სიახლეები / NBA
ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი თამაში ,,ლეიკერსთან"

დღეს დილით მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ,,ბოსტონსა" და ,,ვაშინგტონს" შორის. მასპინძლებმა ბოლო 5 შეხვედრაში მე-3 მარცხი განიცადეს და კონფერენციის ლიდერ ტორონტოს კიდევ უფრო ჩამორჩნენ. გუნდებს ორი ოვერტაიმი დასჭირდათ გამარჯვებულის გამოსავლენად. საბოლოოდ ვაშინგტონელებმა 125-124 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები კაირი ირვინგის, მარკუს სმერტის და ალ ჰორფორდის გარეშე ასპარეზობდნენ.

საშინაო არენაზე მოულოდნელად გაიმარჯვა ,,საკრამენტომ". მათი მეტოქე ამჯერად ,,მაიამი" გახლდათ და ამ დაპირისპირებაშიც ოვერტაიმი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.

ბოლო 15 მატჩში მე-3 გამარჯვება იზეიმა ,,ორლანდომ", მათ ამჯერად საშინაო არენაზე ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფი ,,მილოუკი" დაამარცხეს.

დღის ბოლო შეხვედრას კი მოქმედმა ჩემპიონებმა უმასპინძლეს. ,,გოლდენ სტეიტი" საშინაო არენაზე ბოლო დროს ფორმაში შესულ ,,ლეიკერსს" დაუპირსპირდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სერიოზული დანაკლისით ასპარეზობდნენ და გუნდს სტეფ კარისთან ერთად კლეი ტომპსონიც აკლდათ.

წინა ტურში ზაზა ფაჩულიას კარგი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვია სტივ კერის და დღევანდელ შეხვედრაში ქართველი ცენტრი უკვე სასტარტო ხუთეულში გახლდათ გამწესებული. ფაჩულიამ მწვრთნელის ნდობა 100% გაამართლა. მან პარკეტზე 23:17 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლიც მოაგროვა. ზაზამ 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა და 2 პერსონალური შენიშვნაც დაიმსახურა.

ამრიგად ,,გოლდენ სტეიტმა" უკვე ოფიციალურად გაინაღდა დასავლეთ კონფერენციის ფლეი-ოფში ასპარეზობა, ხოლო რეგულარულის ლიდერ ,,ჰიუსტონს" 2 მოგებით ჩამორჩება, მაგრამ ჩემპიონებს 1 თამაშით მეტიც აქვთ ჩატარებული. თუ დარჩენილ ტურებს გადავხედავ, ლიდერ გუნდს გაცილებით რთული კალენდარი აქვს და ამიტომ ,,გოლდენ სტეიტისთვის" დაკარგული ჯერ არაფერი არაა და თავისუფლად შეუძლია რეგულარულის პირველობისთვის ბრძოლა.












კომენტარის დამატება