"ATP პეკინის" ფინალში ერთმანეთს კირგიოსი და ნადალი დაუპირისპირდებიან

8-10-2017, 12:17

დღეს “ATP პეკინის” ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდება ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს.

ესპანელ ნადალს შეუძლია მიმდინარე სეზონში მე-6 ტიტული მოიგოს. მან ½ ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა ანგარიშით 6-3, 4-6, 6-1.

მსოფლიოს ნომერ მე-8 ჩოგანმა გრიგორ დიმიტროვმა ნადალთან მეორე სეტის მოგება მოახერხა, მაგრამ 31 წლის ესპანელმა 3-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის ჩაწოდება გადამწყვეტ სეტში და შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

კირგიოსი ½ ფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და საკუთარ მოწოდებაზე გეიმი არც კი წაუგია. მან გერმანელი 6-3, 7-5 ანგარიშით დაამარცხა.

ნადალის დამარცხება წელს ბევრმა ვერ შეძლო. 22 წლის არაპროგნოზირებადმა ჩოგბურთელმა წელს ეს მოახერხა. მან ესპანელი „ცინცინატის მასტერსის“ ¼ ფინალში დაამარცხა.

კირგიოსს ზვერევის დამაჯერებლად დამარცხებით შანსი მიეცა კიდევ ერთხელ სძლიოს მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს.

ნადალი და კირგიოსი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდებიან. პირველად ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2014 წლის „უიმბლდონზე“, სადაც კირგიოსმა 4 სეტში მოუგო ნადალს. 2 წლის შემდგომ 2016 წლის „რომის მასტერსზე“ ნადალმა 3 სეტში დაამარცხა ავსტრალიელი. წელს ნადალმა „მადრიდის მასტერსზე“ მარტივად მოუგო ნიკს, თუმცა უკანასკნელი შეხვედრა ავსტრალიელის სასარგებლოდ დასრულდა - მან მარტივად დაამარცხა რაფა 2 სეტში, ანგარიშით 6-2, 7-5.

ბუკმეიკერების აზრით, ნადალი მცირე ფავორიტია.

შეხვედრა თბილისის დროით 15:30 სთ-ზე დაიწყება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით