როჯერ ფედერერი ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

როჯერ ფედერერი ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის 1/2  ფინალში გავიდა

15-11-2017, 11:29

“ATP ლონდონის“ შემაჯამებელ ტურნირზე, სამშაბათს, ღამის სესიაზე, როჯერ ფედერერმა ალექსანდრ ზვერევი 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 7-6(6), 5-7, 6-1. შვეიცარელმა მარჯვნიდან ძლიერი დარტყმების და ეისების გარდა, საკმაოდ ვარირებული თამაში გვიჩვენა და კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ სწორედ კრეატიულობაა წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი.

ფედერერი ჩამოკლებული ბურთებითა და მოჭრილი დარტყმებით ზვერევს კორტზე სწრაფ გადაადგილებას აიძულებდა. ამას გარდა, შვეიცარელი 20 წლის ჩოგბურთელს ძლიერადაც უტევდა. ზვერევს წინა შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა როჯერი, ასე რომ შვეიცარელს ტაქტიკური ცვლილებების გამოყენება დასჭირდა.

„ვფიქრობ, რომ მატჩის მსვლელობას კარგად ვგრძნობდი, შემუშავებული გეგმის გზიდან არ გადამიხვევია, მოჭრილ დარტყმებს ეფექტურად ვიყენებდი, შემდგომ ვარირებულად ვთამაშობდი და მას მარჯვენა მხარეს ვეთამაშებოდი.“ - განაცხადა ფედერერმა.

ლონდონში 36 წლის ფედერერმა 2 გამარჯვება უკვე მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან 15 მცდელობიდან უკვე 14-ჯერ მოახერხა „ATP ლონდონის“ შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გასვლა.

„ძალიან მიხარია... საკმაოდ რთულ ჯგუფში მომიწია თამაში და ორი მატჩის მოგება უკვე დამაკმაყოფილებელია.“ თქვა ფედერერმა. „მაგრამ დღევანდელი მატჩი რთული იყო. ჯერ ტურნირი არ დასრულებულა, რეალურად ახლა იწყება. ამგვარი მატჩების თამაში ჩემთვის სასარგებლოა. მე დავამოწმე, რომ შემიძლია რთულ მომენტებში მაღალი დონის ჩოგბურთის თამაში და რომ შემიძლია რთული მატჩიდან გამოსავლის მონახვა. უნდა შეძლო ნაბიჯ-ნაბიჯ ქულების მოგება და ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე. მე-3 სეტში უკეთ დავიწყე თამაში. დასაწყისიდან უკანასკნელ ბურთამდე უდავოდ ძნელი მატჩი იყო.“

„დღევანდელ დაპირისპირებას მხოლოდ დადებითად ვუყურებ.“ განაცხადა ზვერევმა. „ჯერ კიდევ მაქვს შანსი, რომ 1/2 ფინალში გავიდე. ახლა ჯეკ სოკს ვეთამაშები. თუ ამ დონეზე ვითამაშე, არ ვიცი რა მოხდება, ალბათ "ვიკენდზეც" შევხვდებით.“

ფედერერს ახლა უკვე ზედიზედ 12 მატჩი აქვს მოგებული. მან „შანხაის მასტერსზე“ ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, შვეიცარიაში - „ბაზელის“ ტურნირზე კი დელ პოტროს სძლია. ამ გამარჯვებებში მოიაზრება დარბაზში მოპოვებული 7 მოგებაც, მათ შორის გამარჯვება, რომელიც შვეიცარელმა ლონდონის პირველ მატჩში ჯეკ სოკთან მოიპოვა.

ფედერერსა და ზვერევს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 3-3 გახდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით