სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი
როჯერ ფედერერი 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში იასპარეზებს

როჯერ ფედერერი 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში იასპარეზებს


„ავსტრალიის ღია პირველობის“ მე-6 ტიტულის აღმართვისგან, როჯერ ფედერერს ერთი ნაბიჯი აშორებს. შვეიცარელს „დიდი სლემის“ მე-20 ტურნირის მოგების შანსი აქვს.

„მელბურნ პარკში“, შვეიცარელმა სუპერვარსკვლავმა „დიდი სლემის“ 30-ე ფინალის საგზური მოიპოვა. დღეს, „როდ ლეივერის“ არენაზე, იგი სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩუნგს დაუპირისპირდა. 21 წლის ჩოგბურთელის წინააღმდეგ, ფედერერი 6-1, 5-2 ანგარიშით იგებდა, მაგრამ ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულმა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.

„პირველი სეტი ნორმალურად ჩავატარე,“ განუცხადა კორტზე მიცემულ ინტერვიუში როჯერ ფედერერმა ჯიმ კურიეს. „არ ვიცოდი თუ რა აწუხებდა ჩემ მოწინააღმდეგეს. მეორე სეტში ვგრძნობდი, რომ საგრძნობლად შენელდა. ახლა გავიგე, რომ ფეხზე ბებერა ჰქონია. ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულია. რაღაც მომენტში მეტის ატანა აღარც შეგიძლია და ამდენი მოძრაობით შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაირთულო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ფინალში შევძელი გასვლა, მაგრამ ასეთი ფორმით არ მინდოდა. მან ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა.“

„დღეს, მთავარი პრობლემა უშუალოდ ბრძოლისუნარიანობაში გამოიხატა. დაახლოებით ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე არ ჰქონდა, მაგრამ კორტზე ის ძალიან მშვიდი და კონცენტრირებულია. ის ნამდვილად გაიბრწყინებს და პირველ ათეულშიც შევა, დარწმუნებული ვარ. ახლა ვხვდები, რატომაც დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და საშა ზვერევი. ის დიდებული, დიდებული მოთამაშე იქნება.“ - ციტირებს „ESPORT.GE” როჯერ ფედერერის სიტყვებს.

კვირას, „ავსტრალიის ღია პირველობის“ ფინალში, 36 წლის ფედერერი მე-6 ნომრად განთესილ ხორვატს მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება. როჯერი აღნიშნული „დიდი სლემის“ ფინალში მე-7 შეხვედრას გამართავს. აქამდე მან 5 მატჩის მოგება შეძლო, თავად კი ერთხელ დამარცხდა.

ფედერერი და ჩილიჩი ერთმანეთს 2017 წლის „უიმბლდონის“ ფინალშიც შეხვდნენ, სადაც ფედერერმა არცთუ სახარბიელო ფიზიკურ ფორმაში მყოფ ხორვატს დამაჯერებლად მოუგო.

ჩოგბურთელებს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 8-1 გახლავთ, მაგრამ 2014 წლის „ამერიკის ღია პირველობის“ 1/2 ფინალში, ჩილიჩმა ფედერერი 3 სეტში გაანადგურა, ანგარიშით 6-3, 6-4, 6-4. ასე რომ, წინ კიდევ ერთი შეუპავარი ბრძოლა გველის.










კომენტარის დამატება