლის მოტანა შეეძლოთ, როგორც ეს სნეიდერისა და რობენის შემთხვევაში იყო.

- ე.ი. ბოლო სიტყვა “რეალის” ხელმძღვანელობაზე იყო?

- სწორედ ასეა. ვალდანომ მათი გეგმის შესახებ შემატყობინა. მოურინიოს არაფერი უთქვამს, რადგან ჩემი თამაშით კმაყოფილი იყო.

- მაშინ შეგეძლოთ უარი გეთქვათ?

- რა თქმა უნდა. სატრანსფერო ბაზარზე საკუთარი ფასი ვიცოდი, რადგან პატარა ბიჭი აღარ ვარ. “რეალში” ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, გუნდიდან წასვლაზე უარი ვთქვი და იგივეს გაკეთება გასულ ზაფხულსაც შემეძლო. მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშს გავაგრძელებდი, რადგან ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ვარ და ის თავის საქმეში არც პრეზიდენტებს ჩარევს და არც მენეჯერებს.

- “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოდის, მაგრამ პრემიერლიგის უძლიერესი გუნდების რიცხვში მოხვედრა უჭირს. რატომ?

- რთული დასაჯერებელია, რომ “ინტერს” მოვუგეთ და შემდეგ “ბოლტონთან” დავმარცხდით. არასტაბილურად ვთამაშობთ, რაც ძალიან გვიშლის ხელს.

- ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში “ტოტენჰემს” რისი მიღწევა შეუძლია?

- ბევრის, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც “ინტერის” წინააღმდეგ. ჩვენ მხოლოდ სტაბილურობა გვჭირდება.

- “რეალი” ჩემპიონთა ლიგაში თქვენი ფავორიტია?

- შესაძლოა, მაგრამ მე ცოტას მოვიცდიდი. ჩვენ ჯერ კიდევ გადამწყვეტ სტადიაში არ ვართ. როდესაც “რეალში” ვთამაშობდი, ჯგუფური ტურნირი ორჯერ საუცხოოდ გავიარეთ, რის შემდეგ 1/8-ფინალის ჯერ მოდიოდა და შემდეგ მომავალ სეზონამდე მოცდა გვიწევდა.

- მადრიდულ კლუბში თქვენი მემკვიდრე მესუტ იოზილი გახდა. სეზონის დასაწყისში მისი თამაში მოგწონთ?

- მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა. უნდა მოვიცადოთ, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ შემიძლია განვაცხადო – მან გენიალურად დაიწყო. ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. “რეალის” ამჟამინდელი შემადგენლობა უკეთესია, ვიდრე გასულ სეზონში იყო და ამიტომ, ახალწვეულებს თამაში უფრო უადვილდებათ.

- როდესაც კაკა დაბრუნდება, იოზილს რა ბედი ეწევა?

- შემიძლია საკუთარი ისტორია მოგიყვეთ – მე ყოველთვის კარგად ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც კაკა ჯანმრთელი იყო, ჩვეულებისამებრ სათადარიგოთა სკამისკენ მიმითითებდნენ ხოლმე. იოზილი კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მოურინიო წვრთნის. როგორც ვთქვი, ის კლუბის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში ძალიან პრინციპული მწვრთნელია.

- თუ თქვენი მთავარი ფავორიტი “რეალი” არაა, მაშინ – ვინ?

- ჩემთვის ეს “ბარსელონაა”.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით