რას აბრალებენ ჯოკოვიჩს და რას პასუხობს სერბი ჩოგბურთელი ?

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 20-იან, 17:389 GioToServe 1233 0






რას აბრალებენ ჯოკოვიჩს და რას პასუხობს სერბი ჩოგბურთელი ?


რამდენიმე დღის წინ, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა იმის თაობაზე, რომ დაბალი საპრიზო თანხების გამო, თითქოსდა „ATP”-ის წამყვანი ჩოგბურთელები „დიდი სლემის“ ტურნირებს ბოიკოტს უცხადებდნენ. ამასთან, ჯოკოვიჩმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ დაწყებამდე, მოთამაშეებმა 1 საათიანი დახურული შეხვედრა გამართებს, სადაც „ATP” ტურში არსებული პრობლემები და რელევანტური საკითხები განიხილეს.

ჯოკოვიჩი „ATP-ის ჩოგბურთელთა საბჭოს“ პრეზიდენტია, მაგრამ მას არ უსაუბრია იმ თემებთან დაკავშირებით, რაც კრებაზე იქნა განხილული. მასმედიის ინფორმაციით, ჯოკოვიჩმა ჩოგბურთელთა კავშირს მოუწოდა, რომ მათ ერთად ემოქმედათ და საერთო წნეხის განხორციელებით, „ATP“-ის ტურნირები ეიძულებინათ, რომ არსებული საპრიზო გაეზარდათ, რაც ბუნებრივია, თავად ჩოგბურთელთა შემოსავალსაც და წილსაც გაზრდიდა. სერბმა ჩოგბურთელმა აღნიშნული შეხედულება კატეგორიულად უარყო და ამგვარი რამ განაცხადა:

„მე ძალიან კარგად ვამჩნევ და ვხედავ, თუ როგორ ცდილობთ თქვენ - მედია ჩემ წარმოჩენას, სულ სხვა კუთხით მხატავთ. თქვენ დამახასიათეთ როგორც ძუნწი და ფულის სიყვარულით შეპყრობილი პიროვნება, რომელიც კიდევ უფრო მეტ თანხას ითხოვს და ამის ფონზე სხვებსაც ბოიკოტისაკენ მოუწოდებს.“ - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველ წრეში დონალდ იანგის დამარცხების შემდგომ, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. – „თქვენ ისიც კი არ იცით, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განგვეხილა კონკრეტული საკითხები. ეს ყველა ჩოგბურთელს სურდა და მოთამაშეებს გვაქვს ამის უფლება. ნუთუ ამაში რაიმე არაჯანსაღი მოიძებნება? მე ასე არ ვფიქრობ.“.

მოთამაშეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა ესაუბრა კრებაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით, თუმცაღა, კევინ ანდერსონმა, რომელიც „ჩოგბურთელთა საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტია, ბრიტანულ მედიას ორშაბათს განუცხადა, რომ გამართულ შეხვედრაზე საპრიზო თანხის ირგვლივაც იმსჯელეს.

მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმა განაცხადა, რომ კრებაზე ყველაზე მეტად სწორედ ჯოკოვიჩი აქტიურობდა და ის ყველაზე მეტს საუბრობდა.

შეხვედრას 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ მოასპარეზე ყველა წამყვანი ჩოგბურთელი ესწრებოდა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მე არანაირი პოზიცია არ გამაჩნია, რადგან ზოგადად, ამგვარი რამ პირველად გაჟღერდა.“ - განაცხადა ზვერევმა - „ყველა მას უსმენდა, ეს იყო და ეს.“

„Daily Mail Newspaper”, რომელმაც ორშაბათს პირველად განავრცო ინფორმაცია კრების ჩატარების შესახებ, ამტკიცებდა, რომ ჯოკოვიჩმა ყველას, ვინც არ იყო ჩოგბურთელი, ოთახის დატოვება მოსთხოვა და პლატფორმიდან ხანგრძლივი სიტყვით გამოვიდა. მან ოთახში მსხდომთ „მოთამაშეთა ერთიანი კავშირის“ შექმნისაკენ მოუწოდა და ამ პროცესში სერბს ავსტრალიელი ადვოკატიც თან ახლდა.

სამშაბათს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზემოაღნიშნული ეჭვებიც გაფანტა და საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრას არც ადვოკატი არ ესწრებოდა და კრებაზე არც საპრიზო თანხის უცვლელობის გამო არ იგეგმებოდა ბოიკოტის მოწყობა.

„კარგად მესმის ის გარემოებაც, რომ თქვენ გსურთ მომხდარის გაზვიადება და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაწევა, უფრო მეტის თქმა იმაზე, რაც რეალურად მოხდა.“ - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც იდაყვის ტრავმის გამო აღებული 6 თვიანი პაუზის შემდგომ, ასპარეზობას ახლახანს დაუბრუნდა. – „რაღა თქმა უნდა, თქვენ „ჩოგბურთელთა კავშირის“ შექმნა გაქვთ მხედველობაში და ბოიკოტს გულისხმობთ, რასაც როგორც თქვენვე მიიჩნევთ, რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა სდევდეს თან. გგონიათ, რომ დამსახურების მიხედვით, კიდევ უფრო მეტი ფინანსური კომპენსაციის მიღება გვწადია. მაგრამ ეს ის საკითხებია, რასთან დაკავშირებითაც, შეხვედრაზე არაფერი გაჟღერებულა და არავის არაფერი უთქვამს, ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია." - ციტირებს მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგნის ნოვაკ ჯოკოვიჩის სიტყვებს "ESPORT.GE".

მიმდინარე წელს, „ავსტრალიის ღია პირველობის“ საერთო საპრიზო თანხამ 55 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეადგინა, რაც 42 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება. 2017 წლის შემდგომ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 10%-იანი ზრდა განიცადა. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა შორის გამარჯვებული ჩოგბურთელი სახლში 4 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ანუ 3 მილიონ ა.შ.შ. დოლარს წაიღებს. პირველ წრეში დამარცხებულ ჩოგბურთელებს კი 60 ავსტრალიური დოლარი ანუ 45,700 ა.შ.შ. დოლარი ერგებათ.

მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები „დიდი სლემის“ ტურნირებზე სერიოზულ თანხებს გამოიმუშავებენ, მაგრამ ის ჩოგბურთელები, რომლებიც პირველი 100-ეულის მიღმა იმყოფებიან და ძირითადად „ჩელენჯერის“ ტურნირებზე ასპარეზობენ, ავტომატურად ვერ კვალიფიცირდებიან „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ფინანსურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან.

6 წლის წინ, „ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს“ პრეზიდენტი როჯერ ფედერერი გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში, წამყვანმა მამაკაცმა ჩოგბურთელებმა „დიდი სლემის“ ტურნირებს საპრიზო თანხის რადიკალურად გაზრდა მოსთხოვეს და პასუხმაც არ დააყოვნა. 2013 წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ საერთო საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად პირველ წრეში დამარცხებულ ჩოგბურთელებზე აისახა დადებითად. პირველ წრეში წაგებული ჩოგბურთელები ავტომატურად გამოიმუშავებდნენ 27,600 ავსტრალიურ დოლარს, რაც წინა წელთან შედარებით, 32%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.

მართალია, „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ მონაწილე ჩოგბურთელებმა „მოთამაშეთა კავშირის“ შექმნის იდეა უარყვეს ან აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უთქვამთ, მაგრამ სპორტთან ახლოს მყოფმა სხვა პიროვნებებმა თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელში მკაფიოდ დააფიქსირეს. მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა განაცხადა: „ეს ძალიან კარგი იდეაა და უკვე დიდი ხანია, რაც უნდა განხორციელებულიყო.“ ენდი მარის დედაც დაეთანხმა ამ მოსაზრებას და თქვა: „აბსოლუტურად გეთანხმები.“

“რას იტყვით "საერთო კავშირის" შექმნის იდეის შესახებ, სადაც მამაკაცები და ქალები გაერთიანდებიან ? ეს მოთამაშეების სურვილსა და მოსაზრებებს კიდევ უფრო მეტ მაგნიტუდასა და ავტორიტეტს შესძენს და „ATP/WTA“ ტურნირები, ისევე როგორც „სლემები“, უფრო მეტად გაითვალისწინებენ ჩვენ პოზიციას.“ - განაცხადა ჯუდი მარიმ სოციალურ ქსელში.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ საპრიზო თანხებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, სპორტი სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი და დასახვეწი.

„მართალია, მე საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდისგან საკმაოდ შორს ვიმყოფები.“ - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა. - „უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ ამ კრებას განვეკუთვნები და გარკვეული წვლილი შემიძლია შევიტანო ჩოგბურთის უკეთეს სპორტად ჩამოყალიბებაში, როგორც დღეს, ასევე მომავალში."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018