კლასიკის მოლოდინში: ATP "ბაზელის" ფინალში ფედერერი დელ პოტროს დაუპირისპირდება

კლასიკის მოლოდინში: ATP

29-10-2017, 13:49

როჯერ ფედერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო წელს ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. ერთმანეთის წინააღმდეგ მათ ითამაშეს საწყის ეტაპზე, 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში, ახლა კი "ATP ბაზელის" ფინალში იბრძოლებენ. ტურნირი 500 ქულიანია და დარბაზში ტარდება.

დამსწრე საზოგადოება როჯერის მხარეს იქნება. ფედერერი მატჩში უპირობო ფავორიტია. მას 17-ჯერ ჰყავს დელ პოტრო დამარცხებული და თავად კი არგენტინელთან 6 მარცხი იწვნია. მიმდინარე სეზონში 2-ჯერ დაამარცხა არგენტინელი და თავად კი "ამერიკის ღია პირველობაზე" დამარცხდა. ფედერერმა დელ პოტრო "ATP მაიამის" მესამე წრეში დაამარცხა ანგარიშით 6-3, 6-4. მან ასევე სძლია მეტოქეს "ATP შანხაის" 1/2 ფინალში, ანგარიშით 3-6, 6-3, 6-3. ამისდა მიუხედავად, ფედერერი კარგად იცნობს დელ პოტროს შესაძლებლობებს. არგენტინელმა ფედერერი 2009 წლის "ამერიკის ღია პირველობაზე" გამოთიშა ასპარეზობას და იგივე შეძლო ამ წელსაც. დელ პოტროს 6-ჯერ ჰყავს ფედერერი დამარცხებული და აქედან 2 გამარჯვება არგენტინელმა სწორედ "ATP ბაზელის" ფინალში მოიპოვა.

დელ პოტროსთვის "ATP ბაზელის" ფინალით ბევრი რამ წყდება. "ATP ფინალებში" მონაწილეობის ფარული შანსი მაინც რჩება არგენტინელს. თუ მან დღეს გამარჯვების მოპოვება შეძლო, გადაუსწრებს ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას და ფინალებში მონაწილე ჩოგბურთელის უკანასკნელ პოზიციას მიისაკუთრებს "ATP ლონდონის" გზაზე.

"ძალიან რთული მატჩი იქნება. როჯერ ფედერერის წინააღმდეგ მის სახლში თამაში, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა." - მოჰყავს დელ პოტროს სიტყვები "ATP"-ს. - "საოცარი ატმოსფერო შეიქმნება და დიდ სიამოვნებას მივიღებ."

ზოგი დელ პოტროს მოგებას ვარაუდობს, მაგრამ არსებობს უფრო მყარი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ფედერერი ფავორიტი. როდესაც ფედერერი თავის საუკეთესო ფორმაშია, იგი დაუმარცხებელი ხდება. ფედერერმა წელს 48 მატჩის მოგება შეძლო და 4-ჯერ დამარცხდა. მიუხედავად მცირე ჯანმრთელობის პრობლემებისა, რომელიც გამოჩნდა "ATP ტორონტოს" ფინალსა და "ამერიკის ღია პირველობაზე", ფედერერმა სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია და როგორც ჩანს არაფერი აწუხებს.

"მზად ვარ დელ პოტროს წინააღმდეგ რთული მატჩის ჩასატარებლად." - ციტირებს ფედერერის სიტყვებს "ATP". - "შანხაიში ჩემ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, შემდგომ კი სტოკჰოლმში ჩავიდა და იქ მოიგო ტურნირი."

"ახლა ისევ ფინალშია. ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაშია. შესაძლოა ცოტა დაღლილიც კი იყოს, მაგრამ ისეთი არაფერი აწუხებს, რომ კორტზე გამოსვლა და მატჩის ჩატარება ვერ შეძლოს."

ფედერერმა მიმდინარე ტურნირზე დაამარცხა ტიაფუ, პერი, მანარინო და გოფინი.

დელ პოტრომ კი სძლია სოუზას, ბენეტოს, აგუტს და ჩილიჩს.

"ATP ბაზელის" ფინალი დაიწყება თბილისის დროით 18:00 საათზე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით