მილოს რაონიჩისა და კეი ნიშიკორის სამომავლო გეგმები ცნობილია

მილოს რაონიჩისა და კეი ნიშიკორის სამომავლო გეგმები ცნობილია

14-11-2017, 17:59

2016 წლის „ATP ბრისბენის“ ყოფილი ჩემპიონი მილოს რაონიჩი და მიმდინარე წლის ტურნირის ფინალისტი კეი ნიშიკორი “ATP“ ტურში დაბრუნებას სწორედ მომავალი წლის „ბრისბენის“ ტურნირზე გეგმავენ. გუშინ, ორშაბათს, ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია.

კანადელმა მილოს რაონიჩმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ნომერ მე-3 ჩოგანი გახლდათ, 2016 წლის „ბრისბენის“ ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. რაონიჩი ახლა 24-ე პოზიციაზე იმყოფება “ATP” რეიტინგში. „ავსტრალიის ღია პირველობამდე“ იგი თავის ძალებს „ბრისბენში“ უკვე მეოთხედ მოსინჯავს.

„ავსტრალიის ღია პირველობისათვის“ მოსამზადებლად, „ბრისბენი“ საუკეთესო სტარტია. ბრისბენში არსებული პირობები ძალიან ჰგავს მელბურნისას. სეზონის დაწყება აღნიშნულ ტურნირზე ვფიქრობ, რომ კარგი არჩევანია. მასში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.“ - განაცხადა მილოს რაონიჩმა.

იაპონელი კეი ნიშიკორი ამჟამად “ATP” რეიტინგში 22-ე პოზიციას იკავებს. იგი მერვედ მიიღებს „ბრისბენის“ ტურნირში მონაწილეობას. შეჯიბრება 1 იანვარს აიღებს სტარტს.

მიმდინარე წლის ფინალში, ნიშიკორი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა. იაპონელს 2018 წელს უკეთესად სურს ასპარეზობა.

„ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ფინალში გასვლას, მაგრამ ჩემი მიზანი ტურნირის მოგებაა. „ბრისბენი“ წლის პირველი ტურნირია, ასე რომ, შევეცდები მაქსიმალურად კარგად ვითამაშო.“ - აცხადებს იაპონელი.

რაონიჩსა და ნიშიკორის საკმაოდ რთული მოწინააღმდეგების რიგებში მოუწევთ ასპარეზობა. ტურნირზე მონაწილეობის მიღებას აპირებს რაფაელ ნადალი, ენდი მარი, ნიკ კირგიოსი და მოქმედი ჩემპიონი გრიგორ დიმიტროვი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით