სერბული ზღაპარი გრძელდება: კრაინოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალშია

სერბული ზღაპარი გრძელდება: კრაინოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალშია

5-11-2017, 00:04

შაბათს, კვალიფიკაციიდან გასულმა სერბმა ჩოგბურთელმა ფილიპ კრაინოვიჩმა პარიზის მასტერსის 1/2 ფინალში ჯონ ისნერი დაამარცხა ანგარიშით 6-4, 6-7(2), 7-6(5). ისნერი ტურნირზე მე-9 ნომრად იყო განთესილი.

25 წლის სერბმა პირველივე მატჩ-პოინტი გამოიყენა და გამარჯვების ნიშნად კორტზე დაეცა. მან ვერც ცრემლები შეიკავა. კრაინოვიჩმა ხელები ზეცისკენ აღმართა, მუხლი მოიდრიკა და კორტს აკოცა. ეს ყველაფერი კი იმ დაუჯერებელი სიხარულის ფონზე, რაც ჩოგბურთელმა ნამდვილად დაიმსახურა.

ჯონ ისნერისთვის ეს მარცხი ნიშნავს იმას, რომ იგი "ATP ლონდონის" ფინალებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

"ძალიან გულგატეხილი და გაწბილებული ვარ. პარიზში შანსი მქონდა, რომ მიმეღწია იმისთვის, რაც არასდროს გამიკეთებია." - განაცხადა ისნერმა, რომელიც ასევე იმედოვნებდა პირველ ათეულში ადგილის დამკვიდრებას.

გასულ წელს ისნერი პარიზის მასტერსის ფინალში ასპარეზობდა. მან ვერც წინა წელს შეძლო ტიტულის მოგება და წლევანდელი წელიც არ ყოფილა ამ მხრივ მისთვის წარმატებული.

"ტურნირების მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, განსაკუთრებით მასტერსებზე. უბრალოდ საკმარისი ვერ გავაკეთე." - დასძინა ამერიკელმა. - "ეს მარცხი საკმაოდ დიდი გულისტკივილის მომტანია, რადგან ვიცოდი, რომ 1/2 ფინალებში ყველაზე მაღალ პოზიციაზე ვიყავი განთესილი."

2003 წლის პარიზის მასტერსზე მსოფლიოს 191-ე ჩოგანი ანდრეი პაველი ფინალში ასპარეზობდა. აღნიშნული თარიღის შემდგომ, კრაინოვიჩი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელია, ვინც მიღწევა გაიმეორა.

მსოფლიოს 77-ე ჩოგანს - ფილიპ კრაინოვიჩს ჩემპიონატამდე "ATP" ტურში საერთო ჯამში მხოლოდ 17 მატჩი ჰქონდა მოგებული. მასტერსის დაწყებამდე მას მაჯის ტრავმა აწუხებდა.

იგი შეეცდება კარიერაში პირველი ტიტულის მოგებას და მე-16 ნომრად განთესილ ჯეკ სოკს დაუპირისპირდება. არც სოკს არ აქვს მოგებული მასტერსის ტიტული. წარმატების შემთხვევაში ამერიკელი შემაჯამებელ ტურნირზე შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
კრაინოვიჩი კორტზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე მისი მოწინააღმდეგე ისნერი.

2012 წელს პარიზის მასტერსის ფინალში იეჟი იანოვიჩი კვალიფიკაციიდან გავიდა. ეს მიღწევაც კრაინოვიჩმა დღეს გაიმეორა.
შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ კრაინოვიჩი 1/4 ფინალში რაფაელ ნადალს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ესპანელმა მუხლის ტრავმის გამო ვეღარ შეძლო კორტზე გამოსვლა.

"ეს საუკეთესო დღეა ჩემ ცხოვრებაში" - ასე შეაფასა ფილიპ კრაინოვიჩმა მისი დღევანდელი გამარჯვება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით