სიახლეები / NBA
,,გოლდენ სტეიტმა" ზაზას გარეშე იმარჯვა

დღეს დილით გაიმართა მორიგი ტურის მატჩები, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამორჩეული გახლდათ. ტურის ცენტრალური შეხვედრა უდაოდ ,,ოკლაჰომა" - ,,ჰიუსტონის" დაპირისპირება შეგვიძლია მივიჩნიოთ და თავდაპირველად სწორედ ამ მატჩს მიმოვიხილავთ.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა შემტევი და სანახაობრივი კალათბურთი ითამაშეს. ორივე გუნდი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა დაცვას და აქცენტს შეტევაზე აკეთებდა. საბოლოოდ გულშემატკივარმა 232 ქულა იხილა. წყვილში ფავორიტი ,,ჰიუსტონი" გახლდათ და სტუმრებმაც ეს სტატუსი გაამართლეს. მათ ეს მატჩი 122-112 მოიგეს და ლიდერობა შეინარჩუნეს.

მასპინძელთაგან გამორჩეული რასელ ვესტბრუკი გახლდათ. მან 32 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა კარმელო ენტონიმ. მან 23 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. რაც შეეხება გუნდის მესამე ვარსკვლავს პოლ ჯორჯს, იგი 17 ქულას, 4 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემას და 4 ჩაჭრას დასჯერდა.

სტუმართა მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი კრის პოლი გახლდათ. მან 25 ქულა 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი შედარებით მოკრძალებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მონაგარი 23 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა იყო.

საინტერესო გამოდგა ასევე ლოს-ანჯელესში გამართული მატჩი, სადაც ,,კლიპერსმა" ,,ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და უხვ ქულიან შეხვედრაში 116-121 დამარცხდა.

კვლავინდებურად ბრწყინვალედ გამოიყურება სტუმართა სუპერვარსკვლავი და ლიდერი ენტონი დევისი. მან 37 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდს 41 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შემატა. ასევე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა მისმა თანაგუნდელმა ჰოლიდეიმ. მან 19 ქულა, 4 მოხსნა და 17! შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს.

მასპინძელთა მხრიდან გამორჩეულნ უილიამსი და ჰარისი გახლდნენ 27-27 ქულით. საინტერესოა რომ ქულებთან ერთად, ორივეს კიდევ ერთი თანაბარი 11-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ოღონდ უილიამსმა 11 შედეგიანი გადაცენა დააგროვა, ხოლო ჰარისმა 11 მოხსნა. 26 ქულა ჰერელმა მოიპოვა.

სენსაციურად დამარცხდა ,,დალასთან" გასვლით შეხვედრაში ,,დენვერი" 118-107. შეხვედრაში ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 38-23 მოიგეს და ამის შემდეგ უკვე აღარს გასჭირვებიათ მატჩის მოგება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა ,,ტორონტომ". კანადელებმა ამჯერად საშინაო არენაზე ,,ატლანტა" დაამარცხეს 106-90. მატჩში ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 17 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

რაც შეეხება ჩვენი მიმოხილვის ბოლო მატჩს, ,,გოლდენს სტეიტმა" საშინაო არენაზე ,,ბრუკლინი" დაამარცხა 114-101. მასპინძლებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 35-19 მოიგეს. თუ გუნდების კლასს შორის სხვაობას გავითვალისწინებთ ეს სხვაობა მატჩის უპრობლემოდ მოგებას ნიშნავდა, მაგრამ მეორე პერიოდში მოქმედ ჩემპიონებს კოშმარად ექცათ, რადგან მათ ეს მეოთხედი საშინლად ჩაატარეს და მხოლოდ 13 ქულის ჩაგდება მოახერხეს, როდესაც სანაცვლოდ საკუთარ კალათში 34 ქულა მიიღეს. შესაბამისად მოულოდნელად სტუმრები დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდში მასპინძლები გამოფხიზლხდნენ და მეოთხედი 38-27 მოიგეს. ბოლო პერიოდში კი ,,გოლდენ სტეიტმა" სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ 13 ქულიანი უპირატესობით იმარჯვა.

მასპინძელთაგან ტრადიციულად გამორჩეული გახლდათ სტეფ კარი. მან გუნდს 34 ქულა შემატა. მოკრძალებული იყო დურანტი. კევინმა მხოლოდ 19 ქულა დააგროვა, კლეი ტომპსონმა 18, ხოლო გრინმა 16.

მატჩი მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას. მისმა კონკურენტმა მაკგიმ კი გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა.












კომენტარის დამატება