როჯერ ფედერერმა კარიერაში 95-ე ტიტული მოიგო

როჯერ ფედერერმა კარიერაში 95-ე ტიტული მოიგო

30-10-2017, 16:09

როჯერ ფედერერმა გასულ წელს თავის მშობლიურ მხარეში ტურნირი ვერ ითამაშა, მაგრამ წელს "ATP ბაზელის" დარბაზის ტურნირზე გულშემატკივრების ყველანაირი მოლოდინი გაამართლა.

კვირას, შვეიცარელმა ვარსკვლავმა "ATP ბაზელის" მე-8 ტიტულის მოგება შეძლო. მან ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-7(5), 6-4, 6-3. დაპირისპირება 2 საათისა 33 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფედერერმა წელს მე-7 ტიტული მოიგო, რაც "ATP მსოფლიო ტურის" სტანდარტების მიხედვით, საოცარი მიღწევაა.

"ვფიქრობ, რომ დელ პოტრო და მე გრძელი სეზონის შემდგომ საკმაოდ დავიღალეთ. ის უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა, რაც წარმატებით ასპარეზობს. ფინალშიც ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო," განაცხადა ფედერერმა. "დამსწრე საზოგადოებამ თამაშის ყურებით დიდი სიამოვნება მიიღო. ჩოგბურთის წესები სამწუხაროდ ისეთია, რომ შეხვედრის ბოლოს აუცილებლად ერთი გამარჯვებულია. მივიჩნევ, რომ ჩატარებული კვირით ორივენი კმაყოფილი უნდა ვიყოთ."

აი, რა უთხრა დელ პოტრომ ფედერერს მატჩის შემდგომ: "ამ წელს საოცარ ჩოგბურთს აჩვენებ. უბრალოდ დაუჯერებელ ფორმაში ხარ. ერთადერთი რასაც ვინატრებდი ისაა, რომ შენ ასაკში ასე კარგად შემეძლოს თამაში, მაგრამ ეს მართლაც მეეჭვება."

ფედერერმა კარიერაში 95-ე ტიტული მოიპოვა და ახლა უკვე ივან ლენდლსაც გაუსწრო. იგი მხოლოდ ჯიმი კონორსს ჩამორჩება. ამ უკანასკნელს 109 ერთეულთა თანრიგის ტიტული აქვს მოგებული. როჯერ ფედერერს ახლა უკვე 3 ტურნირზე აქვს მოპოვებული 8 ან მეტი ჯილდო. ესენია: "ATP ჰალე" - 9 ტიტული, "ATP ბაზელი" - 8 ტიტული და "უიმბლდონი" - 8 ტიტული.

წლევანდელი წელი ფედერერმა "ATP" რეიტინგში 16-ე პოზიციიდან დაიწყო, ახლა კი მე-2 ადგილზე იმყოფება.

ფედერერმაც არ დაიშურა კარგი სიტყვები დელ პოტროს მიმართ: "ამერიკის ღია პირველობის შემდგომ, ძალიან კარგ ფორმაში იმყოფები. ყოველ კვირას უფრო და უფრო კარგად თამაშობს. ეს სწორედ ისაა, რაც მინდა რომ მეც შევძლო. წარმატებებს გისურვებ პარიზის "მასტერსზე" და იმედს ვიტოვებ, რომ ერთმანეთს ლონდონშიც შევხვდებით."

შვეიცარელს ახლა უკვე 18-ჯერ ჰყავს არგენტინელი დამარცხებული. დელ პოტრომ კი როჯერს 6-ჯერ სძლია. უკანასკნელ 6 მატჩში სწორედ ფედერერმა შეძლო გამარჯვების მოპოვება.

"ემოციური მატჩი იყო, თუმცა გულშემატკივართათვის საკმაოდ სანახაობრივი." დასძინა შვეიცარელმა ჩოგბურთელმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით